გადაწყვეტილება №19828/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19828/2/2023
12 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19828/2/2023).
დავის საგანი:
1. არააქციზური მარკების დანაკლისის გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10167 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 176 281,95 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 87 362
აქციზის გადასახადი - 106
დღგ - 8 979
მიწა (არასასოფლო) - 112
მოგების გადასახადი - 63 987
საშემოსავლო გადასახადი - 14 178
ჯარიმა - 55 300
საურავი - 33 619,95
პროცედურული გარემოებები
საწარმოს ძირითადი საქმიანობაა ლიმონათის წარმოება.
აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.10.2022 წლამდე პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2022 წლის №021-123 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10167 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არააქციზური მარკების დანაკლისის გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს ძირითადი საქმიანობის მიხედვით, შეძენილი და წარმოების პროცესში გამოყენებული არააქციზური მარკების რაოდენობრივი ანალიზის შედეგად გამოვლენდა არააქციზური მარკების გარკვეული რაოდენობა (39 049), რომლის გახარჯვა არ დასტურდება დეკლარირებული ბრუნვის მიხედვით რეალიზებული სასაქონლო ერთეულების რაოდენობით. ანალიზისას ასევე გათვალისწინებულ იქნა წარმოდგენილი მონაცემები 2019 წლის დასაწყისში სმფ-ების ნაშთების შესახებ და შემოსავლების სამსახურის 24.10.2022 წ. ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ფაქტიური აღრიცხვის შედეგები.
გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტმა ჩათვალა, რომ კომპანიას აქვს დანაკლისი არააქციზური მარკის 39 049 ცალი. რაც დაიბეგრა როგორც დღგ-ით, ასევე საშემოსავლო გადასახადით. მაგრამ არსებობს ნორმატიული აქტი რომლის საფუძველზეც გონივრული დანაკლისი იყოს მიღებული აქციზური მარკის 2%. მოცემულ შემთხვევაში ეს არის 0,85%. ეს არის არააქციზური მარკა. მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს როგორც საშემოსავლო, აგრეთვე დღგ-ისგან. ბოთლების და აგრეთვე საცობების დანაკლისი არ გამოვლენილა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ მიუხედავად, არააქციზური მარკების დანაკლისისა ბოთლების და აგრეთვე საცობების დანაკლისი არ გამოვლენილა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერად გადაწყვეტილთვის შესასწავლია, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისის საკითხიც. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
2. გაცემულ თანხებზე მოგების გადასახადის დარიცხვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, რამდენჯერმე ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც საწარმო გასცემდა მსხვილ თანხებს ცალკეულ ფიზიკურ პირებზე სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებით ან მის გარეშე. რამდენიმე შემთხვევაში თანხა დაფარული არ არის შესამოწმებელი პერიოდის დასრულების მომენტისათვისაც (მათ შორის, --------- გაცემულია 82 642 ლარი 2019 წლის იანვრიდან, ხოლო --------- -210 000 ლარი 2022 წლის ივნისიდან). თანხების მოსარგებლეების მიერ საპროცენტო ანაზღაურების გადახდა არ ფიქსირდება. აღნიშნული თანხები განხილულ იქნა შესაბამის პირებზე გაცემულ უპროცენტო სესხებად, რაც ექვემდებარებოდა დაბეგვრას მოგების გადასახადით. გარდა ამისა, არადაქირავებულ პირებზე სესხის უპროცენტოდ გაცემა ჩაითვალა მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად, რაც საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. საბაზრო ფასებად აღებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები წლიური საბაზრო განაკვეთების შესახებ ფიზიკურ პირებზე ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხების მიხედვით. პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2019 წელს კომპანიამ აიღო სესხი საქართველოს ბანკიდან მიწის შესაძენად. ამავე დროს ქონდა აღებული სესხი --------- ბანკიდან, სადაც ჩადებული იყო სესხის უზრუნველსაყოფად შპს --------- ქონება. კომპანიის ქონებით უზრუნველყოფილი იყო აგრეთვე დამფუძნებლის --------- მეუღლის --------- სესხი. საქართველოს ბანკმა მოითხოვა ქონების გამოთავისუფლება --------- ბანკიდან, რადგან --------- არ ქონდა არსებული თანხა. დამფუძნებლებმა მოლაპარაკების საფუძველზე მოახდინეს --------- სესხის დაფარვა, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა უკან 15 დღის განმავლობაში. თანხა 82 642 ლარი ბანკში --------- სასესხო ანგარიშზე შეიტანა დირექტორმა ---------. მიუხედავად მრავალი სიტყვიერი მოთხოვნისა --------- თანხა არ დააბრუნა. ამიტომ არსებული თანხა არ იქნას აღიარებული როგორც სესხი. მას არ უნდა დაერიცხოს მოგების გადასახადი. ამ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მომჩივანი არ ეთანხმება აგრეთვე --------- გაცემული თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრასაც. ამ საქმეზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმო მიერ ცალკეულ ფიზიკურ პირებზე სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებით ან მის გარეშე გაცემულია თანხები, საიდანაც გარკვეულ შემთხვევაში თანხა დაფარული არ არის შესამოწმებელი პერიოდის დასრულების მომენტისათვისაც (მათ შორის, --------- გაცემულია 82 642 ლარი 2019 წლის იანვრიდან, ხოლო --------- - 210 000 ლარი 2022 წლის ივნისიდან). თანხის მოსარგებლეების მიერ საპროცენტო ანაზღაურების გადახდა არ ფიქსირდება.
მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10167 ბრძანება;
3. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით
აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული
დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არააქციზური მარკების დანაკლისის გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. გაცემულ თანხებზე მოგების გადასახადის დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს ძირითადი საქმიანობაა ლიმონათის წარმოება. შეძენილი და წარმოების პროცესში გამოყენებული არააქციზური მარკების რაოდენობრივი ანალიზის შედეგად გამოვლინდა არააქციზური მარკების გარკვეული რაოდენობა (39 049), რომლის გახარჯვა არ დასტურდება დეკლარირებული ბრუნვის მიხედვით რეალიზებული სასაქონლო ერთეულების რაოდენობით. გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
რამდენჯერმე ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც საწარმო გასცემდა მსხვილ თანხებს ცალკეულ ფიზიკურ პირებზე სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებით ან მის გარეშე. რამდენიმე შემთხვევაში თანხა დაფარული არ არის შესამოწმებელი პერიოდის დასრულების მომენტისათვისაც.თანხების მოსარგებლეების მიერ საპროცენტო ანაზღაურების გადახდა არ ფიქსირდება. აღნიშნული თანხები განხილულ იქნა შესაბამის პირებზე გაცემულ უპროცენტო სესხებად, რაც ექვემდებარებოდა დაბეგვრას მოგების გადასახადით.
არადაქირავებულ პირებზე სესხის უპროცენტოდ გაცემა ჩაითვალა მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად.პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მიუხედავად, არააქციზური მარკების დანაკლისისა ბოთლების და აგრეთვე საცობების დანაკლისი არ გამოვლენილა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერად გადაწყვეტილთვის შესასწავლია, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისის საკითხიც. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
73(9);159(1ა);163(1);164(1);168(1);97(1ბ,გ);982(3ზ,8);