ბრძანება N 4810

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.03.2025
№ დოკუმენტი 4810
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4810

18 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 5 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 28 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18), განიხილა შპს „------“ (ს/ნ -----) №16258/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 14 იანვრის №EL272511, №EL272512 და №EL272513 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვას ფლობს 2005 წლიდან და მას შემდეგ ბევრჯერ მოხდა საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება. შემოწმებების დროს მოწმდებოდა სანებართვო პირობები სრულად, მათ შორის სიტუაციურ ნახაზთან შესაბამისობა და ვიდეოჩამწერი მოწყობილობების მუშაობა, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა შეუსაბამობა. მომჩივნის მოსაზრებით, გაუგებარია ახლა რატომ გამოვლინდა შეუსაბამობა სიტუაციურ ნახაზთან და ვიდეოჩამწერი მოწყობილობების განლაგება/მუშაობასთან დაკავშირებით, როცა ტერმინალის ფუნქციონირების დღიდან არსებობდა შემოწმების აქტში მოხსენიებული სარდაფები და არც ვიდეოჩამწერი საშუალებების განლაგება არ შეცვლილა.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-7, მე-9 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ სადავო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია ერთი და იმავე სამართალდარღვევის გამო, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2024 წლის 16 დეკემბრის №26411 ბრძანების საფუძველზე, 2024 წლის 17 და 18 დეკემბერს განხორციელდა აეროპორტის დასახლებაში მდებარე, შპს ------ (ს/ნ ------) კუთვნილი საბაჟო საწყობისთვის (-------) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციისა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ:

რეალურად არსებული მონაცემები არ ემთხვეოდა საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობანაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილ დეტალურ სიტუაციურ გეგმაზე (ნახაზი) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილ მონაცემებს, კერძოდ:

საბაჟო საწყობის №23 დახურული ტიპის სათავსში არის კარი, რომელიც გადის ნახევარსარდაფში (საერთო ჯამში 4 ოთახი), რომელიც არ არის დატანილი ნახაზზე;

საბაჟო საწყობის №2 და №3 დახურული ტიპის სათავსის ქვეშ არის სარდაფები, რომელიც ასევე არ არის დატანილი ნახაზზე;

საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ ფიქსირდება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილები (№2, №8 და №23 სათავსებთან, საფოსტო გზავნილების სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვის პროცესი).

საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების დასახელებულ ადგილებთან/სათავსებთან განთავსებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობები არ იძლევა იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის (სანომრე ნიშანი) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას (დღე-ღამის განმავლობაში), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა „შპს „------“ (ს/ნ -------) საბაჟო საწყობისთვის (--------) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტი“ №------

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილი ქმედებებით შპს „------“ (ს/ნ -------) მხრიდან ადგილი ჰქონდა სანებართვო პირობების დარღვევას, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 14 იანვარს შედგენილი №EL272511, №EL272512 და №EL272512 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შპს „-------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის და სანქციის სახით თითოეული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანებართვო პირობებს წარმოადგენს კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემის წარდგენა.

ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ავალდებულებს:

დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;

საბაჟო საწყობის, აგრეთვე მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელი და გასასვლელი აღჭურვილი ჰქონდეს გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით. გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უწყვეტად უნდა ფიქსირდებოდეს (უნდა იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში) ნებართვის მფლობელის მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობის შემთხვევაში, გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს: საბაჟო საწყობის შესასვლელში ან/და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი და საბაჟო კონტროლის ზონაში შემავალი და გამავალი – ნავთობპროდუქტების გამტარი მილსადენ(ებ)ის დამცავი (ჩამკეტი და გამშვები) მოწყობილობები;

საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის (სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომელთა შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებისა და ნახევრადმისაბმელების გარდა) დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი იმგვარად ჰქონდეს აღჭურვილი გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით, რომ აღნიშნული ადგილები უწყვეტად ფიქსირდებოდეს (იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღეღამის განმავლობაში). ამასთან, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობისაგან (მათ შორის, საყარი ან/და თხევადი საქონლის შესანახი სათავსი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა) შემდგარ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გადატვირთვის ოპერაციების რეალურად განხორციელების ადგილიდან საბაჟო საწყობის ტერიტორიამდე არსებული ტერიტორიაც ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლით.

ამავე დადგენილების მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საბაჟო კონტროლის ზონა უნდა იმყოფებოდეს ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. ამისათვის იგი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ საბაჟო ორგანოს საშუალება ჰქონდეს თვალყური ადევნოს საბაჟო კონტროლის ზონის მთელ ტერიტორიას, მიიღოს ინფორმაცია პირების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ზონის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის მიხედვით, კი რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივანი არის საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელმაც ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში არ უზრუნველყო „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-5 მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-8 მუხლის „ა“ „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულება. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებს. ამდენად, სადავო აქტებით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საჩივარში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული მთლიანი ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას და ამ ტერიტორიიდან საქონლის გატანასა და ამ ტერიტორიაზე საქონლის შეტანაზე სრული ინფორმაცია (მათ შორის, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების შესახებ) მნიშვნელოვანია საბაჟო კონტროლის ეფექტურად განხორციელებისთვის. რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაცემს, განსაკუთრებით ვიდეოჩანაწერით დამუშავებადი მონაცემებისთვის. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე (მ.შ. შესასვლელში და გასასვლელში) დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ აღიქმება ან სათანადოდ არ აღიქმება საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილი/გასატანი ან საბაჟო კონტროლის ზონაში შეტანილი/შესატანი საქონლის (მათ შორის, საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის) გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ საბაჟო ორგანოს არ მიეწოდება ინფორმაცია ასეთი სატრანსპორტო საშუალების შესახებ.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით. შესაბამისად, საბაჟო ორგანოს, როგორც ნებართვის გამცემის, მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისას სანებართვო პირობების შესრულების მდგომარეობა მოწმდება შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით და არა თითოეული სანებართვო პირობის შესრულების მდგომარეობის შემოწმებით.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ სადავო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია ერთი და იმავე სამართალდარღვევის გამო, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, საბაჟო სანქცია (ჯარიმა) დადგენილია საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისთვის. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მხრიდან დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობის რამდენიმე პირობა და შესაბამისად, ჩადენილია რამდენიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების გათვალისწინებით, მის მიმართ წარმოიშვა თითოეულ სანებართვო პირობის დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს იმის საფუძველს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მხრიდან საბაჟო სამართალდამრღვევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს კუთვნილი საბაჟო საწყობისთვის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლისას,დადგინდა, რომ რეალურად არსებული მონაცემები არ ემთხვეოდა საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობანაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილ დეტალურ სიტუაციურ გეგმაზე (ნახაზი) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილ მონაცემებს. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ ფიქსირდება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილები. ასევე არ იძლევა იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის (სანომრე ნიშანი) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას (დღე-ღამის განმავლობაში), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილი ქმედებებით შპს -ს მხრიდან ადგილი ჰქონდა სანებართვო პირობების დარღვევას, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის და სანქციის სახით თითოეული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:127(3);163(1);176(1);