N 1083-VIმს-Xმპ - 14/12/2021 - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 14.12.2021
№ დოკუმენტი 1083-VIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ც“ და „ძ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირდაპირი ფორმით ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რაც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე;

ძ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი − პირი, რომელიც ახორციელებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას;“;

ბ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ისეთი პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებს), შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე;“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ის მომსახურებები, რომელთა გაწევაც ეკრძალება საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ პირს.“.

3. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი:

„14. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური. ამ საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

 

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს არსებითი პროდუქციისა და მომსახურების ნუსხის დამტკიცება.

2. პირებმა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას, არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა უზრუნველყონ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის აღება.

 

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 თებერვლიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

 

თბილისი,14 დეკემბერი 2021 წ.

N1083-VIმს-Xმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე