N 2874-Iს - 11/12/2014 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 11.12.2014
№ დოკუმენტი 2874-Iს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება.“.

2. 182-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ახორციელებს მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებას.“.

3. 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ან საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის მომენტი.“.

4. 185-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ან საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის შემთხვევაში:

ზ.ა) მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) აქციზის, დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ ნაწილის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ზ.ბ) ზარის ხანგრძლივობის მიხედვით − საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევისას.“;

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისა) გაწევისას დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსათვის გაწეული ასეთი მომსახურებიდან მიღებული თანხა.“.

5. 188-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განაკვეთია:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხის 8 პროცენტი, გარდა ამ ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთანავე, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ყოველი შემდგომი კალენდარული წლისათვის საქართველოს პარლამენტს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად დასამტკიცებლად წარუდგინოს განსხვავებული აქციზის განაკვეთი ნული პროცენტიდან 8 პროცენტამდე ოდენობის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს შესაბამისი დადგენილებით;

ბ) საერთაშორისო ზარის საქართველოში მობილურ ქსელში დასრულების მომსახურებისათვის − ერთ წუთზე 15 თეთრი;

გ) საერთაშორისო ზარის საქართველოში ფიქსირებულ ქსელში დასრულების მომსახურებისათვის − ერთ წუთზე 8 თეთრი.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევი პირისათვის დასაბეგრი ბრუნვაა საანგარიშო პერიოდში გაწეული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების თანხების ჯამი.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

 

ქუთაისი,11 დეკემბერი 2014 წ.

N2874-Iს