გადაწყვეტილება №25542/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25542/2/2025
09 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ----------ძე (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----------ის 30.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25542/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მაისის №007-77 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 7 ივლისის №15274 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 66 416.99 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 40 136.54
ჯარიმა - 20 019.90
საურავი - 6 260.55
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სწრაფი კვება, რომელსაც ახორციელებს --------ში, სეზონურად, ადგილმდებარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითადად ზაფხულსა და ზამთარში. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 1 აპრილს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდა 2022 წლის 21 დეკემბერს. მცირე ბიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 2023 წლის 1 იანვრიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის №7598 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოს-ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 22 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მაისის №10622 ბრძანება და №007-77 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 66 416.99 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 21 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 7 ივლისის №15274 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერები და განმარტება. შესყიდვას აწარმოებს ადგილობრივი მომწოდებლისგან სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურების მეშვეობით. მეწარმეს აქვს 1 საკონტროლო-სალარო აპარატი ------. დოკუმენტური რეალიზაცია დღგ-ის ჩათვლით ფიქსირდება 778.2 ლარი. დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 252 461 ლარს. ძირითადი შემოსავლები უფიქსირდება პოს-ტერმინალებიდან და საკონტროლო-სალარო აპარატიდან. შემოწმებით ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ მეწარმეს ზოგიერთ თვეში დეკლარირებული აქვს სხვა ტიპის შემოსავლები, ჯამში 38 294 ლარი. შესაბამისად, პოსტერმინალებიდან და საკონტროლო-სალარო აპარატიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არის 437 149 ლარი. აქედან გამომდინარე, სხვაობა შეადგენს 222 982 ლარს, რაზეც საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დღგ-სგან გათავისუფლებული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში მოხვედრასთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ უფიქსირდებოდა ისეთი ოპერაციები, რაც გათავისუფლებული იქნებოდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით ან ჩათვლის უფლების გარეშე. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა.
გადასახადის გადამხდელის საჩივარში დაფიქსირებულ დღგ-ის ჩათვლების მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის №7598 ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც ჩატარდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოს-ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში ასახულია აბსურდული არგუმენტი მომჩივნის მიერ დამატებით არგუმენტაციის წარუდგენლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დღგ-სგან გათავისუფლებული ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში მოხვედრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ უფიქსირდებოდა ისეთი ოპერაციები, რაც გათავისუფლებული იქნებოდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით ან ჩათვლის უფლების გარეშე. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა.
ეს მსჯელობა ყოვლად უკანონოა, რადგან არც კი ეცნობა დავის განხილვის დროის შესახებ, რათა მისცემოდა საშუალება რაიმე დამატებითი არგუმენტაციის წარდგენის. თვითონვე იხილავენ ყოველგვარი ინფორმირების გარეშე დავას და თავის გადაწყვეტილების არგუმენტაციაში მიუთითებენ გადასახადის გადამხდელის მხრიდან დამატებითი არგუმენტაციის წარუდგენლობას, რაც ყოვლად აბსურდულია. რას შეეხება დღგ-ის ჩათვლებს, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ არ განხორციელდა სწორად დაანგარიშება, როგორც შემოსავლების ნაწილში - დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა, ასევე მისაღები ჩათვლის ოდენობა. მომჩივნის დაანგარიშებით, ადგილი აქვს საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოს-ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების გაორებას, არასწორ გამოანგარიშებას, კორექტირებული ინფორმაციის (ფაქტურების) არასრულფასოვნად გაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2025 წლის №----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტება. მომჩივანი შესყიდვას აწარმოებს ადგილობრივი მომწოდებლისგან სასაქონლო ზედნადებებისა და ფაქტურების მეშვეობით. მეწარმეს აქვს 1 სალარო აპარატი -----. დოკუმენტური რეალიზაცია დღგ-ის ჩათვლით ფიქსირდება 778.2 ლარი. დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 252 461 ლარს. ძირითადი შემოსავლები უფიქსირდება პოს-ტერმინალებიდან და სალარო აპარატიდან. შემოწმებით ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ მეწარმეს ზოგიერთ თვეში დეკლარირებული აქვს სხვა ტიპის შემოსავლები, ჯამში 38 294 ლარი. შესაბამისად, პოს-ტერმინალებიდან და სალარო აპარატიდან მიღებული მისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არის 437 149 ლარი. აქედან გამომდინარე, სხვაობა შეადგენს 222 982 ლარს. გადასახადის გადამხდელს, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ უფიქსირდება ისეთი ოპერაციები, რაც გათავისუფლებული იქნებოდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით ან ჩათვლის უფლების გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა-საურავი.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომას. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, მათ შორის ჩასათვლელ დღგ-ის თანხასთან მიმართებით, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მაისის №007-77 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 66 416.99 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 40 136.54 ლარი, ჯარიმა - 20 019.90 ლარი და საურავი - 6 260.55 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია ამ შემთხვევაში, რადგან სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება/გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №7598 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოს-ტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №10622 ბრძანება და №007-77 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 66 416.99 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები და განმარტება. შესყიდვას აწარმოებს ადგილობრივი მომწოდებლისგან სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურების მეშვეობით. მეწარმეს აქვს 1 საკონტროლო-სალარო აპარატი. დოკუმენტური რეალიზაცია დღგ-ის ჩათვლით ფიქსირდება 778.2 ლარი. დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 252 461 ლარს. ძირითადი შემოსავლები უფიქსირდება პოსტერმინალებიდან და საკონტროლო-სალარო აპარატიდან, შემოწმებით ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ მეწარმეს ზოგიერთ თვეში დეკლარირებული აქვს სხვა ტიპის შემოსავლები, ჯამში 38 294 ლარი. შესაბამისად, პოსტერმინალებიდან და საკონტროლო-სალარო აპარატიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არის 437 149 ლარი. აქედან გამომდინარე, სხვაობა შეადგენს 222 982 ლარს, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა გადასახადი, 40 137 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №15274 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დღგ-ის დარიცხვის ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 168(1); 269(7);