გადაწყვეტილება №27074/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27074/2/2026
02 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ - ის 3.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27074/2/2026).
დავის საგანი:
1. კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გაუთვალისწინებლობა;
2. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №001-307 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2026 წლის №5633 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 668 270,11 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 390 469
დღგ - 58 320,53
საშემოსავლო გადასახადი - 332 148,47
ჯარიმა - 245 781,5
საურავი - 32 019,61
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და სამშენებლო-სარესტავრაციო მომსახურება.
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.04.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2025 წლის №001-307 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2026 წლის №5633 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს მოგებული აქვს რამოდენიმე ტენდერი ქ. ----ში. აღნიშნულის ფარგლებში მიღებული შემოსავლების და ხარჯების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა ინფორმაციის/დოკუმენტაციის (რაც ატვირთული და ასახული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე) ანალიზის შედეგად დადგინდა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლების დღგ-ით დასაბეგრი პერიოდები და ღირებულებები.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-7 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომელთა თანახმად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ მოგებული ტენდერები, აღნიშნულის ფარგლებში მიღებული შემოსავლები და ხარჯები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც ატვირთული და ასახული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლების დღგ-ით დასაბეგრი პერიოდები და ღირებულებები. ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიც.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია არ ეთანხმება დღგ-ის ჩათვლის შემცირებას იმ არგუმენტით, რომ ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი პირის მიერ არ იქნა გადახდილი შესაბამისი გადასახადი. კომპანიის მიერ მიღებულია ქვეკონტრაქტორის, შპს „---“-ის მიერ გამოწერილი და დადასტურებული ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (№ეა--- და №ეა---). შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, დამატებით ჩათვლას ექვემდებარება ფაქტურებით გათვალისწინებული დღგ 19 525,42 ლარის ოდენობით.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეკონტრაქტორებს შეზღუდული ჰქონდათ აღნიშნული ანგარიშფაქტურების გადაგზავნის უფლება, ეს გარემოება არ უარყოფს კომპანიის მიერ რეალური ხარჯის გაწევის ფაქტს. აღნიშნული ეკონომიკური ოპერაცია დადასტურებულია პირველადი დოკუმენტაციით და მისი დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
კომპანია ვერ დაეთანხმება საგადასახადო ორგანოს მტკიცებას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (რითაც დასტურდება კონკრეტული მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი), არც საგადასახადო შემოწმების და არც საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ საჩივრის წარდგენისთანავე, ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები თანდართული და მიბმულია საქმეზე დანართის სახით. ამასთანავე, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები გაწერილი და სისტემაში ასახულია საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე პერიოდში. მათი გამოწერა არ მომხდარა შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპერაციების რეალურობასა და კანონშესაბამისობას. შესაბამისად, ვინაიდან კომპანიის მხრიდან სრულყოფილად არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მათი გაუთვალისწინებლობა მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ შემოსავლების სამსახური უგულებელყოფს საქმეში არსებულ ახალ გარემოებებს და არ გამოხატავს ნებას, მოახდინოს საგადასახადო შემოწმების აქტის ობიექტური კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მითითებულია, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ მოგებული ტენდერები, აღნიშნულის ფარგლებში მიღებული შემოსავლები და ხარჯები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც ატვირთული და ასახული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლების დღგ-ით დასაბეგრი პერიოდები და ღირებულებები. ამასთან, შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის ჩასათვლელი თანხებიც.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეა--- და ეა--- შემოწმებას არ გაუთვალისწინებია დღგ-ის ჩათვლებში.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ მიღებული 2 ანგარიშ-ფაქტურა: ეა--- და ეა---- გათვალისწინებულია დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში. ამასთან, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებულია ყველა მიღებული-დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურა.
მომჩივანი ვერ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები და ასევე, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები და ასევე დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და აღნიშნულის შესაბამისად დადგენილ იქნა ფულადი სახსრების ნაშთი, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი თანხები, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ ფულადი სახსრების გაანგარიშებაში გამოქვითულია კომპანიის მიერ გაწეული ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. ხოლო, წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რითაც დადასტურდებოდა კონკრეტული მომსახურებების მიღებასთან გაწეული ხარჯი, არც საგადასახადო შემოწმების და არც საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია ასევე არ ეთანხმება ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი ხარჯების დაუსაბუთებელ ხარჯებად კვალიფიკაციას და მათ დირექტორის ხელფასად დაბეგვრას. კომპანიის მიერ ქვეკონტრაქტორების, შპს „---“-ის და შპს „----“-ის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებისათვის სულ გადახდილ იქნა 586,218.37 ლარი. აღნიშნულ ოპერაციებზე სრულყოფილად გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები და აგრეთვე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ შემოწმებას უნდა გაეთვალისწინებინა ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი თანხები, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ ფულადი სახსრების გაანგარიშებაში გამოქვითულია კომპანიის მიერ გაწეული ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. ხოლო, წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რითაც დადასტურდებოდა კონკრეტული მომსახურებების მიღებასთან გაწეული ხარჯი, არც საგადასახადო შემოწმების და არც საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჩივრის მიხედვით, შპს ---- ის და შპს ----ის მიერ გაწეული სამშენებლო მომსახურებებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია არანაირი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულება.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ქვეკონტრაქტორების, შპს „----“-ის და შპს „-----“-ის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებისათვის სულ გადახდილ იქნა 586 218,37 ლარი. თუმცა, წარმოდგენილ საჩივარს აღნიშნული არგუმენტის დოკუმენტური მტკიცებულებები თანდართული არ აქვს. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების მიერ ფულადი სახსრების გაანგარიშებაში გამოქვითულია კომპანიის მიერ გაწეული ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი.
საბჭო ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ წარმოადგინა არგუმენტები ან მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. კომპანიის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გაუთვალისწინებლობა;
2. საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.04.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი.საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №28384 ბრძანება და №001-307 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 668 270 ლარი, მათ შორის გადასახადი 390 469 ლარი, ჯარიმა 245 781 ლარი და საურავი 32 019 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის მიერ მოგებული ტენდერები, აღნიშნულის ფარგლებში მიღებული შემოსავლები და ხარჯები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც ატვირთული და ასახული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.ასევე შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლების დღგ-ით დასაბეგრი პერიოდები და ღირებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან,შესწავლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლები და ასევე დოკუმენტურად დადასატურებული ხარჯები. შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულადი სახსრების ნაშთი. შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
№001-307 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №5633 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(მე-9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.მე-2 „ა“ და „ბ“); 174(1, მე-2 და მე-3);