ბრძანება N 5632
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5632
13 მარტი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ----) 2026 წლის 23 თებერვლის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ----) №28725/01 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №CB1866761 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2026 წლის 31 იანვარს განცხადებით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს და მოითხოვა 750 ცალი ქათმის ჩამოწერა. ჭარბი ნალექის გამო ჩამოინგრა ფერმის სახურავი, რამაც გამოიწვია ფერმის შენობაში მყოფი ფრინველების დახოცვა. ამდენად, მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელმა უფლებამოსილმა პირებმა კომპანიას ჩამოაწერეს მხოლოდ იმ რაოდენობის ფრინველი, რაც უშუალოდ ნახეს საქონლის ჩამოწერის პროცესში. მათ მიერ არ მოხდა იმ ფრინველების გათვალისწინება, რაც მოყოლილი იყო შენობის ნანგრევებში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის 50%-ით შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 31 იანვარს 7500 ლარის სააღრიცხვო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ID: --- ელექტრონული განაცხადით მიმართა შპს „----“-მა (ს/ნ ----), რომელსაც თან ერთოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 2 თებერვალს გამოცემულ იქნა №სმფ-11829 ბრძანება, რის საფუძველზეც მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებს დაევალათ შპს „---“-ის (ს/ნ ----) მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება 2026 წლის 6 თებერვლის ჩათვლით.
2026 წლის 2 თებერვალს მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი ოფიცრები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადდნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე (----, ----ს რაიონი, სოფელი ---), სადაც კომპანიის დირექტორს ჩაბარდა ბრძანება და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები.
გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი განაცხადის დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელმა უფლებამოსილმა პირებმა გამოავლინეს დანაკლისი, რომელმაც სააღრიცხვო ღირებულებით სულ შეადგინა 2980 ლარი. აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 2 თებერვალს შედგენილ იქნა №CB1866761 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 2980 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე − იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად ჯარიმის 50 პროცენტით შემცირების თაობაზე გადამხდელის მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ვრცელდება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ ჯარიმაზე და არა მიმდინარე კონტროლის ფარგლებში შეფარდებულ სანქციაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ არ მოხდა იმ ფრინველების გათვალისწინება, რაც უშუალოდ მოყოლილი იყო შენობის ნანგრევებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ოფიცრები ამ ფაქტს არ ადასტურებენ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის 50%-ით შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 31 იანვარს 7500 ლარის სააღრიცხვო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განაცხადით მიმართა მომჩივანმა, რომელსაც თან ერთოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 2 თებერვალს გამოცემულ იქნა ბრძანება, რის საფუძველზეც მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებს დაევალათ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება 2026 წლის 6 თებერვლის ჩათვლით. 2026 წლის 2 თებერვალს მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი ოფიცრები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადდნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე, სადაც კომპანიის დირექტორს ჩაბარდა ბრძანება და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები. გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი განაცხადის დანართ 24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელმა უფლებამოსილმა პირებმა გამოავლინეს დანაკლისი, რომელმაც სააღრიცხვო ღირებულებით სულ შეადგინა 2980 ლარი. აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 2980 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145 (6); 279 (3); 269 (7,11); 255 (4).