ბრძანება N 9720
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9720
25 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ----)
(მის.: ---) 2023 წლის 18 აგვისტოს და 6 სექტემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მარტისა და 18 აპრილის სხდომებზე (ოქმები №33 და №42) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 18 აგვისტოს №83127/1/2023 და 6 სექტემბრის №151170/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №002-161 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს და განმარტავს, რომ კომპანიამ 2021 წლის ივნისის თვიდან 2022 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში განახორციელა სხვადასხვა სახის ნარჩენი შავი ლითონის ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენა და შემდგომ მისი რეალიზაცია. მიუთითებს, რომ შავი ლითონის ჯართის არსებობა დასტურდება 2022 წლის 21 იანვრის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოწერილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, რომლის მიხედვით კომპანია დაჯარიმდა 20 ტონა შავი ლითონის ჯართის გადაზიდვაზე, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებში დაწყების ადგილის არასწორად მითითების გამო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ 1004,12 ტონა შავი ლითონის ჯართის რეალიზაციის საერთო ღირებულება გადაზიდვების პერიოდისთვის არსებული საშუალო ფასით (840 ლარი) შეადგენს 843 460,8 ლარს, რომელიც საგადასახადო კოდექსით დღგ-ით არ იბეგრება.
2. გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება განკარგვადი თანხის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 2020-2022 წლებში რეალიზებული შავი ლითონის ჯართის საერთო ღირებულება შეადგენდა 813 460,8 ლარს, რომელიც კომპანიამ შეიძინა საშუალო 35 ლარის სხვაობით ერთეულ ტონაზე. აღნიშნული თანხიდან კომპანიას ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი და ფერადი ლითონების და ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი 3%-ით უნდა დაებეგრა. კომპანიას ასევე უნდა დაებეგრა მიღებული შემოსავალი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს არ გადაუხდია ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი და ფერადი ლითონების და ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი - 3%, კომპანიის სრულ შემოსავლად უნდა განისაზღვროს 35 144,2 ლარი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 მარტის №4467 და 2 მაისის №9575 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2023 წლის 9 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 17 ივლისის №17273 ბრძანება და 18 ივლისის №002-161 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 714 677 ლარი, მათ შორის, გადასახადი 400 394 ლარი, ჯარიმა 200 148 ლარი, საურავი 114 135 ლარი. ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25159 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის პირველი მარტის №21187/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25159 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი მარტის №21187/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადიმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით (გამოწერილი/შეძენილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზი) დადგინდა, რომ 2020-2022 წლებში კომპანია ეწეოდა არმატურისა და შავი ლითონის ჯართის შეძენას და რეალიზაციას, დღეის მდგომარეობით კომპანიას არ გააჩნია ოფისი, საწყობი და მასალების შესანახი ობიექტი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-გამარტებით, 2021 წლის მაისის შემდგომ არ ახორციელებდა არმატურისა და ჯართის რეალიზაციას, აგრეთვე 2023 წლის მდგომარეობით არ გააჩნია სმფ-ს ნაშთი. გასს-ის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ გამოწერილია და შემდგომ გაუქმებულია შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვით გადაზიდულია 522,76 ტონა შავი ლითონის ჯართი და 481,36 ტონა არმატურა. ამასთან, 2022 წლის 21 იანვარს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოწერილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №1266797 და გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია 20 ტონა შავი ლითონის ჯართის გადაზიდვაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებში დაწყების ადგილის არასწორად მითითების გამო. აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებს გასს-ში მინიჭებული აქვს სტატუსი „გაუქმებული“. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის შავი ლითონის ჯართის ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადამხდელის შემოსავალი. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული არმატურისა და შავი ლითონის ჯართი ჩაითვალა კომპანიის მიერ შეძენის პერიოდში რეალიზებულად. სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული ფასნამატით, რომელიც შეადარეს სხვა შემოწმებების დროს გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატს. შედეგად, გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. 2. კომპანიას არ უფიქსირდება სასაწყობე ფართის ქონის ან იჯარით აღების ფაქტები, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ადგილობრივი მომწოდებლებიდან საქონლის შეძენას და რეალიზაციას ახდენდა დასაწყობების გარეშე. 2020-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული ფასნამატით, რომელიც შეადარეს სხვა შემოწმებების დროს გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატს. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა სულ 2 339 168 ლარი, ხოლო გაწეული ხარჯი განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად მიღებული შემოსავლის 25%-იანი რენტაბელობით, აგრეთვე საბანკო ამონაწერის მიხედვით და გასს-ის მონაცემებით გადახდილი თანხები.
შემოწმების მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებული ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხები, აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 28 მარტს, 12:00 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, მომჩივანმა 2024 წლის 25 მარტს წარმოადგინა განცხადება №88676/1/2024, რომლითაც მოითხოვა საჩივრის განხილვის გადადება, შესაბამისად, საჩივრის განხილვა გადაიდო. აღნიშნულის შემდგომ, საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩაინიშნა 2024 წლის 18 აპრილს, 12:30 სთ-ზე, გადამხდელს კვლავ ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმებისთვის წარდგენილი არ ყოფილა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადამხდელის შემოსავალი. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული არმატურისა და შავი ლითონის ჯართი ჩაითვალა კომპანიის მიერ შეძენის პერიოდში რეალიზებულად. სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული ფასნამატით, რომელიც შეადარეს სხვა შემოწმებების დროს გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატს, ხოლო ხარჯი განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად მიღებული შემოსავლის 25%- იანი რენტაბელობით. შედეგად, გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, ვინაიდან საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული არმატურისა და შავი ლითონის ჯართის კომპანიის მიერ შეძენის პერიოდში რეალიზებულად განხილვა, დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დაბეგვრა და სარეალიზაციო ფასად გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული ფასნამატის გამოყენება რომელიც ედრებოდა სხვა შემოწმებების დროს გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატს მართლზომიერია. აგრეთვე, ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გაანგარიშებული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ვალდებულებებს;
2. გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება განკარგვადი თანხის გაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 17 ივლისის №17273 ბრძანება და 18 ივლისის №002-161 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 714 677 ლარი, მათ შორის, გადასახადი 400 394 ლარი, ჯარიმა 200 148 ლარი, საურავი 114 135 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25159 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის პირველი მარტის №21187/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25159 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4, 5, 9); 159; 101; 154;12; 172.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 168.