ბრძანება N 5656

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.03.2026
№ დოკუმენტი 5656
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5656

13 მარტი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- ----- (პ/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 19 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N 19) განიხილა ----- (პ/ნ ----- ) N 26675/2/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის N EL308413 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 22 ნოემბერს გამოიწერა ----- (899.99 ----- ), რომელიც აღმოჩნდა დეფექტური, რის გამოც კომპანია ------ მა, საგარანტიო პირობების თანახმად, გამოუგზავნა ჩამნაცვლებელი ნივთი (-----) 0.00 ----- ღირებულებით. სატრანსპორტო კომპანიის პლატფორმაზე, ტექნიკური მიზეზების გამო (სისტემა არ იღებდა 0-ს), მიუთითა სიმბოლური ფასი 0.1 -----. აღნიშნული არ ემსახურებოდა საბაჟო გადასახადებისგან თავის არიდებას, რადგან ნივთი რეალურად წარმოადგენდა უკვე შეძენილი და განბაჟებული ნივთის უფასო ჩანაცვლებას. პროცესის შეფერხება გამოიწვია ----- მიერ მისი ანგარიშის დაბლოკვამ, რის გამოც დროულად ვერ მოიპოვა ინვოისები. წვდომის აღდგენისთანავე (რაც მხოლოდ 48 საათით მოხდა), ყველა საბუთი წარადგინა და გადაუგზავნა ჩამომტანი კომპანიის (-----) წამომადგენელს რომელსაც საბაჟოსთან ჰქონდა უშუალოდ კომუნიკაცია.

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საბაჟო ორგანომ ნივთი შეაფასა 1043.26 -----, მაშინ როცა სახეზეა პირველადი ნასყიდობის დოკუმენტი (Invoice), სადაც ნივთის რეალური ღირებულება შეადგენს 899.99 ----- და საბაჟო კოდექსის შესაბამისად, ღირებულების განსაზღვრისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გარიგების ფასს. ვინაიდან ჩანაცვლებული ნივთი იდენტურია პირველადი ნივთის, მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად გადახდილ თანხას.

ამასთან არ დაუმალავს ნივთის არსებობა და პროცესის შეფერხება გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით (----- ექაუნთის ბლოკირება) და 503.10 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება წარმოადგენს არაპროპორციულ სასჯელს იმ პირობებში, როცა მზად არის ნივთი განაბაჟოს მისი რეალური ღირებულების (899.99 -----) მიხედვით.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გადახდილი ჯარიმის გაუქმებას და საქონლის ღირებულების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 22 იანვარს საფოსტო გადამზიდავ შპს „-----”-ს მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ----- სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი N ----- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით – 0.1 -----.

გამომდინარე იქიდან, რომ ----- კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 0.1 -----, მისი ზოგადი დეკლარირება განხორციელდა საფოსტო გზავნილების დეკლარაციით, რომელიც, საქონლის ზოგადი დეკლარირების დოკუმენტთან ერთად, წარმოადგენს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად. მებაჟე - ოფიცრის მიერ ამანათზე საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას კი გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა. კერძოდ, 0.1 ----- ნაცვლად, საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (ლეპტოპი) ღირებულებამ, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2026 წლის 16 თებერვლის N ----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგინა 1043.26 -----. შესაბამისად, გამოვლინდა იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება 503.10 ლარით.

ვინაიდან ----- მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანას, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, გეზ „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 18 თებერვალს შედგენილი N EL308413 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდაღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 503.10 ლარის ოდენობით.

საფოსტო გზავნილზე დარეგისტრირდა N ----- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლის მიხედვითაც საქონლის (ლეპტოპი) საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 2792.70 ლარი, ხოლო ----- დაერიცხა დღგ - 502 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის (დანართი N 8) 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. მე-3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი N 8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია).

საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსისა და „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით, თუ სრულდება შემდეგი პირობა – არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვისა, რომელიც გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებულია, რომ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ----- მიერ არ შესრულებულა საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, არ განხორციელებულა დეფექტიანი საქონლის რეექსპორტი. შესაბამისად, არ დგინდება N ----- საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონელი ნამდვილად წარმოადგენდა თუ არა ----- მიერ უკვე შეძენილი და გაფორმებული ნივთის უფასო ჩანაცვლებას. ამასთანავე, სხვა ნივთის ნასყიდობის დოკუმენტის გათვალისწინება არ შეესაბამება საბაჟო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქონლის ღირებულება განისაზღვრა 1043.26 ----.

ამდენად, საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს გადახდილი ჯარიმის გაუქმებას და საქონლის ღირებულების კორექტირებას

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ საფოსტო გზავნილი საბაჟოზე დეკლარირებული იყო ძალიან მცირე ღირებულებით. შემოწმებისას დადგინდა, რომ ამანათში არსებული ნივთის რეალური ღირებულება გაცილებით მაღალი იყო, რის გამოც იმპორტის გადასახადი შემცირებული აღმოჩნდა. ამის გამო პასუხისმგებელ პირს დაეკისრა სამართალდარღვევა, გამოიწერა ჯარიმა და საქონელზე განისაზღვრა შესაბამისი გადასახადი.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 167(1); 160(3);.