ბრძანება N 3862

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 28.02.2023
№ დოკუმენტი 3862
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3862

28.02.2023

შპს „-------------“ (ს/ნ-----------)

(მის.: ქ. --------------------------)

2022 წლის 12 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 3 ნოემბრის №16813/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „---------------“ (ს/ნ ---------------) №69886/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 6 აპრილის №CB1300645 საგადასახადო სამართალდარრვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში წარმოდგენილი იყო პირველადი შეძენილი მასალების ჩამონათვალი, რომელიც გამოყენებული იქნა დამკვეთისთვის მისაწოდებლად და შემდგომი გამოყენებისთვის უვარგისი, გაფუჭებული მზა ეტიკეტების წარმოებაში. მიმდინარე კონტროლის განმახირციელებელმა უფლებამოსილმა პირებმა იმ მიზეზით, რომ ადგილზე მისულებს დახვდათ არა პირველად ფორმაში მასალები, არამედ უკვე დაბეჭდილი და დაზიანებული, ჩათვალეს ჩამოწერისთვის არამიზანშეწონილად, რაც არასწორია, რადგან კომპანიას ვერ ექნებოდა დაბეჭდვისას დაზიანებული მასალები პირველად პროდუქტად დახარისხებული. თუმცა იმის დადგენა, თუ რა მასალა იქნა ამ ეტიკეტების ბეჭდვისას გამოყენებული, ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის მოხსნას.

ფაქტების აღწერა:

როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, 2022 წლის პირველ აპრილს შემოსავლების სამსახურს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (8844.88 ლარის სააღრიცხვო ღირებულების) ჩამოწერის თაობაზე ID:"------" ელექტრონული განცხადებით მიმართა შპს „--------“ (ს/ნ --------), რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განცხადება დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის პირველ აპრილს გამოცემულ იქნა №სმფ-3017 ბრძანება, რომლის საფუძველზე დაინიშნა შპს „--------“ (ს/ნ --------) მიერ დანართი №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება.

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში (დანართი №24) მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა, რომ საწარმომ ვერ წარმოადგინა 5443.6 ლარის სააღრიცხვო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. კერძოდ: ნაცვლად დანართ №24-ში 1-დან 11 პოზიციის ჩათვლით მითითებული სასაქონლომატერიალური ფასეულობებისა ადგილზე აღმოჩნდა გამზადებული ეტიკეტები, რომლებიც თავისი ფუნქციური დანიშნულებით სხვა საქონელს წარმოადგენდა და არ შეესაბამებოდა დანართ №24-ში მითითებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს. ამასთან, მე-12-ე და მე-13-ე პოზიციებში მითითებული საქონელი დასახელებით „კარაქის ფოლგა“ (საერთო ჯამში 3401.28 ლარის სააღრიცხვო ღირებულებით), რომელიც ადგილზე წარმოდგენილი იყო, მათ განადგურებაზე კომპანიის წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა) უარი განაცხადა, რის გამოც აღნიშნული საქონლის ჩამოწერა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა.

აღნიშნულზე 2022 წლის 6 აპრილს შედგენილი იქნა №CB1300645 სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილით შეეფარდა ჯარიმა 5443.6 ლარის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2022 წლის 12 აპრილს შპს „---------“ (ს/ნ ---------) მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა №69886/1/2022 საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივნისის №13835 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 ივნისის №13835 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 14 ივნისს №16813/2/2022 საჩივრით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მიუთითებს მომჩივნის არგუმენტზე, რომლის თანახმად, წარმოდგენილ/ატვირთულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში წარდგენილი იყო პირველადი შეძენილი მასალების ჩამონათვალი, რომელიც გამოყენებული იქნა ამ დამკვეთისთვის მისაწოდებლად და შემდგომი გამოყენებისთვის უვარგისი, გაფუჭებული ეტიკეტების საწარმოებლად. კომპანია დიდი ხანია ახორციელებს ბეჭდვით საქმიანობას, აქამდე არაერთხელ ჩამოუწერია გაფუჭებული საქონელი, ასევე ბევრჯერ ყოფილან საგადასახადოს წარმომადგენლები ამ აქტის დასაფიქსირებლად მოსული და შენიშვნა არავის გამოუთქვამს, ამიტომ მათი ბოლო ჩამოწერაც იმ პრინციპით უნდოდა განხორციელებულიყო როგორც ადრე. მომჩივანი ითხოვს, მიეცეს უფლება ჩამოწეროს დაზიანებული საქონელი და მოეხსნას მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სანქცია/საურავი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარში აღნიშნული ფაქტები, გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გაუქმდა და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. შპს „---------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 6 აპრილის №CB1300645 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.