გადაწყვეტილება №18934/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.03.2023
№ დოკუმენტი 18934/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18934/2/2023

23.03.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: "---------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------" -ის 22.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18934/2/2023).

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №007-267 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1580 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 177 463 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 102 296

დღგ - 50 905

საშემოსავლო გადასახადი - 50 046

ქონების გადასახადი - 1 345

ჯარიმა - 46 235

საურავი - 28 932

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

"-------" -ის ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელითა და თამბაქოს ნაწარმით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

- მეწარმე არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმით. შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის ზუსტი განსაზღვრა, შემოწმება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დაკორექტირდა შესაბამისი წლების მიხედვით გადამხდელის ერთობლივი შემოსავლები.

- გადამხდელს 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი აქვს შეცდომით, არ არის შევსებული დეკლარაციის შესაბამისი გრაფა (გრაფა 18) და არ არის დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. ასევე, დაკორექტირებულია წლების მიხედვით, მეწარმის საწყისი და საბოლოო ნაშთები შესაბამისი პროპორციების და საბოლოო ნაშთის საფუძველზე. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

- მეწარმის მიერ წარდგენილ 2018 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით შემოსავალი აჭარბებს 40 000 ლარს. შესაბამისად პირს წარმოეშვა ქონების გადასახადის წარდგენის ვალდებულება. მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. დარიცხული ქონების გადასახადი გათვალისწინებულია სხვა გამოქვითვებში შესაბამისი წლების მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2022 წლის №26057 ბრძანება და 13.10.2022 წლის №007-267 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 16.11.2022 და 5.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1580 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, ანალოგიური/მსგავსი ბიზნესის მწარმოებელი სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების/საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 1.02.2023 წლის №1580 ბრძანება, მეორე დავის საგნის ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მისთვის არ იყო ცნობილი როგორ უნდა ყოფილიყო აღრიცხული საბუღალტრო დოკუმენტაცია და მომხდარიყო სწორად დეკლარაციების წარდგენა, საბუღალტრო მომსახურებას ოფიციალურად არავინ უწევდა და მხოლოდ ახლობლების დახმარების იმედად ყოფნამ გამოიწვია ის რომ ახლა ერთიანად უწევს ამხელა გადასახადების, ჯარიმების და საურავების გადახდა, ამიტომ ითხოვს მიეცეს საშუალება მის მიმართ გამოყენებული იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.