N 2607-IIს - 27/06/2018 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სამ- ან მეტშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3 000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,27 ივნისი 2018 წ.
N2607-IIს