გადაწყვეტილება №17916/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17916/2/2022
02.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------- “ (ს/ნ -------- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს დორუკის 30.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17916/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.09.2021 წლის № 001-344 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21155 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 23 797 794 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 11 699 499
დღგ - 4 085 049
მოგების გადასახადი - 1 341
საშემოსავლო გადასახადი - 7 613 109
ჯარიმა - 5 849 781
საურავი - 6 248 514
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა (როგორც იმპორტით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე) და მისი რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის. საქმიანობის 4.07.2017 წლიდან 1.07.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 5 ივლისის №18062 ბრძანებით ჩატარდა გადასახადის გადამხდელის 22.06.2015 წლიდან 4.07.2017 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2018 წლის 20 თებერვალს შედგა საგა დასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნულ აქტში, ასევე აისახა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 4 ივლისს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებიც. შემოწმების აქტის მიხედვით, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი საბაზრო ღირებულებით შეადგენს 352 511 ლარს, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია დანაკლისი მისი გამოვლენის მომენტში დაებეგრა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შემოწმების აქტს გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2018 წლის 1 მარტს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, აღნიშნული დანაკლისი გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო ასახული მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა მოგების გადასახადით და დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №39168 ბრძანება და 29.12.2020 წლის №001-405 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში
შემოსავლების სამსახურის 2.08.2021 წლის №25353 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის დეკლარაციებში აუსახველობისთვის მოგების გადასახადში და დღგ-ში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საჩივარში აღნიშნული გარემოებების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.08.2021 წლის №25353 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ ნაწილში (არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის ნაწილში), 3.09.2021 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით (№14484/2/2021) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.08.2021 წლის №25353 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 170 221 ლარით, რაზეც შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 9 აგვისტოს დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2021 წლის №28164 ბრძანება და 2.09.2021 წლის №001-344 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36979 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 14.01.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით (№15475/2/2022) მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2.08.2021 წლის №25353 ბრძანება არ არის აღსრულებული ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (საკითხი არ არის შესწავლილი გადამხდელის მონაწილეობით), ამდენად გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36979 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა
ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21155 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელის 2021 წლის 26 ოქტომბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების (№15475/2/2022) შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით სადავო საკითხის შესწავლა და სათანადო
საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21155 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მომჩივნის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომ რამდენადაც ფორმალური არ უნდა ყოფილიყო, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო საკითხის შესწავლა, როგორც ეს შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 2 აგვისტოს №25353 ბრძანებით იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით სადავო საკითხის შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო შემოწმების აქტში არ ეთანხმება შემდეგ საკითხებს: მიმდინარე საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დამატებით დაერიცხა თანხები მოგების გადასახადში და დღგ-ში, რომლის მიზეზს წარმოადგენს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 4 ივლისს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი 352 511 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დანაკლისზე გადასახადები და ჯარიმა დაეკისრა წინა საგადასახადო შემოწმებით, რასთან დაკავშირებით დავას დღესაც აგრძელებს სასამართლო სისტემაში.
წინა შემოწმების აქტით დანაკლისი დაიბეგრა დღგ-ით და დღგ-ის ჩათვლით თანხა საშემოსავლო გადასახადით, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნას. გამოვლენილი დანაკლისი 292 298 ლარი, არათუ შემოწმების აქტით უნდა დაბეგრილიყო, არამედ კომპანიის მიერ დადეკლარირებულიყო მისი გამოვლენის მომენტში, გამოვლენა კი მოხდა და გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი გახდა 2018 წლის 1 მარტის შემოწმების აქტით და საგადასახადო მოთხოვნით. ამიტომაც, აღნიშნული დეკლარირებას ექვემდებარებოდა 2018 წლის მარტის თვის დღგ-ისა და მოგების გადასახადის დეკლარაციებით (და არა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას).
კომპანია დავას დღესდღეობით სასამართლო სისტემაში ზუსტად ამ საკითხზე აგრძელებს, რაც სწორად და სამართლიანად გადაწყვიტა მიმდინარე საგადასახადო შემოწმებამ და რატომღაც არ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს სისტემამ. პირველ შემოწმებას შეეშალა და დაერიცხა, რაც ძალაში დატოვა ფინანსთა სამინისტროს სისტემამ, მეორე შემოწმებამ სწორად მოიქცა და იგივე თანხა კვლავაც დაერიცხა.
ამ არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 2 აგვისტოს №25353 ბრძანებით, ამ ნაწილში დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული თანხების გადაანგარიშება, რომელმაც ნაწილობრივ დააკორექტირა და შემცირდა გადასახდელი თანხა 170 221 ლარით, დანარჩენ ნაწილში გადასახადი არ შემცირებულა. გაუგებარია, თუ უკანონოდ იქნა მიჩნეული 170 221 ლარის დარიცხვის საფუძველი და ამ თანხით შემცირდა საგადასახადო ტვირთი, დანარჩენ ნაწილში, სრულად რატომ არ იქნა განულებული გადასახდელი თანხები. საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას არ ახლავს შესაბამისი დასაბუთება, რის გამოც მიაჩნია, რომ სრულად უნდა იყოს დაკმაყოფილებული თანხის დარიცხვა დანაკლისის ნაწილში.
სადავოდ რჩება დარჩენილი საგადასახადო ვალდებულებების მოთხოვნა კომპანიის მიმართ. აღნიშნული საკითხი სადავოდაა გამხდარი შემოსავლების სამსახურის სიტემაში, თუმცა მოთხოვნა მაინც წარედგინა გადასახადის გადამხდელს, რაც არის როგორც შინაარსობრივად სადავო, ასევე ფორმალური თვალსაზრისითაც პრობლემური.
ფორმალური კუთხით, გასაჩივრებით ჩერდება აქტის მოქმედება, რაც არ არის დაცული ამ შემთხვევაში. შესაბამისად, უკანონოა შემოსავლების სამსახურის მოქმედება თანხის დარიცხვის თაობაზე. ხოლო მატერიალური-სამართლებრივი თვალსაზრისით, არ ეთანხმება თანხის დარიცხვას და უნდა გაუქმდეს ან/და გადაანგარიშდეს დარიცხული თანხები.
მატერიალური საფუძვლის კუთხით შემოსავლების სამსახურის მიერ აქტის გამოცემა და საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა უკანონოა შემდეგი დასაბუთებით:
არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშების ნაწილში ძირითადად უნდა ემსჯელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შემოსავლების გაანგარიშების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სისწორეზე.
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და თბილისში, ე.წ. დეზერტირების ბაზარზე, მათი საბითუმო რეალიზაცია. აღნიშნულ ბიზნეს საქმიანობას გარკვეული თავისებურებები გააჩნია, რაც არ იქნა გათვალისწინებული შემოწმებისას. კერძოდ, შემოწმებით აუდიტორის მიერ იდეალურადაა განსაზღვრული იმპორტირებული საქონელი პერიოდების მიხედვით, გამოყვანილია თვეების მიხედვით სასაქონლო ზედნადებებით და მის გარეშე რეალიზებული კონკრეტული საქონელი და სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულია სასაქონლო ზედნადებით ცალკეულ თვეებში რეალიზებულ კონკრეტულ საქონელზე გაანგარიშებული ფასები. ყველა საქონელი რეალიზებულად ჩათვლილია იმპორტიდან 5- 24 დღიან დიაპაზონში
ფასებს შორის დისპროპორცია აშკარაა, როდესაც შემოწმების პერიოდში, ჯამში კომპანიას დაეკისრა დაახლოებით 30 მლნ ლარის საგადასახადო ვალდებულებები, მაშინ, როდესაც კომპანიის მიერ შემოტანილი საქონლის ღირებულება მთლიანად შეადგენდა 13 მლნ ლარს. ეს საკითხები შემოწმების პერიოდში საერთოდ არ ყოფილა შესწავლის საგანი, რითაც დასტურდება, რომ ფასების განსაზღვრის არსებითად მცდარი მეთოდი იქნა შერჩეული შემოწმების პროცესში.
ხილ-ბოსტანი წარმოადგენს მალფუჭებად საქონელს, რომლის გარკვეული ნაწილის რეალიზაციაც საერთოდ შეუძლებელია. იმპორტირებული საქონლიდან გარკვეული ნაწილის, დაახლოებით 1-1.5% სარეალიზაციოდ უვარგისდება. კომპანია გაფუჭებული საქონლის ჩამოწერაზე, 2017 წლის თებერვლის თვიდან 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით, მიმართავდა შემოსავლების სამსახურს და მათი მეშვეობით დასტურდებოდა სარეალიზაციო საქონლის ჩამოწერის ფაქტი. შემდგომ პერიოდებში ვერ ხერხდებოდა მსგავსი ფორმით საქონლის ჩამოწერა სრულყოფილად.
მომჩივანი ითხოვს, 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის აპრილის თვის პერიოდზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარებას, თუ რომელი სახეობის და რა ოდენობის საქონელი ხდება ჩამოსაწერი მთლიან იმპორტირებულ საქონელში და ამ ანალიზზე დაყრდნობით, მოხდეს შემდგომ პერიოდებში იმპორტირებულ საქონელთან მიმართებაში, შესაბამისი კოეფიციენტით, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი სარეალიზაციო საქონლის ოდენობის შემცირება, რადგანაც უდავო ფაქტია, რომ შეძენილი ხილ-ბოსტნეულიდან გარკვეული ნაწილის გაუვარგისება მართლაც ხდება.
აღნიშნული საკითხი წინა საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრებისას დაკმაყოფილდა.
როგორც აღნიშნა, შემოწმების აქტში იდეალურადაა გაანგარიშებული სარეალიზაციო საქონლის ყოველთვიური ფასები გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებზე დაყრდნობით, ფასები გამოყვანილია ყოველთვიური გაყიდვებიდან საშუალო მონაცემების მიხედვით, რა პრინციპიც მართებულად მიესადაგება სავაჭრო ბიზნესს, მაგრამ არა ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობას.
აუდიტორების მხრიდან თითოეული დასახელების საქონლის ფასები თვეების მიხედვით გამოყვანილ იქნა არა ჯამურად გაყიდული ღირებულებებისა და რაოდენობების შეპირისპირებით, არამედ კონკრეტული საქონლის ცალკეული რეალიზაციისას დაფიქსირებული ფასების პერიოდში, საშუალო არითმეტიკულიდან, რაც არასამართლიანად მიაჩნია. აღნიშნული პრინციპი არალოგიკურია, რადგან თანხობრივად მცირე კონკრეტული გაყიდვა მაღალი ფასით მნიშვნელოვნად ზრდის სხვა დიდი წილის მქონე და დაბალი ფასის საქონლის საშუალო ფასნამატს. კერძოდ, თუ ერთი რომელიმე გაყიდვის წილი მთლიან რეალიზაციაში არის 1%, მაგრამ მისი ფასი 100 ლარია, ხოლო მეორე გაყიდვის წილი 99%-ია და ფასი 10 ლარია, მაშინ აუდიტორთა პრინციპით საშუალო ფასი მიიღება 55 ლარი, რაც გავრცელდება 99% საქონელზე და არასწორ შედეგს გამოიწვევს. შესაბამისად, გონივრულია საშუალო ფასის გამოყვანისას გათვალისწინებულ იქნეს მთლიანი თანხობრივი გაყიდვა და რაოდენობა პერიოდის მიხედვით.
ამ ბიზნესს გარკვეული თავისებურებები, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეძენილი (იმპორტირებული) საქონლის ნაწილი უვარგისდება და მთლიანად ჩამოსაწერია, ნაწილის რეალიზაცია კი ხდება თვითღირებულებაზე გაცილებით იაფად, რადგანაც თითქმის გაფუჭებულია, ხოლო დარჩენილი ნაწილი ხარისხდება და მათი რეალიზაცია ხდება სხვადასხვა ფასებით. ძირითადად, მაღალფასიანი საქონლის რეალიზაცია ხდება მაღაზიებზე და სხვა საცალო რეალიზატორებზე. შესაბამისად, ეს კატეგორია არის ის, რომელთაგანაც ხდება სასაქონლო ზედნადებების გამოწერის მოთხოვნა და გამოიწერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით ძირითადად ხდება მაღალი ხარისხის და ფასის საქონლის რეალიზაცია.
გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების დიდ ნაწილში ძირითადად დაფიქსირებულია მაღალფასიანი ხილ-ბოსტნეულის გაყიდვები, ხოლო მცირე ნაწილია დაბალფასიანები. შესაბამისად, რეალიზაციის კონკრეტული ფაქტით ვერ შეიქმნება წარმოდგენა ამ ბიზნეს საქმიანობაზე.
შესამოწმებელ პერიოდში, საქონლის იმპორტი და რეალიზაცია ძირითადად მოხდენილია 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით. ცხრილის სახით წარმოადგენს ხილ-ბოსტნეულის ჩამონათვალს და აღნიშნავს, რომ ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემები მიუთითებს იმაზე, ამ პერიოდში თუ, რაოდენ დიდია დიაპაზონი სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულ მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის, რომელთა საშუალო მაჩვენებელიც იქნა აღებული შემოწმების მიერ და გავრცელებული სასაქონლო ზედნადებების გარეშე რეალიზებულ, ძირითადად დაბალხარისხიან და დაბალფასიან ხილ-ბოსტნეულზე.
როცა სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია მთლიანად შეძენილი მაღალხარისხიანი და მაღალფასიანი ხილ-ბოსტნეულის დაახლოებით 80-85%, ხოლო დაბალხარისხიანი და დაბალფასიანი დაახლოებით 15-20%-ია, უდავოა, რომ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციის საშუალო ფასის აღება და მათი გავრცელება დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე არალოგიკურია შემოსავლების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, საკითხი დამატებით იქნეს შესწავლილი გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან ერთად აუდიტის დეპარტამენტის მიერ და მათ მიერ გაანალიზდეს სხვა მსგავსი შემოწმებისას ხელთარსებული ხილ-ბოსტნეული საბითუმო რეალიზაციის ფასების მონაცემები. გარდა ამისა, შესწავლილ იქნეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციული ბაზა სასოფლო-სამეურნეო საქონლის რეალიზაციის ფასების შესახებ, რომელთა ანალიზის შემდგომ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.
ის, რომ შემოწმებისას გამოყენებულია არალოგიკურად მაღალი სარეალიზაციო ფასები დასტურდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე მოძიებული ინფორმაციით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების 2017-2018 წლების საშუალო სარეალიზაციო ფასების შესახებ, რომელთა შემოწმებით დადგენილ ფასებთან შედარებით საკმაოდ სოლიდურია ფასების სხვაობა. თანაც გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია არის მხოლოდ საცალოდ სარეალიზაციო ფასების შესახებ და არა საბითუმო რეალიზაციის. შესაბამისა, არსებული მონაცემებიც მაღალია კომპანიის სარეალიზაციო ფასზე
შემოწმების აქტით დაერიცხა თანხები საშემოსავლო გადასახადში. კომპანიას არ ჩაბარებია გაანგარიშება, თუ როგორ იქნა დათვლილი ის ნამეტი ფულადი შემოსავალი, რაც ხელფასად იქნა განხილული.
მომჩივანი ითხოვს:
- უკანონოდ იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შესაბამისი საფუძვლის გარეშე მოხდა თანხის დაანგარიშება და წარედგინა დაუსაბუთებელი რაოდენობით საგადასახადო მოთხოვნა;
- საჩივარში მოყვანილი პრინციპების მიხედვით მოხდეს ნამეტი ფულადი სახსრების გაანგარიშებაში ცვლილებების შეტანა და აღნიშნული გადაანგარიშება მოხდეს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად;
- „სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობისას, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითების თანახმად, გამოანგარიშებული ნამეტი თანხები განხილული იქნეს გაცემულ სესხად, რადგანაც ამ თანხის კომპანიაში დაბრუნება და საბოლოო შედეგებით დამატებით დაკისრებული გადასახადების გადახდა უნდა მოხდეს, რაც საშუალებას მისცემს ჩაითვალოს შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული მოგების გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით (№15475/2/2022), მომჩივნის იმ არგუმენტის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით არ მომხდარა საკითხის შესწავლა, როგორც ეს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
ხსენებული საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა სადავო გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივანი, არ წარმოადგენს არგუმენტს, თუ რა ნაწილში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას, ამასთან წარმოადგენს არგუმენტებს იმ საკითხებთან მიმართებითაც, რაც თავის დროზე, შემოსავლების სამსახურის, ასევე დავების განხილვის საბჭოს მიერ არ დაკმაყოფილდა, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისათვის და შესაბამისად იგი ასახვას ვერ ჰპოვებდა 2021 წლის 9 აგვისტოს დასკვნაში.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ
დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების (№15475/2/2022) შესაბამისია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.