საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერება N 2538
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერება N 2538
ფაქტობრივი გარემოებები
· პირი ეწევა ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ სამეწარმეო საქმიანობას.
· ვარიანტი I: პირი ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას ახორციელებს სილამაზის სალონში.
· ვარიანტი II: პირი ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას ახორციელებს თონის მეშვეობით.
· I ვარიანტში ვინაიდან, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით სილამაზის სალონებს შეუჩერდათ საქმიანობა პირმა დახურა ობიექტი. ამასთან, აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის არ უცნობებია.
· II ვარიანტში მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სურსათის მწარმოებლებს და შესაბამისად საცხობებს(თონეებს) უფლება მიეცათ გაეგრძელებინათ ეკონომიკური საქმიანობა, პირმა შეაჩერა საქმიანობა და აღნიშნულის შესახებ განცხადებით აცნობა საგადასახადო ორგანოს.
· ორივე ვარიანტში საგანგებო მდგომარეობის არსებობის პერიოდში, პირს, ამ პერიოდზე საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებიათ.
შეფასება
· სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ'' საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.10 წ. N999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის N4 დანართის მე-6 მუხლის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში განცხადებით (დანართი №3) მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში პირს არ დაერიცხება ფიქსირებული გადასახადი. საქართველოს მთავრობის 23.03.20წ. N181 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდა ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა სურსათის რეალიზაციისა, ასევე შეჩერდა სილამაზის სალონების საქმიანობა.
· I ვარიანტში იმის გათვალისწინებით, რომ სილამაზის სალონების საქმიანობა შეჩერებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით (მთავრობის დადგენილებით) პირის ნებისაგან დამოუკიდებლად, პირ არ იყო ვალდებული დამატებით ეცნობებინა საგადასახადო ორგანოსთვის სალონის საქმიანობის შეჩერების თაობაზე.
· II ვარიანტში იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობით (მთავრობის დადგენილებით), საგანგებო მდგომარეობის არსებობის პერიოდში არ ყოფილა შეჩერებული სურსათის/პროდუქტის (საკვების) მიწოდება/რეალიზაცია, პირი ვალდებული იყო საგადასახადო ორგანოსთვის ეცნობებინა თონის საქმიანობის შეჩერების თაობაზე.
ღონისძიებები
· ორივე ვარიანტში პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და საქმიანობის შეჩერების პერიოდში, პირს, ფიქსირებულ გადასახადში საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა.