ბრძანება N 14168
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14168
20 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის: ----------, ----------)
2023 წლის 29 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №81321/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 მაისის №EL208661 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ამანათის გადაწონვისას აღმოჩნდა 300 კგ სხვაობა, რაც სავარაუდოდ ტექნიკური შეცდომაა, ვინაიდან ამანათები იწონებოდა სამ-სამ ცალად. ან ამანათის ჩაბარების დროს (მოსკოვში) მოხდა აწონვის, ან თუნდაც მენიფესტის შევსების დროს შეცდომა. შეგნებულად არ მომხდარა წონის გაყალბება, არც არავის მოსვლია აზრად, ეს ამანათი საბოლოოდ უნდა ჩაბარდეს მოქალაქეს. მხოლოდ დალუქვის არის შეცდომა დაშვებული და ლუქის ზონარია არასწორად გამოყენებული.
მომჩივნის განმარტებით, სახელმწიფოს არ მისდგომია მატერიალური ზიანი, ყველა ამანათი სახეზეა და ამანათის მეპატრონეებს არც წონით და არც რაოდენობრივად ამანათები არ დაჰკლებია. სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული 404 ამანათი, წონით 4724 კგ. გარდა საბაჟო შემოწმების დროს „წითელ დერეფანში“ მოხვედრილი ამანათებისა, ყველა უკლებლივ ჩაჰბარდათ მესაკუთრეებს.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 26 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა №---------- სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საფოსტო გზავნილები (ბრუტო წონა 4 724 კგ). აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე, შპს „----------“ მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე გამოიწერა №---------- აღრიცხვის მოწმობა და გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ დანიშნულებით.
სატრანსპორტო საშუალება 2023 წლის 26 აპრილს გამოცხადდა შპს „----------“, სადაც ლუქის ახსნამდე განხორციელდა მისი დათვალიერება. რის შედეგად აღმოჩნდა, რომ სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლეოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გადაწონა და დადგინდა, რომ საქონლის რაოდენობა ნაცვლად დოკუმენტებში დაფიქსირებული 4 724 კგ-ისა აღმოჩნდა 4 387.1 კგ. შესაბამისად, საქონლის დანაკლისმა შეადგინა 336.9 კგ. CMR-ში მითითებული ადგილების რაოდენობა კი დაემთხვა დოკუმენტებში მითითებულს (404 ცალი).
საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე (საფოსტო გზავნილები) და ინვოისის არქონის გამო, განკარგული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 5 მაისს შედგენილი №EL208661 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „----------“ სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც კანონმდებელი ავალდებულებს საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც არ განუხორციელებია. დადგენილია, და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონელი, გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლეოდა. საქონლის გადაწონვისას კი გამოვლინდა დანაკლისი. აღნიშნული წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
საგულისხმოა ასევე ის ფაქტი, რომ 2022-2023 წლებში შპს „----------“ არაერთხელ არის დაჯარიმებული საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.
მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საფოსტო გზავნილები (ბრუტო წონა 4 724 კგ).
განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გადაწონა და დადგინდა, რომ საქონლის რაოდენობა ნაცვლად დოკუმენტებში დაფიქსირებული 4 724 კგ-ისა აღმოჩნდა 4 387.1 კგ. შესაბამისად, საქონლის დანაკლისმა შეადგინა 336.9 კგ.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 166(3); 163(1, 11);