გადაწყვეტილება №25312/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25312/2/2025
18 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----15.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25312/2/2025).
დავის საგანი:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, ჩადენილი განმეორებით;
2. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადმოტვირთვა, ჩადენილი განმეორებით;
3. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 02.04.2025 წლის N EL280881 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 02.04.2025 წლის N EL280882 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 02.04.2025 წლის N EL280884 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. შემოსავლების სამსახურის 27.05.2025 წლის N 10600 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 9 000 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 1 000 (02.04.2025 წლის N EL280881 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი)
ჯარიმა - 2 000 (02.04.2025 წლის N EL280882 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი)
ჯარიმა - 6 000 (02.04.2025 წლის N EL280884 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი)
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:
მომჩივანმა, 31.03.2025 წელს N -----/21-10-19 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ 29.03.2025 წელს მის მფლობელობაში არსებულ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გამოცხადდა 18 ივლისი 2025 N 03/----- 2 საბაჟო გამშვები პუნქტი ----- გავლით შემოტანილი, N -----/D----- (28.03.2025წ.) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული, სხვადასხვა მიმღების კუთვნილი საქონლით (საერთო ბრუტო წონა 10 876 კგ) დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (სახელმწიფო სარეგისტრაციო N CB-----).
განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ საბაჟო საწყობში გამოცხადების შემდეგ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის მოხსნა და ერთ - ერთი მიმღების კუთვნილი საქონლის გადმოტვირთვა.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოირკვა, რომ დასახელებული სატრანსპორტო საშუალებით საბაჟო გამშვები პუნქტი სარფიდან გაფორმების ეკონომიკური ზონა ფოთის დანიშნულებით, საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, ასევე გაშვებულ იქნა N CB-----/CB----- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული და N -----/C----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული სხვადასხვა დასახელების საქონელი. ამასთანავე, N -----/D----- (28.03.2025წ.) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის მე-40 გრაფაში (წინმსწრები დოკუმენტები) ასახული იყო N -----/C----- საბაჟო დეკლარაციის რეკვიზიტები, რაც აღნიშნავს, რომ N CB-----/CB----- სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულ, წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე არ იყო დასრულებული გაფორმების საბაჟო ფორმალობები და არ იყო მიღებული გაშვების გადაწყვეტილება.
02.04.2025 წელს მომჩივნის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განხორციელდა აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული, 5 მფლობელის სხვადასხვა საქონლის დათვალიერება (საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი 02/04/-----), რის შედეგადაც საქონლის განკარგვა არ გამოვლენილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ 02.04.2025 წელს შედგა:
– N EL280881 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილების განმეორებით ჩადენისათვის და მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;
– N EL280882 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვის განმეორებით ჩადენისათვის და მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;
– N EL280884 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევისათვის და მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.05.2025 წლის N 10600 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-7 ნაწილზე, 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-10 მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე და მე-17 მუხლზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 166-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
დადგენილია, რომ მომჩივანი არის საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელმაც ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში არ უზრუნველყო „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილების მე-5 მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-8 მუხლის „ა“ „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულება. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებს. ამდენად, სადავო აქტებით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საჩივარში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული მთლიანი ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას და ამ ტერიტორიიდან საქონლის გატანასა და ამ ტერიტორიაზე საქონლის შეტანაზე სრული ინფორმაცია (მათ შორის, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების შესახებ) მნიშვნელოვანია საბაჟო კონტროლის ეფექტურად განხორციელებისთვის. რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელ ერთ - ერთ მნიშვნელოვან მონაცემს, განსაკუთრებით ვიდეოჩანაწერით დამუშავებადი მონაცემებისთვის. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე (მ.შ. შესასვლელში და გასასვლელში) დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ აღიქმება ან სათანადოდ არ აღიქმება საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილი/გასატანი ან საბაჟო კონტროლის ზონაში შეტანილი/შესატანი საქონლის (მათ შორის, საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის) გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ საბაჟო ორგანოს არ მიეწოდება ინფორმაცია ასეთი სატრანსპორტო საშუალების შესახებ.
შესაბამისად, საბაჟო ორგანოს, როგორც ნებართვის გამცემის, მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისას სანებართვო პირობების შესრულების მდგომარეობა მოწმდება შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით და არა თითოეული სანებართვო პირობის შესრულების მდგომარეობის შემოწმებით.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ სადავო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია ერთი და იმავე სამართალდარღვევის გამო, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, საბაჟო სანქცია (ჯარიმა) დადგენილია საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისთვის. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მხრიდან დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობის რამდენიმე პირობა და შესაბამისად, ჩადენილია რამდენიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამდენად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების გათვალისწინებით, მის მიმართ წარმოიშვა თითოეულ სანებართვო პირობის დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს იმის საფუძველს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მხრიდან საბაჟო სამართალდამრღვევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
არ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ საბაჟო საწყობში გამოცხადებულ ტვირთზე არ იყო დასრულებული საბაჟო პროცედურები/ფორმალობები. აღნიშნულ სამართალდარღვევას არ უმოქმედია ტვირთთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ შესრულებული ოპერაციების ხარისხზე (საბაჟო საწყობში, ვიდეო კამერების თვალთვალის ქვეშ მოხდა საქონლის გადმოტვირთვა და დასაწყობდა დანაკლისის გარეშე, რაზეც შედგა შესაბამისი აქტი). დაკისრებული ვალდებულება მომჩივნისთვის წარმოადგენს სოლიდურ თანხას.
კომპანია კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელია, რასაც მოწმობს მის მიერ გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ გადახდილი ვალდებულებების სისწორე (გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან დღემდე კომპანიის მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია 1 351 268 ლარი). კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 50 ადამიანი.
მომჩივანი, კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს მის სასარგებლოდ გამოყენებულ იქნეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და გათავისუფლდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმისგან.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები, ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი N 3) ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე ინსტრუქციის მე-10 მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა ან/და საქონლის ჩამოტვირთვა დაუშვებელია თუ საბაჟო პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის განსაზღვრულია „ყვითელი“ ან „წითელი“ დერეფანი, ან თუ საქონელი საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირებულია წინასწარ – საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებამდე.
საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: პირს არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებაზე ან/და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა - ნაგებობაზე ან/და ნიშანდებულ ბარგზე/ხელბარგზე მცირე დაზიანება შეინიშნება, მაგრამ ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა - ნაგებობაში ან/და ნიშანდებულ ბარგში/ხელბარგში შეღწევა შეუძლებელია.
საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა, იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას.
საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის არგუმენტებზე საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივანმა საბაჟო საწყობში გამოცხადების შემდეგ განახორციელა სატრანსპორტო საშუალებაზე (სახელმწიფო სარეგისტრაციო N -----/CB-----) დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის მოხსნა და ერთ-ერთი მიმღების კუთვნილი საქონლის გადმოტვირთვა ისე, რომ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულ, წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე არ იყო დასრულებული გაფორმების საბაჟო ფორმალობები, ასევე არ იყო მიღებული გაშვების გადაწყვეტილება. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას (ჩადენილი განმეორებით), საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადმოტვირთვას (ჩადენილი განმეორებით) და საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას (ჩადენილი განმეორებით). აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელთა ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
მომჩივანი განმარტავს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ საბაჟო საწყობში გამოცხადებულ ტვირთზე არ იყო დასრულებული საბაჟო პროცედურები/ფორმალობები. აღნიშნულ სამართალდარღვევას არ უმოქმედია ტვირთთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ შესრულებული ოპერაციების ხარისხზე. კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადმოტვირთვას და საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევის ფაქტს, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის სადავო აქტებით საბაჟო კოდექსის 166-ე, 170-ე და 176-ე მუხლების მე-2 ნაწილების შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას. საგულისხმოა, რომ მომჩივანს აღნიშნული მოთხოვნა არ დაუყენებია შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით და შესაბამისად, არ არის ასახული შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას, შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, ჩადენილი განმეორებით;
2.საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადმოტვირთვა, ჩადენილი განმეორებით;
3.საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანმა საბაჟო საწყობში გამოცხადების შემდეგ განახორციელა სატრანსპორტო საშუალებაზე (სახელმწიფო სარეგისტრაციო დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის მოხსნა და ერთ - ერთი მიმღების კუთვნილი საქონლის გადმოტვირთვა ისე, რომ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულ, წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე არ იყო დასრულებული გაფორმების საბაჟო ფორმალობები, ასევე არ იყო მიღებული გაშვების გადაწყვეტილება. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას (ჩადენილი განმეორებით), საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადმოტვირთვას (ჩადენილი განმეორებით) და საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას (ჩადენილი განმეორებით).
გადაწყვეტილება:
ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადმოტვირთვას და საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევის ფაქტს, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის სადავო აქტებით საბაჟო კოდექსის 166-ე, 170-ე და 176-ე მუხლების მე-2 ნაწილების შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 166; 170; 176;.