საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების მიხედვით დღგ-ის ჩათვლა N 11111
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების მიხედვით დღგ-ის ჩათვლა N 11111
ფაქტობრივი გარემოებები
· 2015 წელს რეგისტრირებულმა საწარმომ იმავე წელს საკუთარი ძალებით დაიწყო სავაჭრო ობიექტის მშენებლობა და დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. ობიექტი გათვალისწინებულია ორივე ტიპის დღგ-ის ოპერაციებში გამოყენებისათვის. ობიექტი ექსპლუატაციაში შევიდა 2016 წლის აპრილში. საწარმოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შეყვანამდე სხვა საქმიანობა (დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციები) არ განუხორციელებია.
· საწარმომ 2016 წლის აპრილის თვის დღგის დეკლარაციაში დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად ასახა ექსპლუატაციაში შეყვანილი შენობა-ნაგებობის ღირებულება, ხოლო მასზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა იმავე თვეში ჩაითვალა სრულად.
· ვარიანტი 1: სავაჭრო ობიექტის მიხედვით საწარმოს მიერ 2016 წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 4%-ს შეადგენს.
· ვარიანტი 2: სავაჭრო ობიექტის მიხედვით საწარმოს მიერ 2016 წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 34%-ს შეადგენს.
· საწარმოს დღგ-ის გადაანგარიშება წლის ბოლოს არ განუხორციელებია სსკ-ის 174(8.ა)-ე მუხლის მიხედვით.
შეფასება
· იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში მიღების მომენტამდე სხვა საქმიანობა (დღგ-ის ოპერაციები) არ განუხორციელებია, ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლის საკითხი უნდა დარეგულირდეს ახლად რეგისტრირებული გადამხდელისათვის განსაზღვრული ნორმების მიხედვით (სსკ-ის 174(9)-ე მუხლი).
· სსკ-ის 174(9)-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ის ახლად რეგისტრირებული გადამხდელისათვის ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დღგ-ის ჩათვლის წესი არ გამოიყენება. შესაბამისად, საწარმოს ძირითად საშუალებებზე დღგ-ის ჩათვლის 4 შესაძლო ვარიანტიდან შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ დარჩენილი 3 შემთხვევიდან ერთ-ერთი, კერძოდ ამავე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტები. ფაქტობრივი გარემოება გამორიცხავს 174(7)-ე მუხლის "ა" და „ბ“ შემთხვევას, შესაბამისად, ახლად რეგისტრირებულ გადამხდელს ძირითადი საშუალებების მიხედვით დღგ-ის თანხების ჩათვლის მიღების უფლება აქვს სსკ-ის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის "გ.ა" ქვეპუნქტის ქვეპუნქტის მიხედვით, რომლის თანახმად თუ დღგ-ის გადამხდელის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის პროპორციულად;
· ორივე ვარიანტში: საწარმოს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს ჩათვლა.
· ვარიანტი 2: იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა აღემატება საერთო ბრუნვის 5%-ს, ჩათვლილი დღგ-ის 1/10 კალენდარული წლის ბოლოს დაექვემდებარება გადაანგარიშებას (გაუქმებებას) 34%-ის ოდენობით (სსკ-ის მუხლი174(8ა)).
ღონისძიებები
· მე- 2ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლის მიხედვით.
ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული წლები პირობითია
იგულისხმება, რომ საწარმო 2015-2016 წლებში მშენებლობისათვის შეძენილ მასალებზე სრულად იღებდა ჩათვლებს
სიტუაციური სახელმძღვანელი მომზადებლია 2018 წლის 26 აპრილისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით