გადაწყვეტილება №24263/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24263/2/2024
23 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 8.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24263/2/2024).
დავის საგანი:
1. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. კომერციული ფართების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის შესაბამისი წლის წლიურ დეკლარაციაში ასახვა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვა;
3. კომერციული ფართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;
4. საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობის ფაქტზე შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 ივლისის №007-202 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №22520 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 684 357,02 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 329 438
დღგ - 251 769
საშემოსავლო გადასახადი - 34 497
ქონების გადასახადი - 43 172
ჯარიმა - 282 585
საურავი - 72 334,02
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 23 ივლისის №17290 ბრძანება და ამავე თარიღის №007-202 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის N22520 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ 2020, 2021 და 2022 წლებში მიღებული შემოსავლები აჭარბებს 100 000 ლარს, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2021, 2022, 2023 წლების საანგარიშო პერიოდების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით გადასახადის გადამხდელს 2020, 2021, 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში საკუთრებაში აქვს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, რომელშიც ახორციელებს სასტუმროს მომსახურებას. აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 1151 ნაწილის შესაბამისად ექვემდებარება შეღავათით სარგებლობას და თავისუფლდება ქონების გადასახადის გადახდისაგან.
დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით (უძრავი ქონების რეალიზაციის დროს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებში ასახული ღირებულებებით), ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც თანხვედრაშია საბაზრო ფასებთან.
საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და შეეფარდა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 ნაწილზე, ამავე კოდექსის მე-6 ნაწილის „დ“, „დ.ა“, „დ.ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის ქონების გადასახადის განაკვეთი და მიღებული შემოსავლები განსაზღვროს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში ქონების გადასახადის 0,8% ით განსაზღვრის საკითხს არ ეთანხმება ვინაიდან აღნიშნულ ნორმებში ჩამოთვლილი შემოსავლებიდან ი/მ ------- გააჩნია ორი ტიპის შემოსავალი, კერძოდ: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის: დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს. ასეთი დასაბეგრ შემოსავალს წარმოადგენს კომერციული ფართის საიჯარო მომსახურებიდან მიღებული თანხისგან და რომლის დასაბეგრი შემოსავალი საგადასახადო აქტის საფუძველზე წლების შესაბამისად შეადგენს: 2021 წელს - 85 170 ლარს. 2022 წელს - 86,963 ლარს. სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტის ოდენობით. ასეთ შემოსავალს წარმოადგენს სასტუმროს ოთახიდან გაქირავების შედეგად მიღებულ შემოსავალს, რომელიც წლების შესაბამისად შეადენს 2021 წელს - 49 539 ლარს, 2022 წელს - 25 765 ლარს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შედეგად ი/მ ------- მიერ ქონების გადასახადის განაკვეთის გაანგარიშების მიზნით წლების მიხედვით შემოსავალს შეადგენს: 2021 წელი - 85 170 + 12 385 = 97 555 ლარი ( 49 539* 25%)= 12 385•2022 წელი- 86 963 + 6 440 = 93 604 (25 765 * 25%)= 6 440 ამდენად, ი/მ ------- 2021 და 2022 წლის შემოსავალია ქონების გადასახადის განაკვეთის გაანგარიშების მიზნით არ აღემატება 100 000 ლარს და აქტში გამოყენებული 0,8% განაკვეთის ნაცვლად, უნდა გამოყენებულიყო 0,2%.
ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის ხელახალი შესწავლა და შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე დარიცხული გადასახადის შემცირება.
ასევე, არ ეთანხმება ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით აქტივების რეალიზაციის დროს დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასის გამოყენებას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება შემდეგი გარემოებიდან გამომდინარე: ი/მ ------- 2021 და 2022 წლის შემოსავალია ქონების გადასახადის განაკვეთის გაანგარიშების მიზნით არ აღემატება 100 000 ლარს და აქტში გამოყენებული 0,8% განაკვეთის ნაცვლად, უნდა გამოყენებულიყო 0,2%.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის ქონების გადასახადის განაკვეთი და მიღებული შემოსავლები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. კომერციული ფართების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის შესაბამისი წლის წლიურ დეკლარაციაში ასახვა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები), ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომერციული ფართების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-9 მუხლზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ი/მ ------- შესამოწმებელ პერიოდზე შპს ------- გაფორმებული ქონდა კომერციული ფართის იჯარის ხელშეკრულება. იჯარის ყოველთვიური ღირებულება შეადგენდა 10 000 ლარი გადასახადების ჩათვლით. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ------- წარმოადგენდა ინდივიდუალურ მეწარმეს და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების თანახმად ბიუჯეტთან გადასახედების ადმინისტრირება და გადახდა მისი ვალდებულებაა შპს -------თან შეთანხმებული ზეპირსიტყვიერი შეთახმებით ი.მ ნაცვლად ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადს იხდიდა და ადეკლარირებდა შპს ------- და ი/მ ------- საბანკო ანგარიშზე ახდენდა საშემოსავლო გადახდის გარეშე იჯარის თანხის ჩარიცხვას. შესაბამისად ბიუჯეტში შპს ------- იხდიდა 2000 ლარს ხოლო 8000 ლარის ჩარიცხვას ახორციელდება ი/მ -ს საბანკო ანგარიშზე. შემოწმების შედეგად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი წარმოადგენდა ი/მ -ს და იგი თავად იყო ვალდებულება ბიუჯეტის მიმართ მოეხდინა გადასახადების ადმინისტრირება და გადახდა ი/მ მიმართ წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში დარიცხულია შესაბამისი იჯარის თანხები და განსაზღვრულია შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირებაზე. აღნიშნულს არ ეთანხმება, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ი/მ ------- მის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის ღირებულება 10 000 ლარი არ მიუღია სრულად და ღებულობდა საშემოსავლო გადასახადით დაკლებულს და ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ოპერაციიდან ბიუჯეტის მიმართ გადასახადი არ ყოფილა დამალული და იგი ბიუჯეტში გადახდილ იქნა მოიჯარის შპს ------- მიერ. ამდენად მიაჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციიდან პირის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულება არ უნდა განსაზღვრულიყო არც გადასახადის ძირითად ნაწილში და მითუმეტეს არც ჯარიმის ნაწილში.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი წარმოადგენდა ინდივიდუალურ მეწარმეს და იგი თავად იყო ვალდებული ბიუჯეტის მიმართ მოეხდინა გადასახადების ადმინისტრირება და გადახდა ი/მ მიმართ წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში დარიცხულია შესაბამისი იჯარის თანხები და განსაზღვრულია შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირებაზე. აღნიშნულს არ ეთანხმება იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ი/მ ------- მის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის ღირებულება 10 000 ლარი არ მიუღია სრულად და ღებულობდა საშემოსავლო გადასახადით დაკლებულს და ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ოპერაციიდან ბიუჯეტის მიმართ გადასახადი არ ყოფილა დამალული და იგი ბიუჯეტში გადახდილ იქნა მოიჯარის შპს ------- მიერ. ამდენად მიაჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციიდან პირის მიმართ დამატებით საგადსახადო ვალდებულება არ უნდა განსაზღვრულიყო არც გადასახადის ძირითად ნაწილში და მითუმეტეს არც ჯარიმის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომერციული ფართების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.
შემოწმების ფარგლებში, ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშება მოხდა საბანკო ამონაწერების და საკონტროლო-სალარო აპარატის ინფორმაციებზე დაყრდნობით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მომჩივანს მის საბანკო ანგარიშზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის ღირებულება 10 000 ლარი არ მიუღია სრულად და ღებულობდა საშემოსავლო გადასახადით დაკლებულს და ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ოპერაციიდან ბიუჯეტის მიმართ გადასახადი არ ყოფილა დამალული და იგი ბიუჯეტში გადახდილ იქნა მოიჯარის შპს ------- მიერ. ამდენად მიაჩნია, რომ აღნიშნული ოპერაციიდან პირის მიმართ დამატებით საგადსახადო ვალდებულება არ უნდა განსაზღვრულიყო არც გადასახადის ძირითად ნაწილში და მითუმეტეს არც ჯარიმის ნაწილში.
საგადასახადო აგენტის ვალდებულება აქვს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ. საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულია ასევე საგამონაკლისო შემთხვევები. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ იჯარის თანხის დეკლარირების ვალდებულება გააჩნდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირს, შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტი, რომ მასთან ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით მეწარმის ნაცვლად ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაეხადა შპს „-------“ კანონიერ საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. კომერციული ფართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
2023 წლის 29 დეკემბერს რეალიზებულია კომერციული ფართი 203,98 კვ.მ 380 000 ევროდ (კურსი 2.996. ეკვივალენტი ლარში 1 138 480). საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შეეფარდა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ი/მ ------- 2023 წლის 29 ოქტომბერს გააფორმა კომერციული ფართის რეალიზაციის ხელშეკრულება შპს ------- (ს/ნ -------). ი/მ ------- და შპს ,,-------’’-ს შორის შედგა შეთანხმება, რომლითაც ზემოხსენებული უძრავი ქონების საფასურად განისაზღვრა 380 000 ევრო, ხოლო სახელმწიფოს წინაშე გადასახადების გადახდა საკუთარ თავზე უნდა ეკისრა მყიდველს. 2023 წლის 29 დეკემბერს ხელი მოეწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება მომზადებულ იქნა შპს ,,-------’’ იურისტის მიერ, რომელმაც ქონების საფასურის გვერდით ფრჩხილებში მიუთითა დათქმა - გადასახადების ჩათვლით. ------- მოქმედებდა ნდობის და კეთილსინდისიერების ფარგლებში, რის გამოც ის არ გაცნობია ზეპირი შეთანხმებისგან განსხვავებულ პირობას და 2024 წლის 15 იანვარს შპს „-------“ წარმომადგენლების მოთხოვნის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ ხელშეკრულება დადებული იყო მოტყუებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ი/მ ------- მიერ დაიწყო სასამართლო დავა. რის შედეგადაც 2024 წლის 22 იანვარს, იურისტმა ------- (პ/ნ: -------), შესაბამისი სანოტარო რწმუნებულების საფუძველზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით განცხადებით მიმართა ------- საქალაქო სასამართლოს, შუამდგომლობის მიზანი გახლდათ სს ,,-------’’-ს (ს/ნ: -------) სათაო ოფისიდან ვიდეო ჩანაწერის გამოთხოვა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ------- მიზანმიმართულად იქნა მოტყუებული, მან ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა შპს „-------“ 9 წლიანი პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებული ნდობის და კეთილსინდისიერების სულისკვეთებით, არ უსარგებლია თარჯიმნის სერვისით, შესაბამისად არ გაცნობია ხელშეკრულების შინაარსს. შპს „-------“ , წინასწარი განზრახვით იმ დროს დაიბარა 70 წლის, ეთნიკურად სომეხი, რუსულენოვანი საქართველოს მოქალაქე ------- ხელშეკრულების დასადებად, როცა მისი შვილი, ------- ვერ ახერხებდა ბანკში გამოცხადებას და ეს გარემოება შემსყიდვლისთვის წინასწარ იყო ცნობილი.
2024 წლის 7 მარტს ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში აღძრულ იქნა ------- სარჩელი შპს ------- წინააღმდეგ, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: მოტყუებით დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების დაბრუნება. მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ. უძრავ ქონებაზე იურისტის დასაბუთებული შუამდგომლობის შედეგად დადებულია ყადაღა (2024 წლის 15 მარტის განჩინებით).
ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნული თემიდან გამომდინარე აქტით დამატებით დარიცხულ გადასახადს და სანქციებს არ ეთანხმება, ვიანიდან სასარჩელო მოთხოვნაა რეალიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ამდენად მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახური უნდა დაელოდოს ი/მ ------- სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უნდა მოახდინოს აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება შემდეგი გარემოებიდან გამომდინარე: ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნული თემიდან გამომდინარე აქტით დამატებით დარიცხულ გადასახადს და სანქციებს არ ეთანხმება, ვინაიდან მომჩივნის სასარჩელო მოთხოვნაა რეალიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ამდენად მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახური უნდა დაელოდოს ი/მ ------- სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უნდა მოახდინოს აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
შემოწმებით დადგენილია და თავად მომჩივანიც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ 2023 წლის 29 დეკემბერს მის მიერ რეალიზებულია 203,98 კვ.მ კომერციული ფართი 380 000 ევროდ (კურსი 2.996. ეკვივალენტი ლარში 1 138 480). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
4. საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაუცემლობის ფაქტზე შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
მომჩივანს და შპს „-------“ (ს/ნ -------) შორის 2023 წლის 29 დეკემბერს გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც შპს „-------“ ი/მ ------- შეიძინა კომერციული ფართი 203.98 კვ.მ. (მის.: -------, -------. საკადასტრო კოდი - -------), რომლის ღირებულება შეადგენს 380 000 ევროს. შპს „-------“ მეწარმესთან საბანკო ანგარიშზე 2023 წლის 29 დეკემბერს ჩარიცხული აქვს 1 138 480 ლარი, საიდანაც დღგ-ის თანხა შეადგენს 173 666 ლარს.
მომჩივნის მიერ აღნიშნულ ოპერაციაზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით განსაზღვრული დღგ-ს თანხის 100%-ის ოდენობით 173 666 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით ჯარიმები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების არ შესრულება არ ყოფილა გამოწვეული განზრახ, მასზე კონტროლის ვალდებულება ეკისრებოდა ბუღალტერს, რომელმაც პირნათლად არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება. ითხოვს, აღნიშნულ ნაწილში შეუმცირდეს აქტის შედეგად დარიცხული ჯარიმა 21,696 ლარის ოდენობით. ი/მ ------- 2023 წლის 29 ოქტომბერს გააფორმა კომერციული ფართის რეალიზაციის ხელშეკრულება შპს ------- (ს/ნ -------). ი/მ ------- და შპს ,,-------’’-ს შორის შედგა შეთანხმება, რომლითაც ზემოხსენებული უძრავი ქონების საფასურად განისაზღვრა 380 000 ევრო, ხოლო სახელმწიფოს წინაშე გადასახადების გადახდა საკუთარ თავზე უნდა ეკისრა მყიდველს. 2023 წლის 29 დეკემბერს ხელი მოეწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება მომზადებულ იქნა შპს ,,-------“ იურისტის მიერ, რომელმაც ქონების საფასურის გვერდით ფრჩხილებში მიუთითა დათქმა - გადასახადების ჩათვლით. ------- მოქმედებდა ნდობის და კეთილსინდისიერების ფარგლებში, რის გამოც ის არ გაცნობია ზეპირი შეთანხმებისგან განსხვავებულ პირობას და 2024 წლის 15 იანვარს შპს ,,-------“ წარმომადგენლების მოთხოვნის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ ხელშეკრულება დადებული იყო მოტყუებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე ი/მ ------- მიერ დაიწყო სასამართლო დავა. რის შედეგადაც 2024 წლის 22 იანვარს, იურისტმა ------- (პ/ნ: -------), შესაბამისი სანოტარო რწმუნებულების საფუძველზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის მიზნით განცხადებით მიმართა ------- საქალაქო სასამართლოს, შუამდგომლობის მიზანი გახლდათ სს ,,-------’’-ს (ს/ნ: -------) სათაო ოფისიდან ვიდეო ჩანაწერის გამოთხოვა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ------- მიზანმიმართულად იქნა მოტყუებული, მან ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა შპს „-------“ 9 წლიანი პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებული ნდობის და კეთილსინდისიერების სულისკვეთებით, არ უსარგებლია თარჯიმნის სერვისით, შესაბამისად არ გაცნობია ხელშეკრულების შინაარსს. შპს ,,-------’’, წინასწარი განზრახვით იმ დროს დაიბარა 70 წლის, ეთნიკურად სომეხი, რუსულენოვანი საქართველოს მოქალაქე ------- ხელშეკრულების დასადებად, როცა მისი შვილი, ------- ვერ ახერხებდა ბანკში გამოცხადებას და ეს გარემოება შემსყიდვლისთვის წინასწარ იყო ცნობილი.
2024 წლის 7 მარტს ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში აღძრულ იქნა ------- სარჩელი შპს „-------“ წინააღმდეგ, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: მოტყუებით დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქონების დაბრუნება. მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
აღნიშნული თემიდან გამომდინარე აქტით დამატებით დარიცხულ გადასახადს და სანქციებს არ ეთანხმება, ვიანიდან მომჩივნის სასარჩელო მოთხოვნაა რეალიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ამდენად მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახური უნდა დაელოდოს ი/მ ------- სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უნდა მოახდინოს აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება შემდეგი გარემოებიდან გამომდინარე: იმისა, გათვალისწინებით, რომ დღგ-ს რეგისტრაციის ვალდებულების არ შესრულება არ ყოფილა გამოწვეული განზრახ, აღნიშნული დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრის ზღვრის კონტროლის ვალდებულება ეკისრებოდა ბუღალტერს, რომელმაც პირნათლად არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მომჩივნის სასარჩელო მოთხოვნაა რეალიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახური უნდა დაელოდოს ი/მ ------- სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უნდა მოახდინოს აქტით დარიცხული ძირითადი გადასახადის და ჯარიმის შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირ განხილვაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურში შესულია შპს „-------“ განცხადება, რომელიც ითხოვდა დახმარებას ფაქტურის გამოწერაზე. წერილში აღნიშნავდა, რომ ვერ ახერხებდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოთხოვნის გაგზავნას, ვინაიდან მომჩივანი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადასახადის გადამხდელად, არ ასრულებდა საგადასახადო ვალდებულებას და არ გადიოდა დღგ-ის რეგისტრაციას. შემოწმების ფარგლებში გადამოწმდა აღნიშნული ფაქტი და დადასტურდა, რომ ნამდვილად არ იყო გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა და არც დღგ-ის გადამხდელად იყო მომჩივანი რეგისტრირებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს ქმედება, მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჯარიმის შეფარდება მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. კომერციული ფართების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის შესაბამისი წლის წლიურ დეკლარაციაში ასახვა და შესაბამისი გადასახადის დარიცხვა;
3. კომერციული ფართის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;
4. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუცემლობის ფაქტზე შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ 2020, 2021 და 2022 წლებში მიღებული შემოსავლები აჭარბებს 100 000 ლარს, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2021, 2022, 2023 წლების საანგარიშო პერიოდების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით და შეეფარდა ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომერციული ფართების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.
3. 2023 წლის 29 დეკემბერს რეალიზებულია კომერციული ფართი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.
4. მომჩივნის მიერ კომერციული ფართის რეალიზაციაზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, შეეფარდა ჯარიმა განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით განსაზღვრული დღგ-ს თანხის 100%-ის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1-გ); 202; 102; 159; 282;