გადაწყვეტილება №81949/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.09.2023
№ დოკუმენტი 81949/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№81949/1/2023

20 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------- “-ის 28.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №81949/1/2023).

 

დავის საგანი:

ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე უარი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.02.2023 წლის ID: "-------" შესაგებელი;

2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14826 ბრძანება.

 

სადავო თანხა: 5 787 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა 27.01.2022 წელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა № ID:"-------", რომლის საფუძველზეც მომჩივანმა მოითხოვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის 5 787 ლარის დაბრუნება.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 31.07.2023 წლის №"-------" წერილის თანახმად, მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის პირველი იანვრისთვის უფიქსირდებოდა ზედმეტად გადახდილი თანხები 5787.89 ლარის ოდენობით, რაც წარმოშობილია 1.01.2020 წლამდე, 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდში გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება მხოლოდ ისეთი ოპერაცია რომლითაც დარიცხული თანხა ტოლია ნულის, ამასთან, არ არის წარმოდგენილი დეკლარაციები, რომელთა მიხედვით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია.

ამასთან, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №31719- 21-15 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ცენტრს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად იმ გადამხდელთა იდენტიფიცირება, რომელთა ბარათზე ფიქსირდება მხოლოდ ისეთი ოპერაცია რომლითაც დარიცხული თანხა ტოლია ნულის, ასევე, ისეთი გადამხდელები, რომლებსაც 1.01.2020-1.01.2023 პერიოდში უფიქსირდებათ მხოლოდ სავარაუდო დარიცხვა, რომელიც შემცირებულია გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ნულოვანი პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციით. ზემოთ ხსენებულ იდენტიფიცირებულ გადამხდელებს 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, ჩამოეწეროს/გაუნულდეს ავტომატურად.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის ID: "-------" შესაგებლით, „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივანს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში).

აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.06.2023 წლის №14826 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე მუხლით. შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავზე, ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველ პუნქტზე, 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 135 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად პირი უკვე 6 წელია აღარ საქმიანობს, შესაბამისად ზედმეტობა, რომლის დაბრუნებასაც პირი ითხოვს ეკუთვნის და წარმოშობილია ხანდაზმულ პერიოდში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი უთითებს, რომ მისაღებია შემოსავლების სამსახურის პოზიცია, თუმცა ის ზედმეტობა რომლის დაბრუნებასაც ითხოვდა, 5787 ლარი, 15 მაისს გაურკვეველი მიზეზით ჩამოეწერა ზედმეტობიდან. მისთვის გასაგებია რომ ხანდაზმულობის გამო ვერ დაიბრუნებს ამ თანხას, მაგრამ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, ბალანსზე, ზედმეტობიდან რის საფუძველზე მოხდა ჩამოჭრა? რატომ არ ეცნობა ამის თაობაზე შეტყობინების სახით? ან სად გაქრა ეს თანხა, მისთვის გაუგებარია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდლს უფლება აქვს, დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა.

საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელს დაუბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას. საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისს 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:

1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, საგადასახადო ორგანო თავადაც არის უფლებამოსილი მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია იმ გადამხდელებს, რომელთაც პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებათ ზედმეტად გადახდილი გადასახადი. ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე. ასევე, მოწმდება ზედმეტად გადახდილი გადასახადის წარმოშობის თარიღი, დადგენილი წესის შესაბამისად შევსებული, საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების ფორმების პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად ასახვა (პროცედურა არ გულისხმობს დეკლარაციაში/ანგარიშგებაში ასახული მონაცემების სისწორის კონტროლს/დადგენას). ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ: გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში).

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).

საბჭო ყურადრებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

1) მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის პირველი იანვრისთვის უფიქსირდებოდა ზედმეტად გადახდილი თანხები 5 787.89 ლარის ოდენობით, რაც წარმოშობილია 1.01.2020 წლამდე;

2) 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება მხოლოდ ისეთი ოპერაცია, რომლითაც დარიცხული თანხა ტოლია ნულის, ამასთან, არ არის წარმოდგენილი დეკლარაციები, რომელთა მიხედვით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია;

3) გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის 2020 წლამდე წარმოშობილი ზედმეტობის უკან დაბრუნების მოთხოვნის წარდგენის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 31.12.2022 წლისთვის არსებული ზედმეტობის დაბრუნებაზე უარი და 15.05.2023 წელს მისი ავტომატურ რეჟიმში ჩამოწერა მართებულია და არ არსებობს ამ საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანისთვის მისაღებია შემოსავლების სამსახურის პოზიცია, თუმცა ის ზედმეტობა რომლის დაბრუნებასაც ითხოვდა გაუგება რა საფძვლით ჩამოეჭრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა მოითხოვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წერილის თანახმად, მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის პირველი იანვრისთვის უფიქსირდებოდა ზედმეტად გადახდილი თანხები, რაც წარმოშობილია 1.01.2020 წლამდე, 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდში გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება მხოლოდ ისეთი ოპერაცია რომლითაც დარიცხული თანხა ტოლია ნულის, ამასთან, არ არის წარმოდგენილი დეკლარაციები, რომელთა მიხედვით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია.

მომჩივანს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა (ხანდაზმული მოთხოვნის ნაწილში).

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 31.12.2022 წლისთვის არსებული ზედმეტობის დაბრუნებაზე უარი და 15.05.2023 წელს მისი ავტომატურ რეჟიმში ჩამოწერა მართებულია და არ არსებობს ამ საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

4(8),63,65(2)

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისს 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია VI1