შეღავათი სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირისათვის N 1507
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
შეღავათი სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირისათვის N 1507
ფაქტობრივი გარემოებები
· ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირი ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, ეწევა მარცვლეული კულტურების (ხორბალი, ქერი, მზესუმზირა და სხვა) მოყვანას და რეალიზაციას. პირს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში ჰყავს დაქირავებული თანამშრომლები, რომლებსაც განიხილავს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულ პირებად.
· ვარიანტი I: პირი თანამშრომლებზე გადახდილ ხელფასს ბეგრავდა საშემოსავლო გადასახადით, რადგან მოელოდა რომ მისი სასოფლოსამეურნეო საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბებდა 200 000 ლარს. პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა არ გადააჭარბა 200 000 ლარს, რის გამოც, მან ისარგებლა სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც'' ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით, დააკორექტირა შესაბამისი პერიოდის დეკლარაცია.
· ვარიანტი II: პირი მოელოდა რომ მისი სასოფლოსამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ გადააჭარბებდა 200 000 ლარს, შესაბამისად, თანამშრომლებისთვის გადახდილი ხელფასიდან არ აკავებდა საშემოსავლო გადასახადს. პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში არ გადააჭარბა 200 000 ლარს.
· ვარიანტი III: პირი მოელოდა, რომ მისი სასოფლოსამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ გადააჭარბებდა 200 000 ლარს, რის გამოც თანამშრომლებისთვის გადახდილი ხელფასიდან არ აკავებდა საშემოსავლო გადასახადს. პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 200 000 ლარს. რის გამოც პირმა შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში შეიტანა ცვლილება და თანამშრომლებზე გაცემული ხელფასი დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შეფასება
· სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც'' ქვეპუნქტის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.
· სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი კერძოდ, პირი რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია, ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში- შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
· სამივე ვარიანტში: პირის ქმედება მართლზომიერია.
ღონისძიებები
· სამივე ვარიანტში: გადასახადის გადამხდელის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2022 წლის 23 ივნისს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით