გადაწყვეტილება №18574/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18574/2/2022
10.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------------- (ს/ნ ---------------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------------ის 29.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18574/2/2022).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი;
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №007-200 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №30915 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 246 234 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 157 273
დღგ - 153 987
საშემოსავლო გადასახადი - 3 286
ჯარიმა - 77 746
საურავი - 11 215
პროცედურული გარემოებები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1996 წლის - მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2010 წლის - ოქტომბერს. მისი ეკონომიკური საქმიანობაა ტანისამოსისა და აქსესუარების ჩინეთიდან იმპორტი და ლილოს ტერიტორიაზე რეალიზაცია მაღაზიის ტიპის ობიექტიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3318 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის - იანვრიდან 2022 წლის - ივნისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №19065 ბრძანება და №007-200 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 246 234 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 12 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 8 დეკემბრის №30915 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების კომპიუტერული პროგრამა „ორისის“ შესწავლით დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ მოხერხდა. საქონლის შეძენა/რეალიზაცია/ჩამოწერა სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით არ არის აღრიცხული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და გადასახადის გადამხდელთან 2022 წლის 2 მაისს ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით ვერ მოხერხდა საქონლის სახეობებისა და რაოდენობების შესაბამისად დაკავშირება.
შედეგად, ფასნამატად აღებულ იქნა აუდირებული ფასნამატი ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე - 40%. დეკლარირებულ შემოსავალში გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებს უჭირავს 0.03%-იანი წილი. შემოწმებით, შემოსავალი გაანგარიშდა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად აუდირებულ ფასნამატზე დაყრდნობით. გაანგარიშებაში ასევე გამოყენებულია №1701 სიტუაციური სახელმძღვანელო. შემოწმების შედეგად, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დადგენილ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რამაც შეადგინა 855 482 ლარი.
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ირკვევა, რომ მეწარმის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 2019 წელს 102 003 ლარს, 2020 წელს - 31 108 ლარს, 2021 წელს - 51 781 ლარს. დეკლარირებული ფასნამატი 2019 წელს შეადგენს 19%-ს, 2020 წელს - 20%-ს, 2021 წელს - 28%-ს. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები გაიზრდა 21 610 ლარით. შედეგად, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და ხარჯი. მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 73-ე, 61-ე, მე100, 102-ე, 161-ე, 171-ე, 159-ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა ორისში, შემოსავალი და ხარჯი სრულადაა ასახული პროგრამაში პირველადი დოკუმენტების საფუძველზე. მეწარმე, ლილოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ აწარმოებს საქონლის სახეობების მიხედვით რაოდენობრივ-თანხობრივ აღრიცხვას პროგრამაში. აქვს ექსელის ცხრილები, სადაც საქონლის ღირებულებას აღრიცხავს შემდეგნაირად: საქონლის თვითღირებულებას ამატებს ტრანსპორტირების ხარჯს და საბაჟო გადასახდელებს და გამოყავს თვითღირებულება. ძირითადი საქონელი არის დუტის ქურთუკი, ქამარი, საცურაო კოსტუმი.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლზე.
2022 წლის 2 მაისს ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. ივენტარიზაციის მასალები გადაეცა აუდიტის დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისთვის. ინვენტარიზაციის დროს აღიწერა სმფ-ების ნაშთი სარეალიზაციო ფასით 687 644 ლარი. ინვენტარიზაციის დროს გადასახადის გადამხდელის მიერ განმარტებული იქნა შემოსავლების სამსახურის თანაშრომლისთვის, რომ აწოდებდა სარეალიზაციო ფასს, ასევე თხოვდა მიცემოდა საშუალება საქონლის იდენტიფიცირების, რათა მიეწერა თვითღირებულება თითოეული საქონლისთვის. თუმცა, არ მიეცა ამის საშუალება და განუმარტეს, რომ აუდიტის დეპარტამენტში მიცემდნენ ამის საშუალებას. გასულ წლებში, პანდემიიდან გამომდინარე, ლილოს ბაზრობა არ ფუნქციონირებდა, არ ხდებოდა ასევე ჩინეთიდან საქონლის იმპორტი. სულ შესამოწმებელ პერიოდში, 2019-2022 წლებში, მეწარმეს შეძენილი აქვს 331 282 ლარის საქონელი, რაც ბევრად ნაკლებია ინვენტარიზაციით აღწერილ საქონელზე. ამ ეტაპზე აქვს წლების განმავლობაში დაგროვილი ნაშთი. აქვს ისეთი საქონელი, რომელიც მოძველებული და მოდიდან გამოსულია. მაგ., ჯინსის შარვლები, ჯინსის ქურთუკები, ჯინსის კაბები, რომლებიც 2010- 2011 წლებშია შემოტანილი, საბაჟო დეკლარაციით: 58748, 65281, 60844, 14378, 38013. მომჩივანს მას შემდეგ ჯინსის იმპორტი აღარ განუხორციელებია. აღნიშნული საქონელი აქვს ნაშთად და მისი სარეალიზაციო ფასი განსაზღვრული აქვს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, შესაძლო სარეალიზაციო ფასად. ასევე, შესაძლო სარეალიზაციო ფასად აქვს გასული წლის ქურთუკები და ა.შ., რადგან მოდიდან გამოსულია და ვიზუალურადაც შელახულია. ამას დაადასტურებს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ინვენტარიზაციას ესწრებოდა.
არ ეთანხმება შემოწმების აქტით დარიცხულ გადასახადებს შემდეგი მიზეზებიდან გამომდინარე:
1. აუდიტორის გაანგარიშება არის არასაწორი, არ აქვს გამოყვანილი საქონლის თვითღირებულება, არ აქვს შედარებული ბუღალტრულ ჩანაწერებთან. ინვენტარიზაციის დროს აღწერილ სმფ-ების ნაშთს სარეალიზაციო ფასით 687 644 ლარს დააკლო მხოლოდ დღგ და ჩათვალა, რომ 582 749 ლარი არის საქონლის თვითღირებულება, რაც არასწორია. აუდიტორმა აქტი შეადგინა მომჩივნთან კომუნიკაციის გარეშე. მეწარმის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ მოეხდინა ინვენტარიზაციით აღრიცხული საქონლის იდენტიფიცირება, არ მიეცა ამის საშუალება. აუდიტორმა აქტი შეადგინა ისე, რომ არ იცოდა რას ითვალისწინებდა. აქტის გამოცემის შემდგომ კომინიკაციისას მან აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, დაარიცხა მეტი, რადგან ინვენტარიზაციით საქონელი იყო აღრიცხული სარელეაიზაციო ფასით და მან ჩათვალა, რომ ეს იყო საქონლის თვითღირებულება. ეს საჩივარში დეტალურად აქვს აღწერილი, ასევე ითხოვდა სხდომაზე დასწრებას, რომ მოესმინა არგუმენტები, თუმცა არ დაასწრეს და მის გარეშე განიხილეს. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 163-ე და 286-ე მუხლებზე.
2. აუდიტორს გამოყენებული აქვს 40% ფასნამატი. როგორც უკვე აღნიშნა, შემოწმება შეეხო 2019- 2022 წლებს. პანდემიის გამო ამ პერიოდში ლილოს ბაზრობა არ ფუნქციონირებდა სრული დატვირთვით, არ ხდებოდა საქონლის იმპორტი ჩინეთიდან და ახდენდა ძველი საქონლის რეალიზაციას ნებისმიერ ფასად თვითგადარჩენისთვის. აქტში აუდიტორების მიერ არ არის დასაბუთებული საიდან აიღო ლილოს ბაზრობაზე 40% ფასნამატი, როცა ლილოში ეწევიან საბითიმო რეალიზაციას დაბალი ფასნამატით. მცირე რაოდენობით აქვს ზედნადებებით რეალიზაცია, საიდანაც ასევე შეეძლო განესაზღვრა საშუალო ფასნამატი. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლზე.
3. გადაუანგარიშა 2019-2022 წლების რეალიზაცია 40% ფანამატით. განმარტავს, რომ პანდემიის პერიოდში საცურაო კოსტუმებს, ქამრებს და დუტის ქურთუკებს ყიდიდა ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებით.
4. საშემოსავლო გადასახადიდან არ გამოუქვითა კუთვნილი შეღავათი - 6 000 ლარი. ცნობას წარუდგენს აუდიტორებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს ან/და დაკორექტირდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა. მოხდეს მეწარმის ჩართულობა შემოწმების დროს, აუდიტორებმა საფუძვლიანად შეისწავლონ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მიეცეს საშუალება წარადგინოს ცნობა. შეიცვალოს დარიცხვისთვის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი. შეიცვალოს დაუსაბუთებელი 40% ფასნამატი.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ იქნა საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების კომპიუტერული პროგრამა ორისის ასლი. წარდგენილი პროგრამის შესწავლით დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ მოხერხდა. საქონლის შეძენა/რეალიზაცია/ჩამოწერა სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით არ არის აღრიცხული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და მეწარმესთან 2022 წლის 2 მაისს ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციაზე დაყრდნობით ვერ მოხერხდა საქონლის სახეობებისა და რაოდენობების დაკავშირება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს გამოყენებული აქვს 40%-იანი ფასნამატი, რაც არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან ლილოში ეწევიან საბითუმო რეალიზაციას დაბალი ფასნამატით. ასევე, მოდიდან გამოსულ საქონელს ყიდდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, ხოლო პანდემიის პერიოდში საცურაო კოსტუმებს, ქამრებს და დუტის ქურთუკებს ყიდდა ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებით.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ აქვს ექსელის ცხრილები და შესაძლებელია საქონლის იდენტიფიცირება და რაოდენობრივი-თანხობრივი შედარება.
მეწარმე განმარტავს, რომ გაანგარიშება არის არასწორი. ინვენტარიზაციის დროს აღწერილ სმფების ნაშთს სარეალიზაციო ფასით დააკლეს მხოლოდ დღგ და ჩათვალეს, რომ არის საქონლის თვითღირებულება. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დაადასტურა, რომ გაანგარიშებისას დაშვებულია შეცდომა.
ამასთან, მომჩივანი აცხადებს, რომ არის აფხაზეთის ომის ვეტერანი და შემოწმებისას არ არის გათვალისწინებული შესაბამისი შეღავათი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №007-200 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 246 234 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 157 273 ლარი, ჯარიმა - 77 746 ლარი და საურავი - 11 215 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №30915 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.