ჯარიმის თანხის დაბეგვრა მოგების გადასახადით N 2651
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ჯარიმის თანხის დაბეგვრა მოგების გადასახადით N 2651
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, საქმიანობას წარმოადგენს სალიზინგო მომსახურების გაწევა, რაც გულისხმობს საწარმოს საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომობილების (8703 კოდი) ფიზიკური პირებისათვის სარგებლობაში გადაცემას, დათქმული ვადით. ხოლო ლიზინგის მიმღები იხდის საზღაურს დადგენილი პერიოდულობით.
· ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად, უშუალოდ ლიზინგის მიმღების დაუსწრებლად გაფორმებული ჯარიმების (ვიდეო ჯარიმების) თაობაზე ფიზიკურ პირს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების ფორმით და საწარმოს მიერ განესაზღვრება ვადა მის დასაფარად. ისეთ შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის მიმღები, მიუხედავად შეტყობინებისა, არ იხდის ჯარიმის თანხას, ჯარიმის დაფარვას ახორციელებს საწარმო, საწარმოს აქტივებზე იძულებითი ღონისძიებების გატარებისა და საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით. ამასთან, ლიზინგის მიმღები ვალდებულია, აანაზღაუროს დაკისრებული ჯარიმა, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალებასთან ან რომელთა დაფარვა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, მოსარგებლეს, მფლობელს და მესაკუთრეს. ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული შენატანიდან კი პირველ რიგში იფარება ჯარიმის თანხა, რომელიც არ წარმოადგენს ლიზინგის თანხას.
· საწარმო აღნიშნული ჯარიმების დაფარვას არ მიიჩნევს ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და არ ბეგრავს მოგების გადასახადით.
შეფასება
· საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
· ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ ჯარიმის დაფარვა ხორციელდება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის მიმღები, მიუხედავად მიღებული შეტყობინებისა, არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას (არ იხდის ჯარიმის თანხას), რათა თავიდან იქნეს არიდებული საწარმოს აქტივებზე იძულებითი ღონისძიებების გატარება და საქმიანობის შეფერხება, აღნიშნული ოპერაცია თავისი შინაარსისა და მიზნობრიობის გათვალისწინებით, არ უნდა იქნეს განხილული როგორც სასესხო ურთიერთობა. შესაბამისად, ჯარიმის თანხები არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას სსკ-ის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის მიხედვით. ამდენად, საწარმოს ქმედება მართლზომიერია.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და საგადასახაო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 24 ოქტომბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით