გადაწყვეტილება №21933/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.03.2024
№ დოკუმენტი 21933/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21933/2/2024

06 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ს 12.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21933/2/2024).

 

დავის საგანი:

1. გამოუყენებელი და დაუბრუნებელი აქციზური მარკების გამო სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად ჩათვლა და აქციზის გადასახადის დარიცხვა;

2. დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის №001-237 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32663 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 323 580.49 ლარი.

მათ შორის:

აქციზის გადასახადი - 159 408

ჯარიმა - 79 704

საურავი - 84 468.49

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აქციზის გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №14497 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 9.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანს 01.04.2022 წელს შერჩეული პირისგან შპს „--------გან“ (ს/ნ ------) შეძენილი აქვს 10 000 ცალი ლუდის აქციზური მარკა, რომლის სრულად გამოყენება ან დაბრუნება გასს-ის მონაცემებზე დაყრდნობით ვერ დგინდება. ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან გამოთხოვილია შერჩეული პირის მიერ მომჩივანზე გაცემული აქციზური მარკების გამოყენების და მის მიერ დაბრუნებული აქციზური მარკების შესახებ მონაცემები. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მომჩივანს გატანილი აქვს 10 000 ცალი ლუდის აქციზური მარკა.

ამასთან, გატანილი აქციზური მარკების შერჩეული პირის ბაზაში აქტივაციის და გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების ფაქტი არ ფიქსირდება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის აპრილის თვიდან 2022 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით იმპორტირებულია 160 ერთეული 30 ლიტრიანი კასრი ლუდი. ვინაიდან აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, გამოუყენებელი მარკების დაუბრუნებლობა ითვლება სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქევყნის შიგნით მიწოდებად და ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა აქციზის გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2023 წლის №25357 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-237 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.12.2023 წლის №32663 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 183-ე მუხლზე, 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 192-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დაადგინა, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად განხილვა და შესაბამისად აქციზით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმის არცოდნაზე, აღნიშნავს, რომ მის მიერ შეძენილი იქნა 10 000 ცალი ლუდის აქციზური მარკა, საიდანაც გახარჯა მხოლოდ 160 ერთეული 30 ლიტრიანი კასრი ლუდი. შემდგომ პერიოდში იმპორტი არ განუხორციელებია, დარჩენილი გაუხარჯავი მარკები დაუზიანებელ მდგომარეობაში ინახება მასთან, არ განუხოციელებია შემდგომში ლუდის იმპორტი, რადგან უკვე შემოტანილი 160 ერთეული ლუდის რეალიზაციისას მოგების ნაცვლად მიიღო ზარალი. როგორც მომჩივანი აღნიშნავს, მისთვის უცნობი იყო, საგადასახადო კოდქსის შესაბამისი ნორმა, რომლის მიხედვითაც თუ აქციზური მარკების აღებიდან 6 თვის პერიოდში იმპორტს არ განახორციელებდა, აქციზური მარკები უნდა დაებრუნებინა.

ითხოვს, გათვალისწინებული იქნეს ის გარემოება, რომ არ აქვს საშუალება გადაიხადოს ამ ოდენობით გადასახადი და ჯარიმა-საურავი იმ ოპერაციებზე, რომელთა განხორციელებას შემდგომში აღარ აპირებს და დავის განმხილველ ორგანოს მიმართავს თხოვნით, შეუმციროს აქციზის გადასახადი უკან დაბრუნებული გაუხარჯავი მარკების ანგარიში და როგორც კეთილსინდისიერ გადამხდელს, ეპატიოს არაშეგნებულად და უცოდინრობით დაშვებული შეცდომის გამო დარიცხული ჯარიმა-საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში.

საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დაბეგვრის ობიექტია აქციზური საქონლის იმპორტი.

საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება ალკოჰოლიანი სასმლისთვის – ალკოჰოლიანი სასმლის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, პირის მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები დაბრუნებას ექვემდებარება. 6-თვიანი პერიოდის გასვლის მომდევნო დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის მიიჩნევა აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას, გადასახდელად დარიცხული აქციზი გადაანგარიშდება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად.

საგადასახადო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენს ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი, იმავე ნაწილებით გათვალისწინებული აქციზით დაბეგვრის ვალდებულების წარმოშობისას.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს 1.04.2022 წელს, შერჩეული პირისგან შეძენილი აქვს 10 000 ცალი ლუდის აქციზური მარკა, რომლის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში არ განუხორციელებია გამოუყენებელი აქციზური მარკების დაბრუნება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის აპრილის თვიდან 2022 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით იმპორტირებული აქვს 160 ერთეული 30 ლიტრიანი კასრი ლუდი.

მომჩივანი მიუთითებს, რომ ადგილზე აქვს გაუხარჯავი და დაუზიანებელი აქციზური მარკები, რომელთა განსაზღვრულ ვადაში დაუბრუნებლობის ერთადერთ მიზეზად ასახელებს კანონის შესაბამისი ნორმის არცოდნის შედეგად არაშეგნებულად დაშვებულ შეცდომას და დავის განმხილველ ორგანოს მიმართავს თხოვნით, შეუმციროს აქციზის გადასახადი უკან დაბრუნებული გაუხარჯავი და დაუზიანებელი აქციზური მარკების ნაწილში და როგორც კეთილსინდისიერ გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ეპატიოს არაშეგნებულად და უცოდინრობით დაშვებული შეცდომის გამო დარიცხული ჯარიმა-საურავი.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის დამატებით შესწავლას მოითხოვს საქმის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32663 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32663 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გამოუყენებელი და დაუბრუნებელი აქციზური მარკების გამო სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად ჩათვლა და აქციზის გადასახადის დარიცხვა;

2. დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს 01.04.2022 წელს შერჩეული პირისგან შეძენილი აქვს 10 000 ცალი ლუდის აქციზური მარკა, რომლის სრულად გამოყენება ან დაბრუნება გასს-ის მონაცემებზე დაყრდნობით ვერ დგინდება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის აპრილის თვიდან 2022 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით იმპორტირებულია 160 ერთეული 30 ლიტრიანი კასრი ლუდი. ვინაიდან აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, გამოუყენებელი მარკების დაუბრუნებლობა ითვლება სავალდებულო ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქევყნის შიგნით მიწოდებად და ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა აქციზის გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის დამატებით შესწავლას მოითხოვს საქმის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 25.12.2023 წლის №32663 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 183"ბ", 185(1"ბ"), 192(7).