ბრძანება N 1982
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1982
05 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ს (ს/ნ ------)
(მის.: --------)
2023 წლის 21 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „------“-ს (ს/ნ -----) 2023 წლის 21 დეკემბრის №86188/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ნოემბრის №044-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, ასევე საერთაშორისო გადაზიდვების მიხედვით განსაზღვრულ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვას. მიუთითებს, რომ საწარმომ შეასრულა გადაზიდვები ------ს მიმართულებით, რაც დაიბეგრა კიდეც დეკლარაციით, თუმცა დეკლარაციით არ დაიბეგრა მძღოლის მიერ საპირისპირო (-------დან - ------ს) მიმართულებით საწვავის სანაცვლოდ შესრულებული გადაზიდვა. აღნიშნავს, რომ მოცემულ გარემოებაზე, გადამხდელის განმარტების გარდა, მიუთითებს ტვირთის სახეობა (ქვიშა, ცემენტი, ბლოკი), გადაზიდვის თარიღი და მიმართულება. მიუთითებს, რომ ამგვარი გადაზიდვა საწარმოსათვის ეკონომიკურად მისაღები იყო, თუმცა იგი გადაზიდვის საბაზრო ფასით კი არ უნდა შეფასებულიყო, არამედ გადახდილი თანხით - საწვავის ღირებულებით. აცხადებს, რომ საერთაშორისო გადაზიდვების მიხედვით დაუსაბუთებლად არის გაზრდილი შემოსავლების მოცულობა. აღნიშნავს, რომ საერთაშორისო გადაზიდვებს გადამხდელი მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით ახორციელებდა, ხოლო შემოწმებამ საბანკო ამონაწერებთან შედარებით გაცილებით მეტი ბრუნვა დააფიქსირა.
2. არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. მიუთითებს, რომ საწარმოს დამფუძნებლის მიერ 100%-იანი წილის შეძენის პერიოდში (2019 წლის თებერვალი) საწარმო სატრანსპორტო საშუალებას უკვე ფლობდა. შესაბამისად, 2020 წელს შეძენილი ავტოსათადარიგო ნაწილები აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების რემონტისათვის იყო განკუთვნილი. ასევე, 2022 წლის ივლისში შეძენილი ავტოსათადარიგო ნაწილებიც განკუთვნილი იყო 2022 წლის ივნისში რეალიზებული სატრანსპორტო საშუალებისათვის მისი გამართულ მდგომარეობაში გადაცემის მიზნით. გადასახადის გადამხდელის პოზიციით, აღნიშნულ შეძენებზე დღგ-ის ჩათვლები გაუქმებას არ ექვემდებარებოდა. რაც შეეხება ნახსენები პერიოდის შემდეგ შეძენილ სათადარიგო ნაწილებსა და მომსახურებას, მომჩივნის არგუმენტაციით, ისინი განკუთვნილი იყო საწარმოს პარტნიორის ოჯახის კუთვნილი ავტომობილის რემონტის მიზნით, რის გამოც დღგ-ის ჩათვლა კი არ უნდა გაუქმებულიყო, არამედ უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი კვალიფიკაცია და დაბეგვრა.
3. არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არასწორადაა განსაზღვრული საწარმოს შემოსავლები. ასევე არ ეთანხმება, შემოწმების მიერ განსაზღვრულ საწარმოს ხარჯებს. აცხადებს, რომ ავტოსატრანსპორტო გადაზიდვები საწვავის ხარჯის გარეშე ვერ ხორციელდება, ხოლო საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო გადაზიდვები ვერ ხორციელდება საწვავის ხარჯისა და მძღოლის მივლინების ხარჯის გარეშე. ითხოვს ავტოსატრანსპორტო გადაზიდვების საწვავისა და მივლინების ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და ფულადი სახსრების გასავლებში გათვალისწინებას.
4. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 აგვისტოს №21196 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 16 ნოემბრის №28238 ბრძანება და ამავე თარიღის №044-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 58 579 ლარი, მათ შორის, გადასახადი 30 619 ლარი, ჯარიმა 15 609 ლარი და საურავი 12 351 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს ძირითადი საქმიანობის სახეს წარმოადგენს სატვირთო ავტომობილით (მარცვლეულის გადამზიდავი) ადგილობრივი და საერთაშორისო (-----------) გადაზიდვების განხორციელება. შესრულებული მომსახურებების ნაწილზე გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზე წარდგენილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები. საწარმოს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და მის საფუძველზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამიტომ შემოწმება დაეყრდნო გადამხდელის მიერ მოწოდებულ საბანკო ანგარიშების ამონაწერებს, ახსნა-განმარტებებს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, კერძოდ: შესწავლილ იქნა საწარმოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობა საბაჟო დეკლარაციებში, საზღვრის კვეთაში, სასაქონლო ზედნადებებში და აღნიშნულ მონაცემებთან საბაკო ამონაწერებისა და საწარმოს დირექტორის განმარტებების შეჯერებით დადგინდა მომსახურების განხორციელების თითოეული ეტაპის დრო და ღირებულება. მიღებული დასაბეგრი და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების მიხედვით დაზუსტდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები, შედეგად, საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. შეძენილი საქონლის უმეტეს ნაწილს წარმოადგენს სატვირთო ავტომობილის სათადარიგო ნაწილები. შემოწმებით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საწარმოს სატვირთო ავტომობილის ფლობის და ასევე მისი რეალიზაციის შემდგომ პერიოდში უფიქსირდება ისეთი საქონლის შეძენა, რომელიც არ არის გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში, ხოლო ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. შემოწმებით დაზუსტდა საწარმოს კუთვნილი ჩასათვლელი თანხები, შედეგად, საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
3. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს წარდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები, რომლითაც დაბეგრილი აქვს დაქირავებულ თანამშრომელზე (ბუღალტერზე) გაცემული ანაზღაურება. გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილ განმარტებებზე, საბანკო ამონაწერებზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, სადაც მიღებულად ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში ყველა გაწეული მომსახურების ღირებულება, ხოლო ყველა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეძენა - გადახდილად. შედეგად, გამოვლენილი ნაღდი ფულის დადებითი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საწარმოს შესრულებული გადაზიდვების ნაწილზე გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მათ საფუძველზე წარდგენილი აქვს დღგ-ს დეკლარაციები. საწარმოს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, რის გამოც შემოწმება დაეყრდნო გადამხდელის მიერ მოწოდებულ საბანკო ანგარიშების ამონაწერებს, ახსნაგანმარტებებს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, რომელთა საშუალებითაც დადგინდა მომსახურების განხორციელების დრო და ღირებულება. მიღებული და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების მიხედვით დაზუსტდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები და საწარმოს განესაზღრა საგადასახადო ვალდებულებები.
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, საპირისპირო მიმართულების (--------ს) გადაზიდვებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სადავო გადაზიდვები არ ყოფილა გათვალისწინებული საწარმოს შემოსავლებში. ამასთან, აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემდეგი გარემოებების გამო, კერძოდ, 2021 წლის ივნისის თვეში საწარმოს მიერ დამატებული ღირებულების გადასახადით არ იყო დაბეგრილი 2021 წლის 16 ივნისს ------, ----- - -------, ------ს მიმართულებით განხორციელებული გადაზიდვის მომსახურება (ბანკში ჩარიცხულია 881.3 ლარი) და ამავე წლის 23 ივნისის სასტუმრო მომსახურებით საწარმოს საბანკო ანგარიშზე მიღებული შემოსავალი (1100 ლარი); ხოლო 2021 წლის ოქტომბრის თვეში საწარმოს მიერ დღგ-ით არ იყო დაბეგრილი 19 ოქტომბრისა და 21 ოქტომბრის (-------, ----- - -------, --------ს №--- მიმართულებით) ორი გადაზიდვის მომსახურების ღირებულება (ბანკში ჩარიცხულია 891.8 ლარი და 928.9 ლარი).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოს დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტებია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. შეძენილი საქონლის უმეტეს ნაწილს წარმოადგენს სატვირთო ავტომობილის სათადარიგო ნაწილები. საწარმოს ასევე უფიქსირდება ისეთი საქონლის შეძენა, რომელიც არ არის გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში, რაზეც საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. შემოწმებით დაზუსტდა საწარმოს კუთვნილი ჩასათვლელი თანხები და განესაზღვრა შესაბამისი ვალდებულებები.
გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს სატვირთო ავტომობილის რეალიზაციის შემდგომ პერიოდშიც უფიქსირდებოდა სათადარიგო ნაწილების შეძენა და მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით განხორციელებული დღგ-ის ჩათვლა. ასევე, საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით, გაიმიჯნა ის საქონელი, რომელიც არ იყო განკუთვნილი სატვირთოს საჭიროებისათვის, მათ შორის მისი ფლობის პერიოდშიც.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი განმარტებების, საბანკო ამონაწერებისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, სადაც მიღებულად ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში ყველა გაწეული მომსახურების ღირებულება, ხოლო ყველა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეძენა - გადახდილად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილი ნაღდი ფულის სხვაობა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმად, მომჩივანი ითხოვს ავტოსატრანსპორტო გადაზიდვების საწვავის ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და ფულადი სახსრების გასავლებში გათვალისწინებას. ამასთან, საჩივრის დანართად წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში წარდგენილი განცხადების საწვავის წვის ხარჯის დადგენასთან დაკავშირებით დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საწვავის ხარჯის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, ასევე საერთაშორისო გადაზიდვების მიხედვით განსაზღვრულ დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვას.
2. არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას.
3. არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
4. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საწარმოს ძირითადი საქმიანობის სახეს წარმოადგენს სატვირთო ავტომობილით (მარცვლეულის გადამზიდავი) ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება. შესრულებული მომსახურებების ნაწილზე გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზე წარდგენილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები. საწარმოს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და მის საფუძველზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ამიტომ შემოწმება დაეყრდნო გადამხდელის მიერ მოწოდებულ საბანკო ანგარიშების ამონაწერებს, ახსნა-განმარტებებს და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, კერძოდ: შესწავლილ იქნა საწარმოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობა საბაჟო დეკლარაციებში, საზღვრის კვეთაში, სასაქონლო ზედნადებებში და აღნიშნულ მონაცემებთან საბაკო ამონაწერებისა და საწარმოს დირექტორის განმარტებების შეჯერებით დადგინდა მომსახურების განხორციელების თითოეული ეტაპის დრო და ღირებულება. მიღებული დასაბეგრი და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების მიხედვით დაზუსტდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები, შედეგად, საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. შეძენილი საქონლის უმეტეს ნაწილს წარმოადგენს სატვირთო ავტომობილის სათადარიგო ნაწილები. შემოწმებით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საწარმოს სატვირთო ავტომობილის ფლობის და ასევე მისი რეალიზაციის შემდგომ პერიოდში უფიქსირდება ისეთი საქონლის შეძენა, რომელიც არ არის გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში, ხოლო ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. შემოწმებით დაზუსტდა საწარმოს კუთვნილი ჩასათვლელი თანხები, შედეგად, საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
3. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს წარდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები, რომლითაც დაბეგრილი აქვს დაქირავებულ თანამშრომელზე (ბუღალტერზე) გაცემული ანაზღაურება. გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილ განმარტებებზე, საბანკო ამონაწერებზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, სადაც მიღებულად ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში ყველა გაწეული მომსახურების ღირებულება, ხოლო ყველა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეძენა - გადახდილად. შედეგად, გამოვლენილი ნაღდი ფულის დადებითი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებით საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საწვავის ხარჯის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 174(1)(2)(3), 175(1"ა"), 176(1"ა"), 73(4)(5)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ")(3"ა"), 269(7).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა"), 173(1)(2"ა"), 174(1"ა")(2"ა.ა").