ბრძანება N 20119
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20119
15 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--ის“ (ს/ნ --)
(ფაქტ. ---) 2023 წლის 30 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 30 მაისის №81369/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მაისის №002-71 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „---სთვის“ გამოწერილი საგადსახადო ანგარიშ-ფაქტურების ფიქტიურად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები არის რეალური, რომლის მიწოდება განხორციელდა შპს „--თვის“ და გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. შესაბამისად შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება გაუქმებას. ასევე მიუთითებს, რომ შემოწმების აქტით დარიცხულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი და აღნიშნული კარიერიდან მოპოვებული ბუნებრივი რესურსი (ქვიშა-ღორღი) სწორედ იმ ობიექტებზე იქნა გამოყენებული სამუშაოების შესასრულებლად რომელიც კომპანიამ მიაწოდა შპს „---ს“ და ამ სამუშაოების შესრულებაზე არის გამოწერილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კიდევ ერთ დამატებით უტყუარ მტკიცებულებას, რომ სამუშაოების შესრულება არის რეალური და რეალიზაციაზე გამოწერილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები სრულად შესაბამისობაში კანონმდებლობასთან და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირებას. განმარტავს, რომ არცერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ორჯერ ჩათვლა არ განხორციელებულა და აუდიტის დარიცხვა არ შეესაბამება რეალურ შედეგებს.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას ე.წ „აგროსვის“ მეთოდით. განმარტავს, რომ აღნიშნული მეთოდით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 25%-ს ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი 20%-ისა. შესაბამისად, ხელფასად გაცემული თანხების დაბეგვრა უნდა განხორციელდეს 20%-იანი განაკვეთით და შემცირდეს დარიცხული თანხები.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სხვადასხვა სახის საქონლის/მომსახურების შეძენის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანიაში დასაქმებულები სამუშაოების შესრულების პერიოდში იყენებენ მობილურ/სატელეფონო კავშირს სხვადსხვა საკითხების გადასაწყვეტად, შესათანხმებლად, მომწოდებლებთან და დამკვეთთან კომუნიკაციისათვის, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ოპერატიულად/სწრაფად გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხი და ამისათვის იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. აღნიშნული ხარჯებით კომპანია ახდენს დროის მოგებას, რაც ნიშნავს სამუშაოების სწორად და დროულად დასრულებას. ასევე ავტომობილების გამოყენება ხდება კომპანიის თანამშრომლების მიერ, შედეგად, აღნიშნული ხარჯები წარმოადგენს პირდაპირ ხარჯებს, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის შემოსავლების და მოგების ზრდასთან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 იანვრის №294 და 27 თებერვლის №3661 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 7 ივლისიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 15 მაისის №10799 ბრძანება და ამავე თარიღის №002-71 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 150 796 ლარი, მათ შორის, გადასახადი 132 250 ლარი, ჯარიმა 1 009 872 ლარი, საურავი 8 674 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „---ის“ მიერ, შესამოწმებელ პერიოდში შპს „--ის“ სახელზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ შპს „---ის“ სახელით გამოწერილი და მიღებული ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები არ შეესაბამება რეალობას. ვინაიდან, საგამოძიებო სამსახურის მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები შპს „---ის“ მიმართ არ განხორციელებულა, თუმცა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად, დგინდება შპს „---ის“ სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციები, შემოწმების მიერ, შპს „---ზე“ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა არ დაექვემდებარა შემცირებას და დარჩა უცვლელი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე და 282-ე მუხლების მიხედვით და გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
2. საგადასახადო შემოწმების პროცესში დეტალურად იქნა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა, ამასთანავე ჩათვლაზე წარმოდგენილი (მათ შორის კორექტირებული და ავანსის) ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, გამოვლინდა მცირეოდენი სხვაობები სრული შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. კერძოდ, სხვაობა დაბეგვრის კუთხით გამოწვეულია: გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და მიღებული ავანსის თანხის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩაურთველობით. ჩათვლის კუთხით სხვაობები გამოვლინდა 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, რაც განპირობებულია: ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არ განაშთვით. შემოწმების შედეგად, დაკორექტირდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და საბანკო ამონაწერები, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგებს შორის, კერძოდ სხვაობები გამოწვეულია შემდეგი მიზეზების გამო:
დაქირავებულ პირებზე განაცემები, რომელიც განხორციელებულია საბანკო გადარიცხვებით;
გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული მომსახურებები ფიზიკური პირებისგან. შემოწმებით დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე გამოვლენილი სხვაობებით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4. შესამოწმებელ პერიოდში, კომპანიას საბანკო გადარიცხებით გადახდილი აქვს თანხები სხვადასხვა სახის საქონელზე/მომსახურება (საპატრულო ჯარიმები, საკომუნიკაციო მომსახურება და სხვა), თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საქონლის/მომსახურების ხარჯვასთან ან/და გამოყენებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა არ განხორციელებულა.
საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული დაკვალიფიცირდა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში - საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა - იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, საგამოძიებო ორგანოდან მიღებულ ინფორმაციაზე, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს. ასევე, დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები შპს „---ის“ მიმართ არ განხორციელებულა. თუმცა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის და ინფორმაციის დამუშავების შედეგად, დგინდება შპს „---ის“ სახელზე მასალების შეძენის და ჩამოწერის ოპერაციები, გადამხდელის მიერ დეკლარირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა დარჩა უცვლელი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით, გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.
ამასთან, შემოწმების შედეგად, დაკორექტირდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. ვინაიდან, გამოვლინდა სხვაობა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, კერძოდ, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მიღებული ავანსის თანხა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ არის ასახული. ასევე, ჩათვლის კუთხით სხვაობები გამოვლინდა 2022 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ ქვს განაშთული.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი:
ა) რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გაცემული აქვს ხელფასები, ასევე, მიღებული აქვს მომსახურებები ფიზიკური პირებისგან და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით კომპანიას გადახდილი აქვს თანხები სხვადასხვა სახის საქონელზე/მომსახურებაზე (საპატრულო ჯარიმები, საკომუნიკაციო მომსახურება და სხვა), თუმცა აღნიშნული საქონლის/მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად შემოწმებით აღნიშნული დაკვალიფიცირება ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან ვერ მტკიცდება შეძენილი საქონლის/მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, აღნიშნულის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.
ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გამოწერილი საგადსახადო ანგარიშ-ფაქტურების ფიქტიურად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირებას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას ე.წ „აგროსვის“ მეთოდით.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სხვადასხვა სახის საქონლის/მომსახურების შეძენის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 იანვრის №294 და 27 თებერვლის №3661 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 7 ივლისიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 15 მაისის №10799 ბრძანება და ამავე თარიღის №002-71 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 150 796 ლარი, მათ შორის, გადასახადი 132 250 ლარი, ჯარიმა 1 009 872 ლარი, საურავი 8 674 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158; 159; 163; 164; 174; 175; 176; 43; 282; 136; 100; 102; 101; 97; 982.