გადაწყვეტილება №22735/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22735/2/2024
09 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22735/2/2024).
დავის საგანი:
გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის გამო მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და ჯარიმის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №007-395 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5441 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 188 596 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - (- 540)
დღგ - 11 456
საშემოსავლო გადასახადი - (-11 996)
ჯარიმა - 189 136
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა შერეული საქონლით (როგორც საკვები პროდუქტებით, ასევე, სიგარეტებითა და ელექტრო ნაწარმით).
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 28.09.2016 წლიდან. საქონლის შეძენას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო რეალიზაციას აფიქსირებს საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის საშუალებით. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი სასაქონლო ზედნადებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დაფიქსირებული აქვს ჯამურად 667 097 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელის ახსნაგანმარტებით სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი შეადგენდა 0 ლარს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2023 წლის 31 მარტს შედგა კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით მომჩივანს დაერიცხა სულ 132 714 ლარი, მათ შორის გადასახადი 89 138 ლარი და ჯარიმა 43 576 ლარი.
2023 წლის 12 დეკემბერს დაინიშნა ი/მ „----------“ საქმიანობის ხელახალი შემოწმება (ბრძანება №31206), რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომ მეწარმის მიერ მიღებულ/გამოწერილ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ოპერაციები რეალურად არ განხორციელებულა და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი, რის შედეგადაც გადამხდელმა უკანონოდ მოახდინა ჯამურად 92 626 ლარის დღგ-ის ჩათვლა, ასევე მან 7 250 ლარზე (დღგ-ის ჩათვლით) გამოწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შპს ---------- (ს/ნ ----------).
შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის საფუძველზე, შემცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და წლიური საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 280-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად ჯამურად 186 677 ლარი, ხოლო 275-ე მუხლის შესაბამისად ჯამურად 2 459 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №007-395 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5441 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, მე-2, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 173-ე, 174-ე, 175-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე და 563 მუხლებზე, 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლებზე, მე-80, მე-100, 102-ე, 43-ე, 280-ე, 282-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით დადგინდა, რომ მეწარმის მიერ მიღებულ/გამოწერილ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ოპერაციები რეალურად არ განხორციელებულა და აღნიშნული ფაქტურები იყო ყალბი, რის შედეგადაც გადამხდელმა უკანონოდ მოახდინა ჯამურად 92 626 ლარის დღგ-ის ჩათვლა, ასევე მან 7 250 (დღგ-ის ჩათვლით) ლარზე მოახდინა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის 25 დეკემბრის აქტით დადგენილი იქნა, რომ 2023 წლის 31 მარტის აქტით დარიცხული გადასახადები არ იყო სწორი და მოხდა ხელახალი შემოწმება და ახალი დარიცხვა. ჩაითვალა, რომ ის ოპერაციები, რომელიც იყო 2023 წლის 31 მარტის დარიცხვის საფუძვლები გაუქმებული იქნა, თუმცა დავალიანების შესწორება არ მომხდარა და დღესაც ერიცხება, როგორც 2023 წლის 31 მარტის აქტით დარიცხული თანხა, ასევე ახალი აქტით დარიცხული თანხა, შესაბამისად უნდა მოხდეს დარიცხვის კორექტირება.
მეუღლის, ---------- მითითებით 2016 წლის 28 სექტემბერს გახსნა თავის სახელზე ინდ. მეწარმე. ელ. ფოსტად მითითებული ----------. 2020 წლიდან მისმა მეუღლემ ისე, რომ მისთვის არ იყო ცნობილი, მისი ინდ. მეწარმეს გამოყენებით დაიწყო გარკვეული ოპერაციების განხორციელება. მას ეხმარებოდა დედამისი ----------. აღნიშნული ოპერაციების განხორცილების თაობაზე ---------- არ გაუცია არავითარი თანხმობა და არც საქმის კურსში იყო. ყველა ოპერაცია ხორციელდებოდა მისი აწ უკვე ყოფილი მეუღლის მიერ. ყოველივე ამის თაობაზე ---------- ცნობილი გახდა როდესაც სასამართლოს მიერ მოხდა მისთვის ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინების ჩაბარების გზით. მისთვის საერთოდ უცნობი იყო, რომ 2023 წლის 20 აპრილის საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე როგორც მისთვის გადასახადების დარიცხვის თაობაზე ასევე ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების შესახებ.
გარკვეული ოპერაციები, რომლებიც განახორციელა ----------, წარმოადგენს ფიქტიურ (ყალბ) ოპერაციებს და შესაბამისად მის საფუძველზე დაუშვებელია გადასახადების დარიცხვა, რადგანც ითვლება, რომ ოპერაცია არ განხორციელებულა.
ყოველივე ზემო აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ---------- და ---------- ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ბრალიც აქვთ წაყენებული. შესაბამისად ვიანიდან და რადგან ---------- ნების საწინააღმდეგოდ იყო გამოწერილი შესაბამისი ყალბი ანგარიშ-ფაქტურები და ეს ჩადენილი იქნა კონკრეტული პირების მიერ, აღნიშნულიდან გამომდინარე ---------- განხორცილებული გადასახადების დარიცხვა არის უკანონო.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საგამოძიებო სამსახურის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ მიღებულ/გამოწერილ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ოპერაციები რეალურად არ განხორციელებულა და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები იყო ყალბი, რის შედეგადაც გადამხდელმა უკანონოდ მოახდინა ჯამურად 92 626 ლარის დღგ-ის ჩათვლა, ასევე მან 7 250 ლარზე (დღგ-ის ჩათვლით) გამოწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შპს ---------- (ს/ნ ----------).
ვინაიდან დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ჩათვლის უსაქონლო ოპერაციების მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებულად მიჩნევა მართლზომიერია. ასევე, დადგენილია, რომ მომჩივნის მერ გამოწერილია ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შპს ---------- (ს/ნ ----------).
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის გამო მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და ჯარიმის დაკისრება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგამოძიებო სამსახურის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ მიღებულ/გამოწერილ ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული ოპერაციები რეალურად არ განხორციელებულა და აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები იყო ყალბი, რის შედეგადაც გადამხდელმა უკანონოდ მოახდინა ჯამურად 92 626 ლარის დღგ-ის ჩათვლა, ასევე მან 7 250 ლარზე (დღგ-ის ჩათვლით) გამოწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა კომპანიაზე. ვინაიდან დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ჩათვლის უსაქონლო ოპერაციების მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებულად მიჩნევა მართლზომიერია. ასევე, დადგენილია, რომ მომჩივნის მერ გამოწერილია ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა კომპანიაზე
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა,ბ“); 178; 275; 280; 282.