გადაწყვეტილება №21677/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.04.2024
№ დოკუმენტი 21677/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21677/2/2023

19 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 21.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21677/2/2023).

 

დავის საგანი:

საქონლის მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №136-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30150 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 172 497,62 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 110 424

დღგ - 19 040

საშემოსავლო გადასახადი - 91 384

ჯარიმა - 52 566

საურავი - 9 507,62

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი (ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 20.06.2023 წლამდე პერიოდი). შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ვერ ხდება კონტროლი სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები. შემოწმებისთვის წარმოდგენილია სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთები პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელთან აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №14118 ბრძანებით ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.07.2023 წლის №---------- მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილია ფაქტობრივად აღწერილი სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით და დავალებულია შედეგების გამოყვანა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სმფ-ების ფაქტიურ ნაშთსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას შორის სხვაობა არ გამოვლინდა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქონლის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული გადამხდელს, შესაბამისად დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად გაიზარდა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების მიხედვით. კომპანიას დაერიცხა როგორც დღგ და ასევე ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულია საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას. შემოწმების პროცესში მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, შესამოწმებელ პერიოდზე და დადგინდა ფულის ნაშთი. აღნიშნული თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (---------- პ/ნ ----------) გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა შესაბამის საანგარიშო პერიოდებზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №136-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წლის №30150 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, არ ხდებოდა კონტროლი სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდებოდა საქონლის ჩამოწერები. შემოწმებას წარედგინა სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთები პერიოდების მიხედვით. ამასთან, გადასახადის გადამხდელთან შესამოწმებელ პერიოდში ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა აღწერა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმებისათვის მიწოდებული სმფ-ების ფაქტობრივ ნაშთსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას შორის სხვაობა არ გამოვლინდა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქონლის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული. ამდენად, დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად გაიზარდა დღგ-ის ბრუნვები პერიოდების მიხედვით. ამასთან, მიღებული ფულის ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ უნდა გაიმიჯნოს სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი და ის გამოვლენის მომენტში საბაზრო ფასით თავად კომპანიამ ასახოს შესაბამის დეკლარაციებში, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ინვენტარიზაციით დადგენილ სმფ-ების ფაქტობრივ ნაშთსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას შორის სხვაობა არ გამოვლინდა. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციიდან მიღებულ შემოსავალზე, რომელიც სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 4.12.2023 წელს №30150 ბრძანებაში მითითებულია თითქოს გადამხდელმა დავის წარმოების პროცესში არ წარადგინა არგუმენტაციები და რაიმე მტკიცებულებები. მოთხოვნილი იყო, რომ საქმის განხილვა განხორციელებულიყო მომჩივნის დასწრებით, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, განხილვა მოხდა მომჩივნის გარეშე და შესაბამისად, არგუმენტების წარდგენაც ვერ მოხდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს მომჩივნის მონაწილეობით, რადგან წარმოსადგენია არგუმენტები და მტკიცებულება, რომ ინვენტარიზაციის შედეგები არ არის გამოყვანილი და შესაბამისად დარიცხული თანხების არ არის რეალური.

საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით სმფ-ების ინვენტარიზაციით დგინდება სმფ-ების დანაკლისი ან/და ზედმეტობა, ხოლო შემოწმების აქტში არ არის გამოყვანილი ინვენტარიზაციის შედეგები, რადგან არსად არ არის ნაჩვენები დანაკლისი, რომელიც ექვემდებარება დეკლარირებას მისი გამოვლენის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა, ხოლო ამავე კოდექსის 983 მუხლის თანახმად: ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად და აღნიშნული დანაკლისი (საბაზრო ფასით) აისახება იმ თვის დეკლარაციაში, როცა მოხდა აღნიშნული დანაკლისის გამოვლენა. დღგ-ის მიზნებისათვის საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის: „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი დანაკლისი კომპანიამ თავად უნდა ასახოს შესაბამის თვის მოგების გადასახადის და დღგ-ის დეკლარაციებში მისი გამოვლენის მომენტში.

შემოწმების აქტში დანაკლისი საბაზრო ფასით 78 563 ლარი შემმოწმებელმა ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: თითქოს საქონლის მოძრაობის ანალიზით დაადგინა, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი სრულად არ აქვს დეკლარირებული. აღნიშნული არ შეეფერება სიმართლეს, რადგან ყველა შემოსავალი დეკლარირებულია. რეალურად არსებული დანაკლისი ჩათვალა გაცემულ ხელფასად, აგროსა და მიღებული თანხა დაბეგრა 20%-ით, როგორც საშემოსავლო გადასახადი. ხოლო დღგ-ის ნაწილში მოახდინა 2021 წლიდან თვეებზე გადაანგარიშება და დაბეგრა 18 %-ით, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ინვენტარიზაციის მასალებით დგინდება, რომ კომპანიას გააჩნია სმფ-ების დანაკლისი საბაზრო ფასით 78 563, ხოლო ზედმეტობამ შეადგინა 1 709 ლარი, აქტში სმფ-ების დანაკლისი და ზედმეტობა საერთოდ არ არის გამოყვანილი. თუ ვიხელმძღვანელებთ შემმოწმებლის მონაცემებით, რომ მათ დაევალათ ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სმფ-ების ფაქტიურ ნაშთსა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას შორის სხვაობა არ გამოვლინდა, მაშინ 78 563 ლარზე, რომელიც დანაკლისის თანხაა და არა რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ამიტომ სრულად უნდა გაუქმდეს დღგ-ის ნაწილში დარიცხული 11 984 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 19 641 ლარი, რადგან კომპანიას რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი სრულად აქვს დეკლარირებული, ამ კუთხით თანხების დარიცხვა მოკლებულია საფუძველს, რადგან აქტში აღნიშნული 78 563 ლარი არის დანაკლისის თანხა საბაზრო ღირებულებით.

შედგენილ აქტში უნდა გაიმიჯნოს სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი, რადგან საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად კომპანიამ თვითონ უნდა დაადეკლარიროს სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი გამოვლენის მომენტისათვის საბაზრო ფასებით დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციაში.

ხოლო თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სმფ-ების ფაქტიურ ნაშთსა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას შორის სხვაობა არ გამოვლენილა, მაშინ 78 563 ლარზე შეცდომით დამატებით დარიცხული თანხა 31 625 (11 984+19 641) ლარი მთლიანად უნდა შემცირდეს. საჩივრის განხილვა უნდა მოხდეს მომჩივნის დასწრებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ვერ ხდება კონტროლი სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტიურ ნაშთსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას შორის სხვაობა არ გამოვლინდა. საქონლის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული გადამხდელს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული, აღნიშნული შემოსავლის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად განაწილება და დღგ-ის ბრუნვების პერიოდების მიხედვით გაზრდა მართლზომიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხიდან გამომდინარე, მომჩივანს დღგ და საშემოსავლო გადასახადი დაერიცხა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის მოძრაობის ანალიზით გამოვლენილი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ვერ ხდება კონტროლი სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობაზე და არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერები. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად ფაქტიურ ნაშთსა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას შორის სხვაობა არ გამოვლინდა. საქონლის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს დეკლარირებული გადამხდელს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანს დღგ და საშემოსავლო გადასახადი დაერიცხა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 983; 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275;