გადაწყვეტილება №19207/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.04.2023
№ დოკუმენტი 19207/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19207/2/2023

27.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: ი/მ„----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "----------" 24.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19207/2/2023).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 სექტემბრის №083-28 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4255 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 281 925 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 167 643

დღგ - 75 479

საშემოსავლო გადასახადი - 92 164

ჯარიმა - 70 332

საურავი - 43 949

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული ავტონაწილებით (პირველადი) ვაჭრობა ქ.--------. მეწარმე საქმიანობის განხორციელების მიზნით იყენებდა იჯარით აღებულ საწყობის ფართს. ასევე, ახორციელებდა დისტრიბუციას.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3285 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 31 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

მეწარმე წარდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავდა, რომ საბუღალტრო პროგრამას 1C იყენებდა საქონლის ნაშთების კონტროლის მიზნით, ამ ფორმაში აჩვენებდა მიღებულ საქონელს რაოდენობრივად შესაბამისი კოდის მინიჭებით, 2 თვეში ერთხელ კი აღრიცხავდა რეალიზებულ საქონელს ჯამურად. აღნიშული კოდი, ასევე, მითითებული ჰქონდა საქონლის რეალიზაციის დოკუმენტში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტისა და პერიოდების განსაზღვრა, შემოწმებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საქონლის საწყისი და საბოლოო ნაშთების (1 ივლისის მდგომარეობით) საფუძველზე გაანგარიშდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასების ანალიზით დადგინდა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის (განისაზღვრა 21 სასაქონლო ჯგუფი) ფასნამატი წლების მიხედვით, რაც გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე.

საბოლოოდ, შემოწმებით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა წლების მიხედვით შეადგინა 2019 წელს - 94%, 2020 წელს - 80 %, 2021 წელს - 88 %, 2022 წელს - 94%. შედეგად, გაიზარდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 სექტემბრის №24368 ბრძანება და №083-28 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 281 925 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 20 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 6 მარტის №4255 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2018 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2019 წელზე) დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის საქონლის თვითღირებულებაზე, ხოლო 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე დაევალა აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემებით (ფასნამატით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 მარტის №4255 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 161-ე, 159- ე, 163-ე, 164-ე, მე-100, 102-ე და 43-ე მუხლებზე.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ მეწარმის ახსნა-განმარტების მიხედვით, გადამხდელი საბუღალტრო პროგრამას 1C იყენებდა საქონლის ნაშთების კონტროლის მიზნით, ამ ფორმაში აჩვენებდა მიღებულ საქონელს რაოდენობრივად შესაბამისი კოდის მინიჭებით, 2 თვეში ერთხელ კი აღრიცხავდა რეალიზებულ საქონელს ჯამურად. აღნიშული კოდი, ასევე, მითითებული ჰქონდა საქონლის რეალიზაციის დოკუმენტში. ამდენად, გადამხდელის მიერ არ იყო დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები და შემოწმებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ გაანგარიშებაში რიგ შემთხვევაში ფიქსირდება სმფ-ების თვითღირებულების შემცირება წინა წლებთან შედარებით, რაც არარეალურია, ვინაიდან ფასები ყოველწლიურად საქონელზე იზრდებოდა, რაც ასევე გამოწვეული იყო პანდემიის პერიოდში დოლარის კურსის მკვეთრი ზრდით. აღნიშნავს, რომ შემმოწმებლების მიერ 2019 წელს გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობა შეადგენს 94%-ს, მაშინ როცა 2018 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის მიხედვით, ფასნამატი შეადგენს 35-40%-ს. ამასთან, მიუთითებს, რომ მთლიან შეძენებში ძირითად წილს შეადგენს: ფარი, სამუხრუჭე ხუნდები, ამორტიზატორი, რომელთა ფასნამატი მერყეობს 53%-დან 72%-მდე. ასევე, აცხადებს, რომ ობიექტში ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში, რომლის თანახმად საშუალო შეწონილმა ფასნამატმა შეადგინა 63%. ინვენტარიზაციის მიხედვით დადგინდა, რომ ობიექტზე არსებული გამოცხადებული ფასების მიხედვით საქონლის ფასნამატია 60%, ხოლო სასაქონლო ზედნადებში მითითებული ფასების მიხედვით ფასნამატი შეადგენს 81%-ს. ასევე, ფასნამატის გაანგარიშების დროს აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ დოკუმენტით რეალიზებული საქონლის 90-95% რეალიზებულია ტრანსპორტირებით სხვადასხვა რეგიონში (სამეგრელო, იმერეთი, გურია). შესაბამისად, აღნიშნულ რეგიონებში რეალიზაციის დროს დოკუმენტში მითითებული ფასები, გაწეული ხარჯების გათვალისწინებით განსხვავდება ადგილზე (ქ. --------) რეალიზაციის დროს დაფიქსირებული ფასებისგან (შედარებით მაღალი ფასებია დისტრიბუციის შემთხვევაში). ყოველივე ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტმა ფასნამატის ოდენობა განსაზღვროს ინვენტარიზაციის მონაცემების მიხედვით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტების თანახმად, მართალია გადამხდელთან 2018 და 2022 წლებში ჩატარებულია ინვენტარიზაცია და დადგენილია ფასნამატი, თუმცა აღნიშნული მონაცემები არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას და მხოლოდ დოკუმენტური ფასნამატი იქნა გავრცელებული მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ფასნამატის კოეფიციენტის ფორმირებაზე ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ცვალებადი და განსხვავებულია წლების მიხედვით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2018 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2019 წელზე) დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის საქონლის თვითღირებულებაზე, ხოლო 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდზე დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემებით (ფასნამატით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი საქონლის ჯგუფის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება და აღნიშნულის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომ 2018 და 2022 წლის ინვენტარიზაციის ფასნამატები გამოყენებული იქნას მხოლოდ დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. ასევე, არ ეთანხმება იმ გადაწყვეტილებას, რომ უცვლელი დარჩა 2020 წლის ფასნამატი.

დოკუმენტით რეალიზებული საქონლის 90-95% რეალიზებული იყო დისტრიბუციის საშუალებით სხვადასხვა რეგიონში (სამეგრელო, იმერეთი, გურია). შესაბამისად, აღნიშნულ რეგიონებში რეალიზაციის დროს დოკუმენტში მითითებული ფასები, გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, განსხვავდებოდა ადგილზე (ქ. --------) რეალიზაციის დროს დაფიქსირებული ფასებისგან (შედარებით მაღალი ფასებია დისტრიბუციის შემთხვევაში, რაც ლოგიკურია, ვინაიდან მეწარმეს დამატებითი ხარჯების გაწევა უწევს). ამასთან, მეწარმეს ობიექტზე გააჩნია ე.წ. ჩაწოლილი საქონელი საკმაოდ დიდი რაოდენობით, რომელიც გადმოყოლილია წინა წლებიდან და რომელზეც ფასნამატი მნიშვნელოვნად დაბალია. აღნიშნულის გათვალისწინებით,სამართლიანი იქნება, რომ ინვენტარიზაციის ფასნამატები, რომლებიც რეალურად ასახავს ობიექტზე არსებულ მდგომარეობას, გამოყენებული იქნას სრულ რეალიზაციაზე. კერძოდ, 2019-2020 წლებში გამოყენებული იქნას 2018 წლის ინვენტარიზაციის ფასნამატი, ხოლო 2021-2022 წლებში შემმოწმებლებმა გამოიყენონ 2022 წლის ინვენტარიზაციის ფანამატი. რათქმაუნდა, ითხოვს, რომ აღნიშნული ფასნამატები გავრცელდეს სრულ რეალიზაციაზე.

ამასთან, 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში საბრუნავი მარაგების შესავსებად აღებული იყო სამეწარმეო სესხი და ყოველთვიურად იხდიდა პროცენტებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროცენტის თანხები, რაც ჯამში შეადგენს 36 151 ლარს, არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში. ვინაიდან აუდიტორული შემოწმების პერიოდში, მეწარმე მოკლებულია შესაძლებლობას დააკორექტიროს ძველი დეკლარაციები, ითხოვს, რომ მიეცეს შესაძლებლობა ასახოს შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში პროცენტის თანხები, რაც გაზრდის ხარჯებს და შეამცირებს გადასახდელ საშემოსავლო გადასახადს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები და მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

რაც შეეხება გავრცელებულ ფასნამატს, შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს 2018 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემები (ფასნამატი) გაავრცელოს უახლოეს/მომიჯნავე პერიოდზე (2019 წელზე) დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის საქონლის თვითღირებულებაზე, ხოლო 2021- 2022 წლების საანგარიშო პერიოდზე იხელმძღვანელოს 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციით დადგენილი მონაცემებით (ფასნამატით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად.

მომჩივანი არ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ითხოვს 2019-2020 წლებში გამოყენებული იქნას 2018 წლის ინვენტარიზაციის ფასნამატი, ხოლო 2021-2022 წლებში - 2022 წლის ინვენტარიზაციის ფანამატი და აღნიშნული ფასნამატები გავრცელდეს სრულ რეალიზაციაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი. კერძოსდ, მომჩივანი არ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ითხოვს 2019-2020 წლებში გამოყენებული იქნას 2018 წლის ინვენტარიზაციის ფასნამატი, ხოლო 2021-2022 წლებში - 2022 წლის ინვენტარიზაციის ფანამატი და აღნიშნული ფასნამატები გავრცელდეს სრულ რეალიზაციაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად, დგინდება, რომ მეწარმე, საბუღალტრო პროგრამას 1C იყენებდა საქონლის ნაშთების კონტროლის მიზნით. ამ ფორმაში აჩვენებდა მიღებულ საქონელს რაოდენობრივად შესაბამისი კოდის მინიჭებით.2 თვეში ერთხელ კი აღრიცხავდა რეალიზებულ საქონელს ჯამურად. აღნიშული კოდი, ასევე, მითითებული ჰქონდა საქონლის რეალიზაციის დოკუმენტში. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტისა და პერიოდების განსაზღვრა, შემოწმებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.ამასთან, დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასების ანალიზით დადგინდა სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფის(განისაზღვრა 21 სასაქონლო ჯგუფი) ფასნამატი წლების მიხედვით, რაც გავრცელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული შესაბამისი ჯგუფის თვითღირებულებაზე.გაიზარდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ,საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული

ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:მუხლი:

136(3);73(5);161(1)ა;159(1)ა;163(1);164(1);100(3)ბ;102(1)ა