ბრძანება N 9692
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9692
04 მაისი 2026
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
(მის.: „--------“)
2026 წლის 8 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 აპრილის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 8 აპრილის №101665/1/2026 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 მარტის №006-58 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ არ განხორციელებულა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლა. შედეგად, ითხოვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამის პერიოდებში დაბეგვრას. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას გადამხდელის მონაწილეობით.
3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2024 წელს გააჩნია ზედმეტად გადახდილი მიწის გადასახადი, თუმცა, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა ზედმეტად დარიცხული თანხების შემცირება. ითხოვს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას.
4. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 დეკემბრის №27509 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 3 ივლისიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 27 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 მარტის №4749 ბრძანება და ამავე თარიღის №006-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 315 179 ლარი, მათ შორის, გადასახადი 185 619 ლარი, ჯარიმა 81 219 ლარი, საურავი 48 341 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი (ს/კ „-------“), რომელზეც 2023 წლის 15 ივნისს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ (ბრძანება №6510815) შესაბამისი წესით გაცემულია მშენებლობის ნებართვა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი ბინების და პარკინგების ძირითადი ნაწილი. შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელმა, ასევე, წარადგინა შესაბამისი ბუღალტრული პროგრამა/სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული შემოსავალი განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებულისგან. წარდგენილი ინფორმაციისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა დროს რეალიზებულია როგორც საცხოვრებელი ბინები, ასევე, პარკინგები, რომლებზეც არსებობს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებები. ასევე, გადამხდელის მიერ ხელშეკრულებების უშუალოდ გაფორმებამდე, ავანსად მიღებული აქვს ნასყიდობის საგნის (საცხოვრებელი ბინების/პარკინგების) ღირებულებები, რომლის ნაწილიც გადამხდელის მიერ შესაბამისი წესით ასახულია დღგ-ის დეკლარაციაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ, იმ ნაწილზე როდესაც საკომპენსაციო თანხის მიღება უსწრებს ნასყიდობის თარიღს, დღგ-ით დაიბეგრა მიღებული ავანსი შესაბამის პერიოდში, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ნასყიდობის თარიღის მიხედვით გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა დღგ. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების მიერ არ განხორციელებულა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის თანხის ჩათვლა, კერძოდ, კომპანიას გააჩნია გაზიფიცირებასთან დაკავშირებით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც გამოიწერა შესამოწმებელ პერიოდში, თუმცა, არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის ჩათვლებში. ამასთან, განმარტავს, რომ გააჩნია სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიც და ყოველივე აღნიშნულის შედეგად, ითხოვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი, რომელზეც შესაბამისი წესით გაცემულია მშენებლობის ნებართვა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი ბინების და პარკინგების ძირითადი ნაწილი. შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელმა, ასევე, წარადგინა შესაბამისი ბუღალტრული პროგრამა/სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული შემოსავალი განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებულისგან. წარდგენილი ინფორმაციისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა დროს რეალიზებულია როგორც საცხოვრებელი ბინები, ასევე, პარკინგები, რომლებზეც არსებობს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებები. ასევე, გადამხდელის მიერ ხელშეკრულებების უშუალოდ გაფორმებამდე, ავანსად მიღებული აქვს ნასყიდობის საგნის (საცხოვრებელი ბინების/პარკინგების) ღირებულებები, რომლის ნაწილიც გადამხდელის მიერ შესაბამისი წესით ასახულია დღგ-ის დეკლარაციაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ, იმ ნაწილზე როდესაც საკომპენსაციო თანხის მიღება უსწრებს ნასყიდობის თარიღს, დღგ-ით დაიბეგრა მიღებული ავანსი შესაბამის პერიოდში, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ნასყიდობის თარიღის მიხედვით გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამის პერიოდებში დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, შემოწმების ფარგლებში ერთმანეთისგან გაიმიჯნა, საცხოვრებელი ბინების რეალიზაციის შედეგად წინასწარ მიღებული თანხების (ავანსების) ჩარიცხვის პერიოდები და ხელშეკრულების გაფორმების პერიოდები. აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ როდესაც უძრავი ქონების სანაცვლოდ ავანსად მიღებული თანხა წინ უსწრებდა ხელშეკრულების გაფორმების თარიღს შემოწმების მიერ დაიბეგრა შესაბამის პერიოდში ჩარიცხული ავანსის თანხა, ხოლო როდესაც უძრავ ქონებაზე დადებული ხელშეკრულების თარიღები წინ უსწრებდა სანაცვლოდ მისაღებ ანაზღაურებებს, დღგ-ით დაიბეგრა ხელშეკრულებების შესაბამისი ღირებულებები მისი გაფორმების თარიღებში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის პირველი აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ 2024 წელს რეალიზებული აქვს თითქმის ყველა საცხოვრებელი ბინა. ამასთან, გადამხდელს აშენებულ და გაყიდულ კორპუსებზე 2024 წელს აქვს ზედმეტად გადახდილი მიწის გადასახადი, თუმცა, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა ზედმეტად დარიცხული თანხების შემცირება. შესაბამისად, ითხოვს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების პერიოდში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები ქონების გადასახადის ნაწილში არ გამოვლენილა, ამასთან, არ განხორციელებულა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის შემცირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივნის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მომჩივნის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი ითხოვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამის პერიოდებში დაბეგვრას. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
3. გადამხდელი ითხოვს ქონების გადასახადში ზედმეტად გადახდილი თანხის შემცირებას.
4. გადამხდელი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და რეალიზაცია.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი.
დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი ბინების და პარკინგების ძირითადი ნაწილი.
დადგინდა, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული შემოსავალი განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებულისგან. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა დროს რეალიზებულია როგორც საცხოვრებელი ბინები, ასევე, პარკინგები, რომლებზეც არსებობს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებები. ასევე, გადამხდელის მიერ ხელშეკრულებების უშუალოდ გაფორმებამდე, ავანსად მიღებული აქვს ნასყიდობის საგნის ღირებულებები, რომლის ნაწილიც გადამხდელის მიერ შესაბამისი წესით ასახულია დღგ-ის დეკლარაციაში.შემოწმების მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, კერძოდ, იმ ნაწილზე როდესაც საკომპენსაციო თანხის მიღება უსწრებს ნასყიდობის თარიღს, დღგ-ით დაიბეგრა მიღებული ავანსი შესაბამის პერიოდში, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ნასყიდობის თარიღის მიხედვით გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა დღგ. შედეგად, გადამხდელს, სსკ-ის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
4.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163,164,174,175,204,205,275.