გადაწყვეტილება №18743/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№8743/2/2023
9.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------------ (ს/ნ-------------- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 30.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18743/2/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 14.05.2021 წლის №11663/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №094-111 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 10 191 201 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 4 904 859
დღგ - 752 141
მოგების გადასახადი - 719 901
საშემოსავლო გადასახადი - 3 432 178
ქონების გადასახადი - 639
ჯარიმა - 2 408 982
საურავი - 2 877 360
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კონსტრუქციებისა და კარ-ფანჯრების დამზადება, საბითუმო და საცალო რეალიზაცია.
მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2019 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე. შემოწმდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2015 წლიდან 1.06.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდები.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2010 წლის 27 ივლისის თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „----------“ ბანკის წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობით თავდებად დაუდგა შპს „----------“. 2014 წლის 25 ნოემბერს კომპანიამ მიიღო წერილობითი გაფრთხილება/მოთხოვნა სს „---------- ბანკიდან“, რომლის მიხედვითაც კომპანიას უნდა გადაეხადა შპს „----------“ საკრედიტო ვალდებულებები. 2014 წლის 23 დეკემბერს შპს „----------“ აიღო სესხი და დაფარა შპს „----------“ საკრედიტო დავალიანება 810 000 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს „----------“ წარმოეშვა მოთხოვნა შპს „----------“ მიმართ იმ თანხის ოდენობით, რითაც დაიფარა შპს „----------“ საკრედიტო დავალიანება.
მომჩივანმა აღნიშნული ოპერაცია განიხილა უპროცენტო სესხად, ასახა საბუღალტრო პროგრამა სუპერფინში (აწარმოებს 2017/04-მდე) - 2015 წელს გადააფასა სესხის ძირი და დაარიცხა საპროცენტო შემოსავალი (20%). თუმცა, 2016 წელს აღნიშნული გატარებები არ გაუკეთებია და არც საბუღალტრო პროგრამა 1C-ში (აწარმოებს 2016/07-დან) გადაიტანა ანგარიშის (1490, 1820) ნაშთები. გადამხდელს მოცემული ოპერაციის შედეგი არ აქვს ასახული 2016 წლის ერთობლივ შემოსავალში.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე, 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა სესხზე დარიცხული საპროცენტო შემოსავლით და სესხის ძირის გადაფასებით წარმოშობილი დადებითი საკურსო სხვაობით ჯამურად 632 821 ლარით. ხოლო, 2017/01- 2019/05 საანგარიშო პერიოდებზე სესხის პროცენტის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 983 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაერიცხა მოგების გადასახადი 176 888 ლარი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
შემოწმების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2019 წლის №47583 ბრძანება და №094-290 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.10.2020 წლის №31491 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
1. მე-5, მე-7 და მე-8 სადავო საკითხებთან მიმართებაში:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
2. გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმების ნაცვლად, სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.10.2020 წლის №31491 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 14.05.2021 წლის №11663/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან (თავდებობიდან წარმოშობილი რეგრესული მოთხოვნის უფლების მიჩნევა უსასყიდლო სესხად) დაკავშირებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას. საგადასახადო ორგანოს მიერ არ იყო წარდგენილი საკმარისი საფუძვლები სადავო ოპერაციის კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხვის საფუძვლების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 14.05.2021 წლის №11663/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე 30.12.2019 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ შემცირდა. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32776 ბრძანება და №094-111 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია 2010 წელს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდებად დაუდგა შპს „-----------“ ბანკიდან აღებულ სესხთან მიმართებაში. 2014 წელს შპს „-----------“ მიერ სესხის გადაუხდელობის გამო ბანკმა სასესხო დავალიანების დაფარვა მოსთხოვა კომპანიას, როგორც თავდებს. კომპანიამ დაფარა შპს „------------ის“ სასესხო დავალიანება, რის შედეგად მას წარმოეშვა რეგრესული მოთხოვნა შპს „------------ის“ მიმართ. შემოწმების აქტით მიჩნეული იქნა, რომ განსახილველი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს უსასყიდლო სესხს და 2016-2019 წლებზე დარიცხული იქნა მოგების გადასახადი საბაზრო საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ შპს „------------ის“ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შედეგად კრედიტორის მოთხოვნის მასზედ გადასვლისას, აღნიშნული მოთხოვნის სესხად კვალიფიკაციას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რადგან სამოქალაქო კოდექსი განსხვავებულად არეგულირებს სესხს და თავდების რეგრესულ მოთხოვნას. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსი თავდების რეგრესულ მოთხოვნაზე პროცენტის დარიცხვას არ ითვალისწინებს და პროცენტის დასარიცხად აუცილებელია მისი სესხად ტრანსფორმაცია, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. რაც შეეხება, კომპანიის მიერ აღნიშნულ მოთხოვნაზე 2015 წელს საპროცენტო განაკვეთის დარიცხვას და დაბეგვრას, იგი ხორციელდებოდა შეცდომით, რაც გასწორდა 2016 წლიდან და ვერ მოესწრო 2015 წლის პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციის დაზუსტება კომპანიაში საგადასახადო შემოწმების დაწყების გამო.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ნაწილში დარიცხვა არ არის მართლზომიერი და უნდა შემცირდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
ამავე კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საბჭოს 14.05.2021 წლის №11663/2/2022 გადაწყვეტილებით, საბჭომ მიიჩნია, რომ თავდებობიდან წარმოშობილი რეგრესული მოთხოვნის უფლების უსასყიდლო სესხად მიჩნევის სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას. საგადასახადო ორგანოს მიერ არ იყო წარდგენილი საკმარისი საფუძვლები სადავო ოპერაციის კვალიფიკაციის განსაზღვრისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხვის საფუძვლების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 14.05.2021 წლის №11663/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა 2015 წლის 17 მარტს ჩატარებული პარტნიორთა კრების ოქმით, სადაც ერთ-ერთ საკითხად განხილულია დირექტორის, --------------ის წარდგენილი ანგარიში კომპანიის აღწერის შედეგების შესახებ 2010-2014 წლების პერიოდზე. კრებაზე დღის წესრიგში მე-7 საკითხად ფიქსირდება შპს ------------ის რეგრესის წესით ვალის გამოთხოვის საკითხი. ამასთანავე, დირექტორის ანგარიშში მოხსენიებულია შპს ------------- მიერ, თავდებობის ფარგლებში, შპს ---------------ის სესხის თანხების სს ------------ ბანკისათვის დაფარვის შესახებ. აქვე აღნიშნულია, რომ შესაბამისად შპს -------------სს წარმოეშვა მოთხოვნა შპს -----------ის მიმართ იმ თანხის ოდენობით, რითაც დაიფარა შპს --------------ის საკრედიტო დავალიანება. საწარმოს დირექტორის ანგარიშს დანართად ახლავს შპს ------------სის 2009-2014 წლების საბალანსო უწყისი, სადაც გაცემული სესხების ჩამონათვალში აღნიშნულია ასევე შპს -------------ის სესხი. როგორც შემოწმების აქტშია მოხსენიებული, გადამხდელს შპს --------------ის დაფარული სესხი ბუღალტრულად თავდაპირველად (პროგრამა სუპერფინში) აღრიცხული აქვს, როგორც უპროცენტო სესხი და პროცენტის თანხა აღებული აქვს 2015 წლის ერთობლივ შემოსავალში. 2016 წლის ივლისიდან ნაწარმოებ ბუღალტრულ პროგრამა 1C-ში აღარ უფიქსირდება სესხის ძირი და შესაბამისად პროცენტის თანხები.
შემოწმების პროცესში საკითხის შესწავლა განხორციელდა ზემოაღნიშნული კრების ოქმისა და ბუღალტრული პროგრამების ანალიზის საფუძველზე, რომლისგან განსხვავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დღეის მდგომარეობით შემოწმებისათვის ცნობილი არ არის. შესაბამისად დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
მხარეთა არგუმენტაციის, საქმეზე არსებული მასალების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს გადაწყვეტილება აღსრულებილია 14.05.2021 წლის №11663/2/2020 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.