ბრძანება N 24691

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 06.10.2023
№ დოკუმენტი 24691
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 24691

06 .10. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ----- -------ის (პ/ნ ------------)

(მის.: -------------------------------)

2023 წლის 4 აპრილის, 22 მაისის და 25 აგვისტოს

საჩივრების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 ივნისის და 14 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №59 და №95) განიხილა ფ/პ ----- -------ის (პ/ნ ------------) 2023 წლის 4 აპრილის №58304/21, 22 მაისის №86603/21 და 25 აგვისტოს №145063/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მარტის №006-93 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით და იმსჯელა ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №011-566 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ უძრავი ქონების რეალიზაციით ნამეტი შემოსავლი არ მიუღია და საცხოვრებელი ფართი გაყიდა იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე მისი რეალური თვითღირებულება იყო. აცხადებს, რომ უძრავი ქონებები შეძენილ იქნა ე.წ. „შავი კარკასის“ მდგომარეობით, რასაც დაემატა რემონტისა და კომუნიკაციების მოწყობის თანხები, რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული საგადასახდო შემოწმების მიერ. გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს შპს „-----“-ის ბინებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების შეფასების შესახებ ანგარიშები (დასკვნები №------) და შპს „------------“-ის 2023 წლის 27 ივლისის ცნობა.

ასევე, გადამხდელი არ ეთანხმება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულ ბრძანებას და ითხოვს მის გაუქმებას.

 

საჩივრების წარმოდგენის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადამხდელი განმარტავს, რომ აპრილის თვეში დაუკავშირდა შემოსვლების სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც აცნობა, რომ ერიცხება დავალიანება და აღნიშნულიდან გამომდინარე მისი ქონება არის დაყადაღებული. გადამხდელი მიუთითებს, რომ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა 2023 წლის 26 აპრილს. აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელთან კომუნიკაცია არ ხდებოდა, შესაბამისად არ იცოდა შემოწმების შესახებ. განმარტავს, რომ ყადაღის შესახებ ინფორმაციის გაცნობის მიზნით შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მოახდინეს მასთან კომუნიკაცია და ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 24 აპრილს გაგზავნილ იქნა ადმინისტრაციულო წარმოების მასალები, რომლებიც ჩააბარეს 26 აპრილს, შესაბამისად მისთვის გაუგებარია რატომ ვერ მოახერხა აუდიტის დეპარტამენტმა ვერც შემოწმების პროცესში და ვერც შემდგომ მასთან კომუნიკაცია და რატომ გახდა საჭირო დოკუმენტაციის საჯაროდ გავრცელება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანის მიმართ შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2022 წლის 25 მარტის №7531 ბრძანება და ამავე თარიღის №006-93 საგადასახადო მოთხოვნა ფ/პ ----- -------ეს (პ/ნ ------------) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით 2-ჯერ 2022 წლის 29 მარტს და 6 აპრილს - იურიდულ მისამართზე (--------), თუმცა ვერ მოხერხდა დოკუმენტების ჩაბარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, 2022 წლის 4 მაისს განხორციელდა 2022 წლის 25 მარტის №7531 ბრძანების და ამავე თარიღის №006-93 საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება. აღნიშნული დოკუმენტები ფ/პ ----- -------ის (პ/ნ ------------) მიერ ჩაბარებულად ითვლება 2022 წლის 24 მაისს. ხოლო საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია - 2023 წლის 4 აპრილს, 22 მაისს და 25 აგვისტოს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართალია პირს სადავო აქტი წერილობითი ფორმით 2- ჯერ გაეგზავნა და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, თუმცა საქმეზე არსებული მასალიდან არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებამდე მათი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა საშუალება სრულყოფილად გამოიყენა, რაც სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების წინაპირობა და საფუძველი გახდებოდა. აღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაითვალოს, ხოლო საჩივრები დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 თებერვლის №4093 ბრძანების საფუძველზე ფ/პ ----- -------ეს (პ/ნ ------------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მარტის №7531 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-93 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 6 468 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 3 665 ლარი, ჯარიმა 1 833 ლარი და საურავი 971 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით ფ/პ ----- -------ეს (პ/ნ ------------) 2023 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადის სახით 3 665 ლარი, ჯარიმა 1 833 ლარი, საურავი 1 559 ლარი, აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 0 ლარი. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ფ/პ ----- -------ის (პ/ნ ------------) მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 10 თებერვლის №011-566 ბრძანება, რომელიც გამოქვეყნდა საჯაროდ 2023 წლის 29 მარტს.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

ფ/პ ----- -------ის (პ/ნ ------------) საგადასახადო შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს საცხოვრებელი ფართები (-----------------), რომლის რეალიზაციაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით (დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება) გადამხდელმა მოახდინა ნამეტი ღირებულებით 2 წელზე ნაკლებ ვადაში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცმების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შემდგომ პერიოდში საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის სანაცვლოდ მიღებული ნამეტი არ აქვს დეკლარირებული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების გათვალისწინებით ფ/პ ----- -------ეს (პ/ნ ------------) 2019-2020 წლებში განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები ნამეტის სახით მიღებულ შემოსავალზე, რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მარტის №006-93 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილ არგუმენტებზე/დოკუმენტებზე და განმარტავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს რეალიზებული ფართების შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალის განსაზღვრის მიზნით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, იმსჯელოს ხარჯების განსაზღვრისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №011-566 ბრძანებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, ფ/პ ----- -------ეს (პ/ნ ------------) 2023 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადის სახით 3 665 ლარი, ჯარიმა 1 833 ლარი, საურავი 1 559 ლარი, აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 0 ლარი.

აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ფ/პ ----- -------ის (პ/ნ ------------) მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 10 თებერვლის №011-566 ბრძანება.

ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №011-4502 ბრძანების საფუძველზე, გაუქმებულ იქნა 2023 წლის 10 თებერვალი №011-566 ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ და ფ/პ ----- -------ის ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ----- -------ის (პ/ნ ------------) საჩივრები ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №011-566 ბრძანებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

2. ფ/პ ----- -------ის (პ/ნ ------------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მარტის №006-93 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, რეალიზებული ფართების შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალის განსაზღვრის მიზნით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, იმსჯელოს ხარჯების განსაზღვრისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ასევე, გადამხდელი არ ეთანხმება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულ ბრძანებას და ითხოვს მის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით.შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადის სახით 3 665 ლარი, ჯარიმა 1 833 ლარი, საურავი 1 559 ლარი, აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 0 ლარი.აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება, რომელიც გამოქვეყნდა საჯაროდ .

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით: მომჩივანის საგადასახადო შემოწმების პროცესში გამოვლინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს საცხოვრებელი ფართები , რომლის რეალიზაციაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით (დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება) გადამხდელმა მოახდინა ნამეტი ღირებულებით 2 წელზე ნაკლებ ვადაში. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცმების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შემდგომ პერიოდში საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის სანაცვლოდ მიღებული ნამეტი არ აქვს დეკლარირებული შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, პირველადი საგადასახადო დოკუმენტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების გათვალისწინებით მომჩივანს 2019-2020 წლებში განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები ნამეტის სახით მიღებულ შემოსავალზე, რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს რეალიზებული ფართების შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალის განსაზღვრის მიზნით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, იმსჯელოს ხარჯების განსაზღვრისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ამასთან,ვინაიდან ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, გაუქმებულ იქნა ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ და მომჩივანის ქონების მიმართ ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად.შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9 (1); 43(4); 44(10.11); 72(1); 73(5); 79( „ა“); 80(1); 81(1, 3 .4); 82(1 „ვ.გ“ ,4 „ბ.ა“); 100(3 „ბ“); 102(1 „ბ“); 105(2); 241; 299(4);301( „დ“);