საწარმოს მიერ საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდება N 1192

1192 საწარმოს მიერ საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდება 24.11.2015
№ დოკუმენტი 1192
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საწარმოს მიერ საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდება N 1192

ფაქტობრივი გარემოებები

· რეზიდენტმა საწარმომ, ასევე რეზიდენტ საწარმოს მიაწოდა თავის საკუთრებაში არსებული ერთადერთი აქტივი - სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზია, რომელიც მიწოდებამდე ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას არ ახორციელებდა

· მიმწოდებელმა საწარმომ აღნიშნული ოპერაცია ჩათვალა საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდებად და შესაბამისად არ დაბეგრა დღგ-ით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ"ქვეპუნქტის გათვალისწინებით

შეფასება

· სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ " ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის, თუ მიმწოდებელი და მიმღები მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ საგადასახადო ორგანოს ასეთი მიწოდების შესახებ. დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე

· სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ"ქვეპუნქტის მიზნებისათვის ტერმინ „საწარმოში" უნდა ვიგულისხმოთ ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანხმლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომლითაც ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, რის შედეგადაც ხორციელდება საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე. აქედან გამომდინარე, მიმწოდებელმა და მიმღებმა მხარემ ჩათვალეს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „მ" ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ მხოლოდ ასეთი საწარმოს ყველა აქტივის მიწოდება თავისუფლდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. რეზიდენტი საწარმოს მიერ რეზიდენტი საწარმოსთვის საკუთრებაში არსებული ერთადერთი აქტივის (ლიცენზიის) მიწოდება ვერ იქნება განხილული როგორც საწარმოდ ან/და დამოუკიდებელ ქვედანაყოფად. შესაბამისად, მიუხედავად იმისა,რომ პირმა მის საკუთრებაში არსებული ყველა აქტივი გადასცა სხვა პირს, აღნიშნულ ოპერაციაზე მაინც არ გავცელდება შეღავათი და დაიბეგრება დღგ-ით

ღონისძიებები

·პირი, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადი თანხის შემცირებისათვის დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 3 ნოემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით