ბრძანება N 8105
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8105
17/03/2020
შპს -----
(მის: ------- )
2020 წლის 16 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს №48676/1/2020 საჩივარი, რომელიც შეეხება საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 19 დეკემბრის №EL105733 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და 20 დეკემბრის №EL69501/4 (№094-4) საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურმა განიხილა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 14 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9).
ფაქტების აღწერა:
2016 წლის 25 აგვისტოს საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ თბომავალი „-----“-ით შპს ----- ს სახელზე შემოტანილ იქნა „ხის მორები“ (დოკუმენტური რაოდენობა 2 043,493 ტ) და „ფიჭვის დახერხილი ფიცარი“ (დოკუმენტური რაოდენობა 22 ტ). აღნიშნული საქონელი გემიდან გადმოტვირთვის შემდეგ ნავსადგურიდან გავიდა ეტაპობრივად ----- ის დანიშნულებით №69501/1781, 1789, 1790, 1811, 1812, 1816, 1818, 2090 ,2256, 2263, 2277, 2816, 2818, 2861 რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობებით, საიდანაც ბოლო პარტია ფოთის პორტიდან გავიდა 2016 წლის 14 ნოემბერს და აღნიშნულ დღეს სრულად გაინაშთა ფოთის პორტში განთავსებული ზემოაღნიშნული დროებით შენახული საქონელი.
საქონლის განაშთვის შემდეგ საქონლის ჯამურმა ფაქტიურმა რაოდენობამ, რომელიც მიღებულია ფოთის პორტში რკინიგზის სასწორზე აწონვებით, შეადგინა ხის მორებზე 2 043,493 ტონის ნაცვლად 1 577,440 ტონა. შესაბამისად, დანაკლისი არის 466,053 ტონა, ხოლო ფიჭვის დახერხილ ფიცარზე 22 ტონის ნაცვლად, 16,470 ტონა. შესაბამისად, დანაკლისი არის 5,53 ტონა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონას“ მიერ საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა 2016 წლის 19 დეკემბრის №166954-21-10-15 წერილით.
საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს მიერ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელისაგან გამოთხოვილ იქნა განხორციელებულ იმპორტის სასაქონლო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები. მათ შორის, კონტრაქტი მომწოდებელ მხარესთან, საქონლის შესყიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯების ამსახველი ინვოისები, სატრანსპორტო დოკუმენტები, შეძენილი საქონლის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და საბანკო ამონაწერი.
ამასთანავე, 2017 წლის 1 ივნისის №21-10/80024 წერილით ეთხოვა ----- ის სახელმწიფო ფისკალურ სამსახურს, გადმოეგზავნა ექსპორტის საბაჟო დეკლარაციები თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად. ამავდროულად, დაედგინა რის საფუძველზე განისაზღვრა საქონლის წონა და მოცულობა გაფორმებისას წარმოდგენილ კონოსამენტებში და მოეწოდებინათ შესაბამისი აქტები/სურვეიერის დასკვნები/დოკუმენტაცია.
2019 წლის 13 სექტემბერს ----- ის სახელმწიფო ფისკალური სამსახურიდან მიღებულია №187600/21 წერილით გადმოგზავნილია შპს ----- ს მიერ განხორციელებული იმპორტის ოპერაციების შესაბამისი საექსპორტო დოკუმენტაცია.წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა შეუსაბამობები. კერძოდ, ----- ში საქონლის ექსპორტის განხორციელების დროს დეკლარირებული საქონლის წონა და მოცულობა არ შეესამება საქართველოში იმპორტის განხორციელების დროს დეკლარირებულ წონასა და მოცულობას.
შესაბამისად, დადგინდა, რომ სახეზე იყო შპს ----- ს მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის უკანონო განკარგვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სგპ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2019 წლის 19 დეკემბერს შედგა №EL105733 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს ----- ს დეკისრა ჯარიმა - 10 148 ლარის ოდენობით. ამასთან, №EL69501/4 საგადასახადო მოთხოვნით განისაზღვრა დეკლარანტის საგადასახადო ვალდებულება უკანონოდ განკარგულ/დაკარგულ საქონელზე კუთვნილი იმპორტის გადასახდელების ოდენობით - დღგ 10 148 ლარი, ხოლო დადგენილ ვადაში გადაუხდელ იმპორტის გადასახდელზე, საურავი - 3 197,17 ლარი (ჯამში 13 345,17 ლარი).
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანია არ უარყოფს გემზე ხის მორების დანაკლისს (466,053 ტ.), რასაც მისივე თქმით ადასტურებს სურვეიორი კომპანიაც, თუმცა ამ ყველაფერში გამორიცხავს კომპანიის ბრალეულობას და შესაბამისად პასუხისმგებლობასაც, ვინაიდან გამომგზავნი კომპანიაც ადასტურებს რომ, თანახმაა მიიღოს რეალური რაოდენობის შესაბამისი ანაზღაურება და აღიარებს მის მიერ დაშვებულ შეცდომას, რომ გემზე დანაკლისი წარმოადგენდა მის ბრალეულობას.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციისა და დარიცხული გადასახადის გაუქმებას/სანქციისაგან გათავისუფლებას საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი ნორმები ცხადყოფს, რომ პირი ვალდებულია, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი შეინარჩუნოს უცვლელ მდგომარეობაში, რაც მომჩივანს არ შეუსრულებია.
შემოსავლების სამსახურმა საქმეზე წარმოდგენილი მასალის და მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხვედველობას დაქვემდებარებული საქონლის განკარგვის ფაქტს.
რაც შეეხება სადავო საგადასხადო მოთხოვნის გამოცემის მართებულებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტზე, რომლის შესაბამისად საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საქმის მასალებით დგინდება, რომ საქონლის განაშთვის შემდეგ, საქონლის ფოთის პორტში რკინიგზის სასწორზე აწონვებით, გამოვლინდა დანაკლისი. აღნიშნული საქონელი ჩაითვალა საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად. შესაბამისად, დაირღვა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა, რა დროსაც საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა.
საქმის მასალებით უტყუარად დგინდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის დანაკლისი, რაც ითვლება უკანონოდ დაკარგულ/განკარგულ საქონლად. აღნიშნული კი იწვევს შესაბამისი სანქციის და გადასახადისა დაკისრებას. ამდენად, 2019 წლის 19 დეკემბრის №EL105733 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და 20 დეკემბრის №EL69501/4 საგადასახადო მოთხოვნა კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას და სანქციისაგან გათავისუფლებას საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტში გადამხდელის სახელზე შემოტანილ იქნა „ხის მორები“ და „ფიჭვის დახერხილი ფიცარი“ საქონლის განაშთვის შემდეგ ფოთის პორტში აწონვებით გამოვლინდა დანაკლისი. საქმის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა შეუსაბამობები. კერძოდ, საქონლის ექსპორტის დროს დეკლარირებული საქონლის წონა და მოცულობა არ შეესამება საქართველოში იმპორტის განხორციელების დროს დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნული საქონელი ჩაითვალა საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად, შესაბამისად, დადგინდა, რომ სახეზე იყო საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადამხდელს დეკისრა ჯარიმა - 10 148 ლარის ოდენობით. ამასთან, განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულება უკანონოდ განკარგულ/დაკარგულ საქონელზე კუთვნილი იმპორტის გადასახდელების ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს გადაწყვეტილებით საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(11); 172(1)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლი