გადაწყვეტილება №23911/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.11.2024
№ დოკუმენტი 23911/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23911/2/2024

19 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 12.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23911/2/2024).

 

დავის საგანი:

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტობის დაბრუნებაზე უარის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2024 წლის გადაწყვეტილება ID:-------

2. შემოსავლების სამსახურის 2.09.2024 წლის №19690 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

2024 წლის 17 ივლისს მომჩივანმა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით (ID ------------) მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 91-ე ნაწილის და ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტის 2016 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციებით გათვალისწინებული შეღავათის საფუძველზე რიცხული ზედმეტობის დაბრუნება.

2024 წლის 25 ივლისს მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, იმ მიზეზით, რომ გადამხდელის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ დადასტურდა, რომ მას გააჩნდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება.

აღნიშნული უარი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.09.2024 წლის №19690 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

--------- მუნიციპალიტეტის სოფელ --------, 2022 წლიდან მუშად მუშაობს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, შპს „----------“ (ს.კ. --------). საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 91-ე ნაწილით დადგენილი შეღავათი 3000 ლარამდე ეკუთვნოდა 2016 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა.ვ. ქვეპუნქტით. 2022-2023 წლებში არ უსარგებლია აღნიშნული შეღავათით, რადგან არ იყო ინფორმირებული როცა გაიგო, წარადგინა 2022 და 2023 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები რის შემდეგაც პირად ბარათზე დაუჯდა ზედმეტობა 1200 ლარი. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურში წარადგინა მოთხოვნა ID -------- 2024 წლის 17 ივნისს და 2024 წლის 17 ივლის ID ---------, რაზედაც ორივეჯერ მიღო უარყოფითი პასუხი, მოტივით თითქოს ვერ დასტურდებოდა რომ ეკუთვნოდა საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 91-ე ნაწილის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული კანონის დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალში აღნიშნულ ქალაქებში, სოფლებში, თემებსა და დაბებში (გარდა „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანილი დასახლებებისა) მცხოვრებ, იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე. 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი, სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3 000 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) აღნიშნულ რეგიონში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით. --------- მუნიციპალიტეტის სოფელ ---------, სადაც ცხოვრობს და სადაც მუშაობს სოფელი ------- 2016 წლის 1 იანვრამდე მიეკუთვნებოდა მაღალ მთიან რეგიონს, რაზედაც დღეის მდგომარეობით ვრცელდება აღნიშნული შეღავათი, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 სექტემბრის შესაგებელი გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, საიდანაც მიღო 2024 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №19690, რომელსაც არ ეთანხმება, რადგან ბრძანებაში აღნიშნულია თითქოს მოთხოვნაში არ იყო ზედმეტობის წარმოშობის მიზეზები და რომ არ იყო თანდართული საგადასახადო შეღავათის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, აღნიშნული დამადასტურებელი დოკუმენტი კი ატვირთული ჰქონდა განცხადებაზე, როდესაც მოითხოვა თანხის დაბრუნება ეგონა რომ ნახავდნენ აღნიშნულ განცხადებას და მასზე თანდართულ საბუთებს, ითხოვს განემარტოს საგადასახადო კოდექსის აღნიშნული მუხლით ეკუთვნის თუ არა შეღავათი თუ მეკუთვნის დაუბრუნდეს მისი 1200 ლარი, და თუ არ ეკუთვნის განემარტოს თუ რატომ არ ეკუთვნის.

შეღავათის დამადასტურებელი საბუთები საჩივარს თან ახლავს, აღნიშნული საბუთები წარდგენილი აქვს ასევე საწარმოში, სადაც მუშაობს და რის საფუძველზეც აქვს შეღავათი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

საგადასახდო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა.ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სამ- ან მეტშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3 000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება.

საგადასახდო კოდექსის 309-ე მუხლის 91-ე ნაწილის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული კანონის დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალში აღნიშნულ ქალაქებში, სოფლებში, თემებსა და დაბებში (გარდა „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანილი დასახლებებისა) მცხოვრებ, იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 132 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოქმნილი ზედმეტობის შემთხვევაში, წარდგენილ „მოთხოვნაში“ აღწერილი უნდა იყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები და მას უნდა დაერთოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (პასუხისმგებლობა დაქირავებულისთვის გაცემული და დაკავებული თანხის სისწორეზე ეკისრება საგადასახადო აგენტს).

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა.ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე ნორმით დადგენილი შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელია პირს ხელფასის სახით შემოსავალი მიღებული ჰქონდეს საბიუჯეტო ორგანიზაციიდან.

საჩივრის განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ დადასტურდა, რომ შპს „---------“ (ს/ნ --------) საიდანაც პირს მიღებული ჰქონდა ხელფასი წარმოადგენდა საბიუჯეტო ორგანიზაციას, რაც გახდა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო შემთხვევაში არ დასტურდება საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის მიღების ფაქტი, მომჩივნისთვის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული თანხის დაბრუნებაზე უარის თქმა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტობის დაბრუნებაზე უარის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით, მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 91-ე ნაწილის და ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტის 2016 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქციებით გათვალისწინებული შეღავათის საფუძველზე რიცხული ზედმეტობის დაბრუნება. 2024 წლის 25 ივლისს მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, იმ მიზეზით, რომ გადამხდელის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ დადასტურდა, რომ მას გააჩნდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება. აღნიშნული უარი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.09.2024 წლის №19690 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

საბჭო იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო შემთხვევაში არ დასტურდება საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის მიღების ფაქტი, მომჩივნისთვის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული თანხის დაბრუნებაზე უარის თქმა მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 65;82(2);309(91);

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის 131;135; მუხლის პირველი პუნქტი