აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი პირის დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა N 2533

2533 აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი პირის დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა 26.01.2018
№ დოკუმენტი 2533
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი პირის დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა N 2533

ფაქტობრივი გარემოებები

· აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორ პირს მოგების გადასახადის მიზნებისათვის გააჩნია როგორც ჩვეულებრივი წესით დასაბეგრი (გამართული აქვს თამაშობები სათამაშო აპარატებით (სისტემურ-ელექტრონული ფორმით)), ასევე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები (გამართული აქვს თამაშობები კანონმდებლობის შესაბამისად, სათამაშო აპარატებით მოწყობილ სალონში (გარდა სისტემურელექტრონული ფორმისა)). აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში საწარმოს შემოსავლის მიღების მიზნით გაწეული აქვს ხარჯები, რომელთა მიკუთვნება კონკრეტული საქმიანობისათვის შეუძლებელია.

· პირს დასაბეგრი მოგების დასადგენად, გამოსაქვითი ხარჯი გაანგარიშებული აქვს საერთო შემოსავალში დასაბეგრი შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად. ამასთან, შემოსავლების ფორმირებაში მონაწილეობას ღებულობს მოთამაშეების მიერ განხორციელებული ყველა ის ფსონი, რომელთან დაკავშირებითაც ორგანიზატორს მოპოვებული აქვს შემოსავლების მიღების უფლება (მათ შორის, მოთამაშის მიერ მოგებული თანხის ხარჯზე განხორციელებულ ფსონებთან (ე.წ. „ჩატრიალებული/ჩაბრუნებული თანხები"/„სპინი" და სხვა) დაკავშირებით).

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა. ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები.

· ვინაიდან ორგანიზატორს გაწეული აქვს მოგების გადასახადით დასაბეგრი, ასევე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები და მათი მიკუთვნება კონკრეტული საქმიანობისათვის შეუძლებელია, გამოსაქვითი ხარჯები უნდა განისაზღვროს საერთო შემოსავალში მოგების გადასახადით დასაბეგრი შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად, თუ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა უფრო ზუსტი და გონივრული მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს. ამასთან, საერთო შემოსავლების ფორმირება, განხორციელებული ფსონების ჯამური თანხით, მათ შორის, მოგებული თანხის ხარჯზე განხორციელებული ფსონების ჩათვლით, კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, თუ ასევე კონკრეტულ შემთხვევაში სხვა უფრო ზუსტი და გონივრული მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარ ღვევა არ იკვეთება და საგადასახადო ვალდებულები ს დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო გამოიყენება მხოლოდ გაუმიჯნავი ხარჯების გამოსაქვითი ოდენობის დადგენის მიზნებისათვის

სიტუაციური სახელმძღვანელო ვრცელდება 2017 წლის 1 იანვრამდე არსებულ საგადასახადო პერიოდებზე