გადაწყვეტილება №21410/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21410/2/2023
18 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 24.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21410/2/2023).
დავის საგანი:
არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი ავანსის თანხის სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №007-394 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27431 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 340 995.51 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 184 067
მოგების გადასახადი - 157 258
საშემოსავლო გადასახადი - 25 551
ქონების გადასახადი - 1 258
ჯარიმა - 113 100
საურავი - 43 828.51
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა რკინა კავეულით საცალო/საბითუმო ვაჭრობა, ასევე აქვს რკინის ნაკეთობების მცირე წარმოება. კომპანიას ძირითადი ნედლეული, მზა სახის მეტალის აქსესუარები და ნაჭედი დეკორატიული ფიგურები შემოაქვს იმპორტით (თურქეთიდან და ირანიდან).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.07.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 30.06.2022 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 8.01.2021 წელს და 3.12.2021 წელს ირანში რეგისტრირებულ საწარმოებზე -------ზე და -------ზე სალაროდან გაცემული აქვს თანხა, რომელიც ბუღალტრულად აღრიცხული როგორც ავანსი, ჯამური ოდენობით - 524 746 ლარი ხელშეკრულების შესაბამისად (ორივე შემთხვევაში თანხის სალაროდან გაცემა მოხდა ერთი ოპერაციის ფარგლებში, რომლის დეკლარირება საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ ფიქსირდება). -------ზე გადახდილი თანხა წარმოადგენს ე.წ. საგარანტიო თანხას ექსკლუზიური ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც არარეზიდენტ კომპანიასთან უცვლელად/გაუნაშთავად დარჩება ხელშეკრულების შეწყვეტის წლამდე. -------ზე გადახდილი თანხა წარმოადგენს ძირითადი საშუალებების შესაძენად გადახდილ თანხას, რომლის მოწოდებაც არ მომხდარა დღემდე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 96-ე „ა“ ქვეპუნქტის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს მიერ გაცემული ავანსის თანხა დაკვალიფიცირდა არარეზიდენტებზე -------ზე და -------ზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხული პროცენტი განხილულია მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 28.12.2022 წლის №33453 ბრძანება და ამავე თარიღის №007- 394 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 26.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.07.2023 წლის №17639 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 14.09.2023 წლის №20496/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17639 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27431 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არარეზიდენტზე გადახდილი თანხები უცვლელად/გაუნაშთავად ფიქსირდება შესამოწმებელ პერიოდში, ასევე ძირითადი საშუალებების შესაძენად გადახდილია თანხები, თუმცა აღნიშნული ქონების მოწოდება ჯერ არ განხორციელებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო ოპერაციებზე სესხის კვალიფიკაცია მართლზომიერია. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს რკინა-კავეულით საბითუმო ვაჭრობა, ასევე აქვს რკინის ნაკეთობების წარმოება. კომპანია საქმიანობის განსახორციელებლად დამოკიდებულია იმპორტზე, კერძოდ იმპორტის გზით ირანიდან და თურქეთიდან შემოაქვს როგორც ნედლეული, ასევე მზა სახის მეტალის აქსესუარები და მეტალის ნაჭედი დეკორატიული ფიგურები. კომპანია აღნიშნული იმპორტის გარეშე მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ეკონომიკური აქტივობა, რადგან საქონლის ტიპის, ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით მსგავსი ნედლეული და პროდუქცია საქართველოში არ იწარმოება. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი გაჯერებულია იმპორტული საქონლით და შეუძლებელია კონკურენტული ფასის მიღება იმპორტის განხორციელების გარეშე. რკინა-კავეულით ვაჭრობის ბიზნეს გარემო კი შეიძლება ითქვას, რომ არის არაჯანსაღი. ბაზრის 75% გაჯერებულია ირანული საქონლით, დანარჩენ 25% განაწილებულია მათ მიერ წარმოებული ადგილობრივი პროდუქციასა და ჩინური საქონელზე. შესაბამისად, ირანულ კომპანიებთან თანამშრომლობა ერთგვარ მოცემულობას წარმოადგენს. ირანული კომპანიებიც დიდი ძალისხმევით ცდილობენ საქართველოში პარტნიორების მოძებნასა და უკვე მოძებნილის ახლით ჩანაცვლებას.
ასეთ გარემოში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, 8.02.2021 წელს გაფორმებულია ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულება მომწოდებელთან -------სთან. აღნიშნული კომპანია ყველაზე კონკურენტულ ფასად ყიდის შესაბამისი ხარისხის პროდუქციას, რომლის იმპორტსაც ახორციელებდა. შესაბამისად, იმისათვის, რომ ისედაც გაჯერებულ ბაზარზე შეძლებოდა კონკურენტული ფასებითა და კარგი ხარისხით პოზიციონირება, მიიღო ზემოხსენებული ექსკლუზიური უფლების ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. აღნიშნული ხელშეკრულების 1.2.1 მუხლის მიხედვით გამყიდველი იღებდა პასუხისმგებლობას, რომ სხვა მესამე პირს (გარდა შპს -------) არ ექნებოდა უფლება შეეძინა და საქართველოში იმპორტით შემოეტანა -------ს საქონელი. ხოლო, შპს ------- იღებდა ვალდებულებას, რომ მხოლოდ ზემოხსენებული კომპანიისგან მოახდენდა საქონლის შეძენას. ამასთან, ხელშეკრულების 1.2.2 მუხლის მიხედვით, მყიდველს უნდა შეესყიდა წლის განმავლობაში არანაკლებ 100 000 დოლარის ექვივალენტი ღირებულების საქონელი. ხოლო 1.2.3 მუხლის მიხედვით წინამდებარე ხელშეკრულებისა და შეთანხმების გარანტიისათვის მყიდველს გამყიდველისათვის ავანსის სახით უნდა გადაეხადა 100 000 დოლარის ოდენობით თანხა, რომელიც გაიქვითებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ბოლო ოპერაციებიდან. თანხის ეს მოცულობა, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო კომპანიისათვის, თუმცა კომპანია დათანხმდა აღნიშნულ პირობებს არსებული ეკონომიკური გარემოდან გამომდინარე. ერთის მხრივ მხოლოდ ეს გზა იყო დარჩენილი საწარმოო პროცესის ფუნქციონირების გასაგრძელებლად, სხვა შემთხვევაში საწარმო მოკლებული იყო შესაძლებლობას კონკურენცია გაეწია ბაზარზე არსებული კონკურენტებისათვის და უნდა შეეჩერებინა ეკონომიკური აქტივობა. მეორეს მხრივ, აღნიშნული კომპანიისაგან შესაბამისი ნედლეულის მიღების შემდეგ, კომპანიას ჰქონდა ლოგიკური და ანალიზზე დაფუძნებული მოლოდინი, რომ ამ ნედლეულით, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ამერიკაში ექსპორტის შემთხვევაში, საწარმო შეძლებდა მნიშვნელოვნად გაეზარდა წარმოება და შესაბამისად ბევრად დიდი შეძენების განხორციელება დასჭირდებოდა. აღნიშნულ ხელშეკრულებას ვადა ეწურება 2024 წლის თებერვლის თვეში. შესაბამისად 2023 წლის ნოემბრის თვეში განხორციელებული იმპორტიდან (საბ. დეკლ. A102002) უკვე დაიწყო წინასწარ გადახდილი ავანსის გაქვითვა და გაიქვითა 26 000 დოლარზე მეტი. ზემოხსენებული ავანსი სრულად გაიქვითება 2021 წლის ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში. ეს ფაქტობრივი გარემოებები კიდევ ერთხელ ასახავს ხელშეკრულების პირობების ნამდვილობას. ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ავანსად გადახდილი თანხისათვის სესხის კვალიფიკაციის მინიჭება არ შეესაბამება რეალობას და არც დასტურდება არცერთი ფაქტობრივი გარემოებით, შინაარსითა თუ იურიდიული დოკუმენტაციით.
ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ურთიერთშედარების დოკუმენტაცია წარდგენილი იყო შემოწმებისათვის, ასევე, შემოწმებისათვის მიწოდებული იყო ზემოხსენებული ინფორმაცია, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, შემოწმებამ უგულებელყო თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების ფარგლებში განხორციელებული სრულიად კანონიერი და ბიზნეს ინტერესებით განპირობებული დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე შეუცვალა ოპერაციას კვალიფიკაცია. კერძოდ, გადახდილი ავანსის თანხა (რომელიც გაიქვითებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ფარგლებში განხორციელებული ბოლო მიწოდებებიდან) დააკვალიფიცირა როგორც გაცემული უპროცენტო სესხი. კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშული ნაწილის სესხად კვალიფიკაციას, რადგან არსებობს იურიდიული დოკუმენტაცია და სავსებით რეალური და ლოგიკური დასაბუთება იმისა, რომ აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს წინასწარ გადახდილ ანაზღაურებას, რომელიც უნდა გაიქვითოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო ოპერაციებიდან. ხსენებული თანხის განთავსების გარეშე საწარმოს არ ექნებოდა შესაძლებლობა კონკურენტუნარიანი საქონელი და ნედლეული შემოეტანა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების პირობების რეალური მოქმედება იმითაც დასტურდება, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხელშემკვრელი კომპანიის საქონლის იმპორტი საქართველოში სხვა პირის მიერ არ მომხდარა (აღნიშნული ფაქტი შემოსავლების სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით მარტივად გადამოწმებადია).
გარდა ამისა, შემოწმებამ საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოახდინა ყოველთვიურად მოგების გადასახადის დარიცხვა რაც გულისხმობს უსასყიდლოდ მომსახურების გაწევას. აღნიშნული ნაწილი სრულიად შეუსაბამო და აცდენილია რეალობას, რადგან სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე ახდენდნენ საქონლის შესყიდვას, ბაზარზე კონკურენტუნარიანი ფასებითა და ხარისხით ოპერირებას. სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულმა შესაძლებლობამ მისცა საშუალება, რომ საწარმო გამხდარიყო პირველი ქართული კომპანია, რომელმაც აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა საქართველოში წარმოებული რკინა-კავეულის პროდუქცია. აღნიშნული საქონლის საწარმოებლად შემოაქვს კომპანიას ის ნედლეული, რომლის გამოყენებითაც საქართველოში იწარმოება ამერიკაში საექსპორტო რკინა-კავეულის პროდუქცია. შემოწმების მიერ გამოყენებული საკანონმდებლო ნორმა საჭიროებს განვრცობას, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. თუმცა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს თუ რა განიხილება მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად, კერძოდ: ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება. საინტერესოა, რომელი ფაქტობრივი გარემოება ან/და არგუმენტი მიუთითებს რომ ზემოხსენებული თანხის ავანსად გადახდის მიზანი არ იყო მოგების შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი დასაბუთება არ არის მოცემული შემოწმების აქტში და ასევე არც ზეპირსიტყვიერი განმარტება მიუღია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ოპერაციის შემდგომ შეძლო საწარმომ კონკურენტუნარიანი ფასისა და ხარისხის ნედლეულისა და მასალების იმპორტი (საბაჟოზე არსებული ინფორმაციის მიხედვით დასტურდება, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე ამავე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არაერთი საქონელი და ნედლეულია შესყიდული ზემოხსენებული კომპანიისაგან).
ყოველივედან გამომდინარე, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ როგორც დოკუმენტურად, ასევე ეკონომიკურად და ბიზნეს ინტერესით დასაბუთებული ოპერაციისათვის კვალიფიკაციის ცვლილებას. ერთის მხრივ, ავანსად გაცემული თანხის უპროცენტო სესხად კვალიფიკაციას და მეორეს მხრივ უსასყიდლო მომსახურების გაწევისათვის ყოველთვიურად მოგების გადასახადის დარიცხვას. რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, არცერთი ფაქტობრივი გარემოება თუ დოკუმენტი არ მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული თანხის ავანსად გადახდის მიზანი არ იყო დაკავშირებული საწარმოს მიერ მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. რადგან, სწორედ აღნიშნული ოპერაციის შემდგომ შეძლო საწარმომ შესაბამისი ფასისა და ხარისხის პროდუქციისა და ნედლეულის შესყიდვა, რომლის საშუალებითაც საწარმოს მიეცა შესაძლებლობა ბაზარზე კონკურენტუნარიანი გამხდარიყო, მოეხდინა შემოსავლების გენერირება და მიეღო მოგება.
რაც შეეხება -------ს, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით განხორციელებულ ოპერაციებს, აღსანიშნია რომ საწარმოო სიმძლავრეების გაძლიერების მიზნით, კომპანიამ 2021 წელს დაიწყო და ახლაც გრძელდება 3 000 კვ მეტრის საწარმოო სივრცის მოწყობის სამუშაოები, სადაც განთავსებული იქნება უახლესი მანქანა დანადგარები, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, ხარჯების შემცირებას, ბაზარზე პროდუქციის გამრავალფეროვნებას და შესაბამისად ბაზარზე კონკურენტული ფასის მიღებას.
კომპანიას საწარმოო სივრცის მოწყობითი სამუშაოების დამთავრება დაგეგმილი ჰქონდა 2022 წლის აპრილში, თუმცა, რესურსების მიმართვა მოხდა საექსპორტო პროდუქციის მოსამზადებელი ხარჯებისთვის, შესაბამისად, გადავადდა საწარმოო სივრცის მოწყობის სამუშაოების დასრულება. ამიტომ კომპანიას არ აქვს გადახდილი საინვოისო ღირებულების მეორე ნახევარი. დანადგარების ღია ცის ქვეშ დალაგება კომპანიისთვის იქნება დიდი ზარალის მომტანი, შესაბამისად დანადგარების საინვოისო ღირებულების ნახევარს გააჩნია საავანსო სტატუსი. შემმოწმებლებისთვის წარდგენილია ხელშეკრულება, ინვოისი, ასევე სალაროს გასავლის ორდერი სადაც მიმღები აფიქსირებს ხელმოწერით თანხის მიღებას და რაც მთავარია შედარების აქტი. აუდიტორებმა ერთიდაიმავე დოკუმენტაცია რწმუნებულებად მიიღეს იმპორტული საქონლის შესყიდვის ნაწილში (შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №22708; 2019 წლის 8 ივლისი - მაგალითი №3) და ანულირება მოახდინეს ავანსად გაცემული თანხების ნაწილში. ალოგიკურია ერთსადაიმავე დოკუმენტს მარწმუნებელი ძალა ჰქონდეს ერთ შემთხვევაში და არა მეორე შემთხევაში. კანონის ანალოგიის პრინციპით, თანხის მიღების დამადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტაცია მარწმუნებელია როგორც კრედიტორული დავალიანების დაფარვის კუთხით, ასევე საავანსო თანხის გადახდის კუთხითაც. ამასთანავე, აუდიტისათვის წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემებიდანაც ნათლად ჩანს, რომ თანხის პირველი ნაწილის გადარიცხვის შემდგომ, ბაზარზე მოხდა ფასების მკვეთრი ზრდა, რამაც შეცვალა საწარმოს დაგეგმილი ბიუჯეტი და მოუწია პრიორიტეტების განსაზღვრა, რადგან საწარმოს ფულადი რესურსები არ ყოფნიდა ყველა დაგეგმილი ოპერაციის განხორციელებას. შესაბამისად საწარმომ ფინანსური რესურსები მიმართა საექსპორტო პროდუქციის მოსამზადებელი ხარჯებისთვის და გადავადდა საწარმოო სივრცის მოწყობის სამუშაოების დასრულება. თუმცა პროცესი დღეის მდგომარეობით დასკვნით ფაზაშია. ნოემბრის თვეში მოხდა საწარმოო სივრცის გადახურვის დასრულება, ამჟამად მიმდინარეობს შიდა ტერიტორიის მოწყობა და უმოკლეს ვადებში უნდა მოხდეს უკვე დანადგარის იმპორტი და დამონტაჟება. აღსანიშნავია, რომ პირველ რიგში კომპანიის ინტერესია დროულად მოახდინოს დანადგარის ექსპლუატაციაში გაშვება, რადგან ამით მნიშვნელოვნად გაიზრდება საწარმოს მწარმოებლურობა, რაც გაზრდის საწარმოს პოტენციალს. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ეს დანადგარი არის საკმაოდ მოცულობითი, ამიტომ აღნიშნული დანადგარის ღია ცის ქვეშ დადება ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა, ხოლო სხვა ფართის იჯარით აღება დანადგარის დროებით შესანახად დამატებით ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ გადავადდა დანადგარის შემოტანა, მანამ სანამ დასრულდებოდა საწარმოო სივრცის მოწყობა. აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, კი ნათლად ჩანს, რომ პროდუქციის მიღებას შეძლებს, მას შემდეგ რაც გადაიხდის საინვოისო ღირებულებას სრულად. სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამო მოხდა საინვოისო ღირებულების მეორე ნაწილის გადახდის გადავადება, თუმცა აღნიშნული პირობა ძალაშია და არ ნიშნავს იმას, რომ საწარმომ თანხის მეორე ნაწილის გადახდის გადავადებით დაკარგა დანადგარის შეძენის შესაძლებლობა. შესაბამისად, ფაქტია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს ავანსის სახით გადახდილ ანაზღაურებას, რაც დასტურდება ორივე მხარის მიერ და აღნიშნული ოპერაცია არ წარმოადგენს გაცემულ უპროცენტო სესხს.
ამასთან, როგორც წინა შემთხვევაში, შემოწმების მიერ გაცემული სესხი ჩაითვალა უპროცენტოდ გაცემულად და ყოველთვიურად დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა. თუმცა, დოკუმენტაციითაც და ფაქტობრივი გარემოებებითაც ნათლად დასტურდება, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს ავანსის სახით გადახდილ თანხებს და პირდაპირ კავშირშია საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან, რომლის შედეგადაც საწარმო აპირებს მოახდინოს შემოსავლის გენერირება და მოგების მიღება. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც მიაჩნია, რომ ეს ოპერაცია თავისი შინაარსით არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციას და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის ჩანაწერებს. ასევე აქტში მოცემულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით პოზიციას წარმოადგენს დავების ეტაპზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის თანახმად:
3. მოგების გადასახადით იბეგრება: ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
3. მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები: უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.09.2023 წლის №20496/2/2023 გადაწყვეტილებით დაბრუნებული საჩივრის განხილვის შედეგად შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არარეზიდენტზე გადახდილი თანხები უცვლელად/გაუნაშთავად ფიქსირდება შესამოწმებელ პერიოდში, ასევე ძირითადი საშუალებების შესაძენად გადახდილია თანხები, თუმცა აღნიშნული ქონების მოწოდება ჯერ არ განხორციელებულა.
მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო ოპერაციებზე სესხის კვალიფიკაცია მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი ავანსის თანხის სესხად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
უდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.07.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 30.06.2022 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 26.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.07.2023 წლის №17639 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 14.09.2023 წლის №20496/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.07.2023 წლის №17639 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2023 წლის №27431 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო ოპერაციებზე სესხის კვალიფიკაცია მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9-ბ); 982(3-ზ) 983(1);