ბრძანება N 11297

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.05.2023
№ დოკუმენტი 11297
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11297

22.05.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 23 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მაისის სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 23 იანვრის №78376/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №002-251 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საშემოსავლო გადასახადზე განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. მიუთითებს, რომ სამუშაო ობიექტებია ---------- და ----------. აღნიშნულ ობიექტებზე სამუშაოების შესასრულებლად თანამშრომლებისთვის ფიზიკური პირებისაგან იქირავა ბინები, საცხოვრებელი მიზნებისთვის. გამქირავებელ ფიზიკურ პირებთან გაფორმდა ხელშეკრულებები, ხელშეკრულებები არის ნოტარიულად დამოწმებული და დარეგისტრირებული რეესტრში. აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურებას ბეგრავდა 5%-ს, თუმცა შემოწმებით დადგინდა, რომ გამქირავებელი ფიზიკური პირები არ იყვენენ რეგისტრირებულნი გამქირავებელთა საგადასახადო რეესტრში და გადასახადის წყაროსთან დასაკავებელი იყო 20%. მომჩივანი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით, არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადებისაგან თავის არიდება.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი ავანსის სესხად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აპრილის №8956 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32683 ბრძანება და ამავე თარიღის №002-251 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 187 284 ლარი, მათ შორის, გადასახადი 114 592 ლარი, ჯარიმა 51 693 ლარი, საურავი 20 999 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანიის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებისა და განაცემების, ასევე საბუღალტრო პროგრამაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული უზუსტობები, კერძოდ, კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისგან იჯარით აღებულია საცხოვრებელი სახლები (თანამშრომლებისთვის), აღნიშნული იჯარების ანაზღაურებისას კომპანიის მიერ წყაროსთან ხორციელდება საშემოსავლო გადასახადის დაკავება 5%-ის ოდენობით, თუმცა შემოწმება მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტავს, რომ ვინაიდან ფიზიკური პირები არ არიან რეგისტრირებულია შესაბამისს რეესტრში შემოწმების მიერ გადახდილი საიჯარო თანხები დაექვემდებარა 20% დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. ამასთან, კომპანიას ფიზიკურ პირზე გაცემული ხელფასი გადახდის წყაროსთან დაბეგრილი აქვს 10% (გადამხდელის სიტყვიერი განმარტებით აღნიშნული მიდგომა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ფიზიკური პირი ძირითადად არ იმყოფება საქართველოში). შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აგვისტოს თვეში ავანსად გადარიცხული აქვს თანხა არარეზიდენტ კომპანიაზე (რუსეთში რეგისტრებული კომპანია - „----------“) გარკვეული საქონლის შეძენის მიზნით, თუმცა აღნიშნული საქონელი შესამოწმებელ პერიოდში არ არის მოწოდებული. კომპანიის განმარტებით არსებობს გარკვეული პრობლემები აღნიშნული საქონლის მოწოდების მხრივ (როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს ზემოაღნიშნულ კომპანიას რუსეთში შეჩერებული აქვს ფუნქციონირება), ამასთან გადარიცხული თანხების უკან დაბრუნებაც არ განხორციელებულა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით შემოწმების მიერ არარეზიდენტ კომპანიაზე გადარიცხული ავანსი განხილულ იქნა გაცემულ სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც მითითებულია, რომ კომპანია ასრულებს სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებს ---------- ზე, რაშიც შედის საპროექტო-საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება, კონსტრუქციების და დანადგარების მონტაჟი და სხვა. დასამონტაჟებელი კონსტრუქციები და დანადგარები მზადდება ინდივიდუალური საინჟინრო ნახაზებით, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ქარხნებში. 2021 წლის აგვისტოს თვეში ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიამ გადარიცხა ავანსი 152 000 ევრო ---------- ში, კერძოდ კომპანია „----------“-ში (რომელიც არის ---------- ოფიციალური ფილიალი რუსეთში) და შეუკვეთა დანადგარი ---------- ზე დასამონტაჟებლად. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომწოდებელს უნდა დაემზადებინა და მოეწოდებინა დანადგარი. დაწყებულმა ომმა გამოიწვია ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს სანქციები, რის გამოც „----------“-მა რუსეთში შეაჩერა თავის საქმიანობა. ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე „----------“-მა ოფიციალური წერილით აცნობა, რომ იძულებულია გაწყვიტოს დადებული ხელშეკრულება და თანხა დააბრუნოს უკან, რაზეც კომპანიამ თქვა უარი (არსებობს მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტები), ვინაიდან აღნიშნული პროდუქტის შეკვეთა სხვა კომპანიაში უფრო დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნულ დანადგარს ფასის შეცვლის გარეშე აწარმოებდა ---------- ოფიციალური ფილიალი ჩეხეთში, კერძოდ, „----------“. აღნიშნული დანადგარი უკვე წარმოებაშია, რაზედაც არსებობს ოფიციალური წერილები და ფოტო მასალა ქარხნიდან და წარმოების დასრულების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი. ამასთან, გადამხდელი მიუთითებს, რომ საჩივარს თან ერთვის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მის არგუმენტებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი ავანსის სესხად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამდენად, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს საშემოსავლო გადასახადზე განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი ავანსის სესხად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

1. გადამხდელმა სამუშაო ობიექტებზე სამუშაოების შესასრულებლად თანამშრომლებისთვის ფიზიკური პირებისაგან იქირავა ბინები, საცხოვრებელი მიზნებისთვის. გამქირავებელ ფიზიკურ პირებთან გაფორმდა ხელშეკრულებები, ხელშეკრულებები არის ნოტარიულად დამოწმებული და დარეგისტრირებული რეესტრში. აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურებას ბეგრავდა 5%-ს, თუმცა შემოწმებით დადგინდა, რომ გამქირავებელი ფიზიკური პირები არ იყვენენ რეგისტრირებულნი გამქირავებელთა საგადასახადო რეესტრში და გადასახადის წყაროსთან დასაკავებელი იყო 20%. მომჩივანი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით, არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და მისი მიზანი არ ყოფილა გადასახადებისაგან თავის არიდება.

გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას

2. კომპანია ასრულებს სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოებს ჰესებზე, რაშიც შედის საპროექტო-საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება, კონსტრუქციების და დანადგარების მონტაჟი და სხვა. დასამონტაჟებელი კონსტრუქციები და დანადგარები მზადდება ინდივიდუალური საინჟინრო ნახაზებით, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ქარხნებში. 2021 წლის აგვისტოს თვეში ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიამ გადარიცხა ავანსი 152 000 ევრო და შეუკვეთა დანადგარი ობიექტზე დასამონტაჟებლად. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომწოდებელს უნდა დაემზადებინა და მოეწოდებინა დანადგარი. რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა გამოიწვია ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს სანქციები, რის გამოც მომწოდებელმა რუსეთში შეაჩერა თავის საქმიანობა. ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე მომწოდებელმა ოფიციალური წერილით აცნობა, რომ იძულებულია გაწყვიტოს დადებული ხელშეკრულება და თანხა დააბრუნოს უკან, რაზეც კომპანიამ თქვა უარი (არსებობს მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტები), ვინაიდან აღნიშნული პროდუქტის შეკვეთა სხვა კომპანიაში უფრო დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნულ დანადგარს ფასის შეცვლის გარეშე აწარმოებდა მომწოდებლის ოფიციალური ფილიალი ჩეხეთში. აღნიშნული დანადგარი უკვე წარმოებაშია, რაზედაც არსებობს ოფიციალური წერილები და ფოტო მასალა ქარხნიდან და წარმოების დასრულების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 მარტი. ამასთან, გადამხდელი მიუთითებს, რომ საჩივარს თან ერთვის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მის არგუმენტებს.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 1) გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. 2) არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი ავანსის სესხად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამდენად, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 81; 982; 983; 101; 154; 272; 275