მიღებული „ბონუსის“ დღგ-ით დაბეგვრა N 11121
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მიღებული „ბონუსის“ დღგ-ით დაბეგვრა N 11121
ფაქტობრივი გარემოებები
· მეწარმე სუბიექტი საქონლის რეალიზაციის მაღალი მაჩვენებლისათვის, მომწოდებლისგან იღებს ე.წ. "ბონუსს". მომწოდებლის მიერ "ბონუსი" გაიცემა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მაგალითად, "ბონუსის" გაცემა დამოკიდებულია განსაზღვრულ პერიოდში მეწარმე სუბიექტის მიერ გარკვეული ოდენობის საქონლის შესყიდვაზე/გაყიდვაზე ან/და შესყიდული/გაყიდული საქონლის მთლიან თანხობრივ მაჩვენებელზე. "ბონუსის" გაცემა ხორციელდება ფულადი თანხების ჩარიცხვით ან ურთიერთჩათვლით.
· ვარიანტი I: "ბონუსი" გაიცემა საქონლის მომწოდებელი პირის შეხედულებისამებრ და არ წარმოადგენს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტმა "ბონუსის" სახით მიღებული შემოსავალი არ ჩათვალა საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად და შესაბამისად, არ დაბეგრა დღგ-ით.
· ვარიანტი II: გარკვეული პირობის დადგომისას "ბონუსის" გაცემა წარმოადგენს საქონლის მომწოდებელი პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტმა "ბონუსის" სახით მიღებული შემოსავალი ჩათვალა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად და შესაბამისად, დაბეგრა დღგ-ით.
შეფასება
· სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. სსკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
· I ვარიანტში "ბონუსი", რომელიც გაიცემა მომწოდებელი პირის შეხედულებისამებრ და მისი გაცემა არ წარმოადგენს მომწოდებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, არ განიხილება საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად, არამედ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის წახალისების მიზნით გაცემულ სარგებელს. ამდენად, მოცემულ პირობებში მიღებული "ბონუსი" არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
· II ვარიანტში "ბონუსი", განიხილება მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებად, რამდენადაც მისი გაცემა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარკვეული პირობების დადგომისას, წარმოადგენს მომწოდებლის ვალდებულებას. შესაბამისად, მეწარმე სუბიექტს წარმოეშობა დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი.
ღონისძიებები
· I და II ვარიანტში მეწარმე სუბიექტის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც არ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2020 წლის 6 მაისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა პერიოდებზეც.
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით