გადაწყვეტილება №22363/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2024
№ დოკუმენტი 22363/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22363/2/2024

20 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 24.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22363/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26761 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №081-308 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1986 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

219 101,71 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 106 895

დღგ - 16 411

მიწაზე (არასასოფლო)

ქონების გადასახადი - 587

მოგების გადასახადი - 26 201

საშემოსავლო გადასახადი - 63 696

ჯარიმა - 52 787,1

საურავი - 59 419,61

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების წარმოება, აჭარის რეგიონსა და დასავლეთ საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის გზით სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №081-121 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27696 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: - აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის, რომელიც დასმული იყო საწყისს ნაშთად, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის, ასევე ჩასათვლელი მოგების გადასახადის კორექტირების საკითხი, კერძოდ: აღნიშნულ ოპერაციებზე კვალიფიკაციის შეცვლის მართლზომიერება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;

- შპს ---ზე გაყინული კარტოფილი ფრის მანქანა-დანადგარის რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით:

- სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის საკითხი შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით. გადასახადის გადამხდელს არანაირი არგუმენტაცია არ წარმოუდგენია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული კაპიტალის რეალურობის დადგენა და ამ შემთხვევაში სალაროდან გატანილი თანხა, რომელიც ზუსტად ემთხვევა შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად დასმული კაპიტალის ოდენობას, ჩაითვლებოდა კაპიტალის შემცირებად. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება;

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს ---თან გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ დანადგარი საბოლოოდ მიწოდებულად ჩაითვლება მის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, კერძოდ როდესაც აღნიშნული დანადგარით მოხდება პროდუქციის წარმოება. შემოწმების მიერ გადამოწმდა აღნიშნული ინფორმაცია და დადგინდა, რომ შპს ---ს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარმოებული პროდუქცია, შესაბამისად დანადგარი ექსპლუატაციაში არ არის გაშვებული.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

- ჩასათვლელი მოგების გადასახადის საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში ანალიზისათვის შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წინა საანგარიშო პერიოდების ბუღალტრული ჩანაწერები. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2019 წელს გაანაწილა 2017 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.02.2023 წლის №081-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14907 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 21.09.2023 წლის №20235/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14907 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 21.09.2023 წლის №20235/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 30.10.2023 წლის №26761 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26761 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს მითითებულ ვადაში არ წარმოუდგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ მომხდარა. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №081-308 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1986 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულად საწესდებო კაპიტალში რიცხული 207 784 ლარი, წარმოშობილია 2018 წელს წინა საანგარიშო პერიოდების გაუნაწილებელი ფინანსური მოგებების საწესდებო კაპიტალში გადატანის გზით, რასაც ადასტურებს თავად შემმოწმებელი აქტის პირველ საკითხში, სადაც მითითებულია, რომ „საწარმოს მიერ 2018 წელში მიღებული მოგება გადატანილი აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე ისე, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელში დივიდენდი დეკლარირება არ მოუხდენია“, ხოლო შემოწმების აქტის მე-8 საკითხში აღნიშნავს „გადასახადის გადამხდელს 2018 წელს შპს-დან გატანილი აქვს დივიდენდი, თუმცა აღნიშნულის დეკლარირება არ მოუხდენია“. აღნიშნული ფინანსური ოპერაცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში.

ასე რომ ჩვენთვის გაუგებარია თუ დამატებით რა არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენას ითხოვდა აუდიტორი დასკვნაში. როგორც შემმოწმებელი შემოწმების აქტის პირველ საკითხში აღნიშნავს „საწარმოს მიერ 2018 წელში მიღებული მოგება გადატანილი აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე ისე, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელში დივიდენდის დეკლარირება არ მოუხდენია“ ხოლო შემოწმების აქტის მე-8 საკითხში აღნიშნავს „გადასახადის გადამხდელს 2018 წელს შპს-დან გატანილი აქვს დივიდენდი, თუმცა აღნიშნულის დეკლარირება არ მოუხდენია“, რითაც ფაქტობრივად შემმოწმებელი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2018 წელს გადამხდელმა არ დაადეკლარირა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი გატანილ დივიდენდთან დაკავშირებით, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით აუდიტორმა მოახდინა აღნიშნული დივიდენდის არახანდაზმულ პერიოდში გადმოტანა და დირექტორზე გაცემული ხელფასის სახით დაბეგვრა. 2023 წლის 3 ნოემბერს ოპერატორის მიერ გახსნილი იქნა rs.ge-ზე მიღებული შეტყობინება, კერძოდ შემოსავლების სამსახურის №26761 ბრძანება, რომლის თანახმადაც მომჩივანს დაევალა აუდიტის დეპარტამენტისთვის წარგვედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა საწარმოს ხელმძღვანელობა, რის გამოც არ მომხდარა კომუნიკაცია აუდიტორებთან. შესაბამისად 2023 წლის 28 ნოემბერს გამოიცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე კომპანიასთან კომუნიკაციის გარეშე, რის გამოც დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ მომხდარა. შემოწმებისას აუდიტორმა შეუცვალა კვალიფიკაცია 2019 წლის დასაწყისში კომპანიის საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე არსებულ ნაშთს, რის გამოც მოხდა დამატებით თანხების დარიცხვა საშემოსავლო და მოგების გადასახადებში. ყველა ინფორმაცია, რაც საჭიროა დამატებით დარიცხული თანხების შემცირებისათვის, აუდიტორისთვის მიწოდებული გვაქვს შემოწმების პროცესში. სხვა რაიმე დამატებით ინფორმაციის მისაწოდებლად გთხოვთ მოგვცეთ შესაძლებლობა და განგვისაზღვროთ ვადა, რათა აუდიტორის მოთხოვნისამებრ წარმოვადგინოთ საჭირო ინფორმაცია.

ზემოთ აღნიშნული საკითხი შემმოწმებელს შესწავლილი აქვს, რაც მკაფიოდ ჩანს საგადასახადო შემოწმების აქტის ფაქტების აღწერასა და აუდიტორის შეფასებაში და ჩვენი მოსაზრებით არ საჭიროებს დამატებით შესწავლას. აქედან გამომდინარე, გთხოვთ დაავალოთ აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს შემოწმების აქტის პირველი საკითხის შესაბამისად დამატებით დარიცხული თანხების შემცირება. ასევე გთხოვთ მოგვცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ საჩივრის განხილვისას რათა მოხდეს კომუნიკაცია აუდიტორთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინფორმაციის წარმოდგენა. როგორც შემმოწმებელი შემოწმების აქტის პირველ საკითხში აღნიშნავს „საწარმოს მიერ 2018 წელში მიღებული მოგება გადატანილი აქვს საწესდებო კაპიტალის ანგარიშზე ისე, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წელში დივიდენდის დეკლარირება არ მოუხდენია“ ხოლო შემოწმების აქტის მერვე საკითხში აღნიშნავს „გადასახადის გადამხდელს 2018 წელს შპს-დან გატანილი აქვს დივიდენდი, თუმცა აღნიშნულის დეკლარირება არ მოუხდენია“. რითაც ფაქტობრივად შემმოწმებელი ადასტურებს იმ გარემოებას რომ 2018 წელს გადამხდელმა არ დაადეკლარირა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი გატანილ დივიდენდთან დაკავშირებით და „ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ხანდაზმულ პერიოდში უფიქსირდება დივიდენდის გატანა, რომლის დეკლარირებაც არ განუხორციელებია, შესაბამისად ხანდაზმული პერიოდში გადახდილი მოგების გადასახადი, რომლის ჩათვლის უფლებაც აქვს გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, ეკუთვნის აღნიშნულ საანგარიშო პერიოდს. თუმცა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა არ მოახდინა აღნიშნული მოგების დეკლარირება შესაბამისად ვერ მიიღებდა ჩათვლას“.

შემოწმების აქტის ამ საკითხშიც, შემმოწმებელი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილს იყენებს იმ მიზნით რომ ხანდაზმულ პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება გადმოიტანოს არახანდაზმულ პერიოდში, რაც წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებთან - 1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულით დასტურდება, რომ აუდიტორმა შემოწმების პროცესში იხელმძღვანელა ხანდაზმულ პერიოდში მომხდარი ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლით. კერძოდ, ხანდაზმულ პერიოდში დაუბეგრავი მოგების გადასახადი ჩათვალა დაბეგრილად, ხოლო ასევე ჩაუთვლელი ხანდაზმულ პერიოდში გადახდილი მოგების გადასახადი ჩათვალა ჩათვლილად და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით არახანდაზმულ პერიოდში შეამცირა 2019 წლის მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში კანონიერად ჩათვლილი 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ჩასათვლელი მოგების გადასახადი.

ზემოთ აღნიშნული საკითხი შემმოწმებელს შესწავლილი აქვს, რაც მკაფიოდ ჩანს საგადასახადო შემოწმების აქტის ფაქტების აღწერასა და აუდიტორის შეფასებაში და ჩვენი მოსაზრებით არ საჭიროებს დამატებით შესწავლას. აქედან გამომდინარე, გთხოვთ დაავალოთ აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს შემოწმების აქტის მერვე საკითხის შესაბამისად დამატებით დარიცხული თანხების შემცირება. ასევე გთხოვთ მოგვცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ საჩივრის განხილვისას რათა მოხდეს კომუნიკაცია აუდიტორთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ინფორმაციის წარმოდგენა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების თანახმად:

92. თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

93. ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.

შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26761 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს მითითებულ ვადაში არ წარმოუდგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ მომხდარა.

საბჭო მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა მომჩივნის განმარტება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების ოპერატორის მიერ გახსნის გამო საწარმოს ხელმძღვანელობის არაინფორმირებულობასა და აღნიშნულის გამო აუდიტორებთან კომუნიკაციის არ ქონის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26761 ბრძანებაში მითითებული მომჩივნის არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26761 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 30.10.2023 წლის №26761 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით:

- სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის საკითხი შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით. გადასახადის გადამხდელს არანაირი არგუმენტაცია არ წარმოუდგენია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული კაპიტალის რეალურობის დადგენა და ამ შემთხვევაში სალაროდან გატანილი თანხა, რომელიც ზუსტად ემთხვევა შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად დასმული კაპიტალის ოდენობას, ჩაითვლებოდა კაპიტალის შემცირებად. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება;

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ დანადგარი საბოლოოდ მიწოდებულად ჩაითვლება მის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, კერძოდ როდესაც აღნიშნული დანადგარით მოხდება პროდუქციის წარმოება. შემოწმების მიერ გადამოწმდა აღნიშნული ინფორმაცია და დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარმოებული პროდუქცია, შესაბამისად დანადგარი ექსპლუატაციაში არ არის გაშვებული.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

- ჩასათვლელი მოგების გადასახადის საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში ანალიზისათვის შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წინა საანგარიშო პერიოდების ბუღალტრული ჩანაწერები. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2019 წელს გაანაწილა 2017 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 101; 154; 309 (92;93).