ბრძანება N 23046

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 07.08.2020
№ დოკუმენტი 23046
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 23046

07/08/2020

სს -----

(მის.: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 09 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №47) განიხილა სს ----- ს 2019 წლის 19 დეკემბრის №264047/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 02 დეკემბრის №006-997 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

არ ეთანხმება რეგრესულ მოთხოვნებთან დაკავშირებით განხორციელებულ დარიცხვებს. კერძოდ, რეგრესით მოთხოვნილ თანხასა და ურთიერთშეთანხმების აქტით განსაზღვრულ გადასახდელ თანხას შორის სხვაობის განხილვას ფიზიკური პირისთვის ნაპატიებ თანხად და აღნიშნულის დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, არ ეთანხმება ხანდაზმული მოთხოვნის უფლებების ვალის პატიებად განხილვას და აღნიშნულის დაბეგვრას წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №27000 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 01 ნოემბრიდან 2018 წლის 01 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 19 ნოემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 02 დეკემბერს გამოსცა №41851 ბრძანება და ამავე თარიღის №006-997 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 136 159 ლარი, მათ შორის გადასახადი 98 535 ლარი, ჯარიმა 27 538 ლარი და საურავი 10 086 ლარი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით და საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, სს ----- შემოსავალს გამოიმუშავებს რეგრესების საშუალებით (მესამე პირის დაზღვევა). რეგრესის არსი მდგომარეობს შემდეგში: სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს კომპანია ვალდებულია დაზღვეულ პირს აუნაზღაუროს დამდგარი ზარალის ოდენობა. ამავე დროს სადაზღვევო კომპანიას აღნიშნულ თანხაზე უჩნდება მოთხოვნა მესამე პირთან (რეგრესანტთან). რიგ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკური პირების წინაშე მოთხოვნა, რომლის წარმოშობიდანაც გასულია 3 წელი, აღნიშნულ მოთხოვნებზე ფიზიკური პირების მიერ მოთხოვნის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესაბამისი დოკუმენტი არ არსებობს. შემოწმებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, 3 წლიანი ხადაზმულობის პერიოდის გასვლისას ზემოაღნიშნული მოთხოვნის ოდენობა ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ჩუქებით მიღებულ ქონებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ასევე, რიგ შემთხვევაში რეგრესანტი უარს ამბობს აღნიშნული თანხის სრულად დაფარვაზე. კომპანია თანხმდება რეგრესანტის მიერ შემოთავაზებულ თანხაზე და სხვაობის თანხაზე აფორმებს ეგრეთ წოდებულ ურთიერთშეთანხმების აქტებს, რომლის თანახმადაც რეგრესანტი კისრულობს ვალდებულაბას გადაუხადოს სადაზღვევო კომპანიას მიყენებული და რეგრესით მოთხოვნილი ზარალი ნაწილობრივ. რეგრესით მოთხოვნილ თანხასა და ურთიერთშეთანხმების აქტით განსაზღვრულ გადასახდელ თანხას შორის სხვაობა წარმოადგენს ფიზიკური პირისთვის ნაპატიებ თანხას, რომელსაც გადამხდელი არ ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, 1000 ლარს ზემოთ ფიზიკურ პირებზე ნაპატიები თანხები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას შესაბამისი პერიოდების მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა. ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხოლო, ამავე კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით. ხოლო, ამავე მუხლის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად:

1. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

2. თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენს შემდეგი:

სს ----- ს შემთხვევაში, როდესაც დაზღვეულ ქონებას წარმოადგენს ავტომობილი ხშირ შემთხვევაში კომპანია დამზღვევთან იღებს არა დამდგარი ზარალის საბაზრო ფასის ანაზღაურების ვალდებულებას, არამედ ავტომობილის აღდგენითი სამუშაოების იმ ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას, რომელზეც მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულებით;

თავდაპირველად მოვალისთვის ხდება იმ თანხის მოთხოვნა, რომელიც კომპანიამ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში აუნაზღაურა დამზღვევს. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ მოვალე აცხადებს უარს აღნიშნული თანხის გადახდაზე, იმ მიზეზით, რომ კომპანიის მიერ დაზღვეულისათვის სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში ანაზღაურებული თანხა და დელიქტის შედეგად დამდგარი ზიანი განსხვავდება ერთმანეთისგან, მხარეებს შორის ფორმდება შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ხდება არა ვალის პატიება, არამედ ზიანის ოდენობით დაზუსტება და რეგრესის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის კორექტირება (დასტურდება დოკუმენტურად);

მოვალეების მიერ ვალდებულების შესრულება ხდება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც და მანამ სანამ დებიტორი არ განაცხადებს უარს ვალდებულების შესრულებაზე, კომპანიას რჩება მოთხოვნის უფლება და სახეზე არ არის ვალდებულების შეწყევეტის ფაქტი. ამასთან, კომპანიის ბალანსზე აღრიცხული დებიტორების მიერ არ განხორციელებულა ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა (აღნიშნული დასტურდება თავად საგადასახადო შემოწმების აქტით).

საქმეში არსებულ მასალებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ რეგრესით მოთხოვნილ თანხასა და ურთიერთშეთანხმების აქტით განსაზღვრულ გადასახდელ თანხას შორის სხვაობა არ წარმოადგენს ფიზიკური პირისთვის ნაპატიებ თანხას. ასევე, ფიზიკური პირისთვის ჩუქებით მიღებულ ქონებას არ წარმოადგენს 3 წლიანი ხანდაზმულობის პერიოდის გასვლისას აღნიშნული პირების მიმართ დაფიქსირებული მოთხოვნა. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს აღნიშნულის საფუძვლით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან მიმართებაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს რეგრესით მოთხოვნილ თანხასა და ურთიერთშეთანხმების აქტით განსაზღვრულ გადასახდელ თანხას შორის სხვაობის ნაპატიებ თანხად და 3 წლიანი ხანდაზმულობის პერიოდის გასვლიდან ფიზიკური პირის მიმართ დაფიქსირებული მოთხოვნის ამ პირებისთვის ჩუქებით მიღებულ ქონებად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება რეგრესულ მოთხოვნებთან დაკავშირებით განხორციელებულ დარიცხვებს. ასევე, არ ეთანხმება ხანდაზმული მოთხოვნის უფლებების ვალის პატიებად განხილვას და აღნიშნულის დაბეგვრას წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელი შემოსავალს გამოიმუშავებს რეგრესების საშუალებით - სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს კომპანია ვალდებულია დაზღვეულ პირს აუნაზღაუროს დამდგარი ზარალის ოდენობა. ამავე დროს სადაზღვევო კომპანიას აღნიშნულ თანხაზე უჩნდება მოთხოვნა მესამე პირთან (რეგრესანტთან). რიგ შემთხვევაში გადამხდელს უფიქსირდება ფიზიკური პირების წინაშე მოთხოვნა, რომლის წარმოშობიდანაც გასულია 3 წელი, შემოწმებით, 3 წლიანი ხადაზმულობის პერიოდის გასვლისას ზემოაღნიშნული მოთხოვნის ოდენობა ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ჩუქებით მიღებულ ქონებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ასევე, რიგ შემთხვევაში რეგრესანტი უარს ამბობს თანხის სრულად დაფარვაზე. კომპანია თანხმდება რეგრესანტის მიერ შემოთავაზებულ თანხაზე. სხვაობა წარმოადგენს ფიზიკური პირისთვის ნაპატიებ თანხას, რომელსაც გადამხდელი არ ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, 1000 ლარს ზემოთ ფიზიკურ პირებზე ნაპატიები თანხები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ რეგრესით მოთხოვნილ თანხასა და ურთიერთშეთანხმების აქტით განსაზღვრულ გადასახდელ თანხას შორის სხვაობა არ წარმოადგენს ფიზიკური პირისთვის ნაპატიებ თანხას. ასევე, ფიზიკური პირისთვის ჩუქებით მიღებულ ქონებას არ წარმოადგენს 3 წლიანი ხანდაზმულობის პერიოდის გასვლისას აღნიშნული პირების მიმართ დაფიქსირებული მოთხოვნა. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს აღნიშნულის საფუძვლით, დარიცხული თანხების შემცირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“); 154(1,,მ“)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი