საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/187-21

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.11.2021
№ დოკუმენტი 3/187 21
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3/187-21

10 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. ქუთაისი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ანა რობაქიძე

 

მოსარჩელე - შპს "-------" წარმომადგენელი - -------

მოპასუხე - საბაჟო დეპარტამენტი

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური წარმომადგენელი - თამთა ფორჩხიძე

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - -------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 2 სექტემბრის NEL 17152 საბაჟო სამართალდარღევის ოქმი;

1.2..სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბრის N32160 ბრძანება;

1.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განნილვის საბჭოს 2021 წლის 22 იანვრის N11726/2/2020 გადაწყვეტილება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2020 წლის 24 აგვისტოს კონტეინერზე ნომრით ------- დარეგისტრირდა წინასწარი დეკლარაცია -------.

დადგენილია, რომ 2020 წლის 29 აგვისტოს ------- თმ ------- დან გადმოიტვირთა შპს „-------”-ის სახელზე შესული ------- კონტეინერში განთავსებული N------- (11111; 24.08.2020) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი. აღნიშნული საქონელი N------- სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადატანილი იქნა შპს „-------” (ს/კ -------) საბაჟო საწყობში.

2020 წლის 1 სექტემბერს შპს „-------” წარმომადგენელმა N------- განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ ზემოაღნიშნულმა კონტეინერმა და მასში მოთავსებულმა საქონელმა საბაჟო საწყობის ტერიტორია დატოვა საბაჟო პროცედურების დასრულების გარეშე. იმავე დღეს, საბაჟო დეპარტამენტს, N------- განცხადებით მიმართა შპს „-------”-ს წარმომადგენელმა და დაადასტურა, რომ კონტეინერი (-------) გაუხსნელ მდგომარეობაში და მასში განთავსებული საქონელი წარდგენილი იყო გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-------“ კონტროლის ზონაში.

დადგენილია, რომ 2020 წლის 2 სექტემბერს საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა NEL 117152 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად საბაჟო საწყობში შპს „-------” მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა”. „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შპს „-------” გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბერს N32160 ბრძანებით შპს „-------” საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შპს „-------” NEL 117152 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბრის N32160 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 22 იანვრის N11726/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კონტეინერების ელექტრონული აღრიცხვის ფორმა (იხ. ს.ფ. 92);

- განცხადება (იხ. 97);

- NEL 117152 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი (იხ. ს.ფ. 12-13);

- 2020 წლის 28 ოქტომბრის N32160 ბრძანება (იხ. ს.ფ. 14-17);

- 2021 წლის 22 იანვრის N11726/2/2020 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 18 20);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. - საქართველოს საბაჟო კოდექსი;

- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N455 დადგენილება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 2 სექტემბრის NEL 117152 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბრის N32160 ბრძანებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 22 იანვრის N11726/2/2020 გადაწყვეტილებას. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ბრძანება და გადაწყვეტილება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს საბაჟო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკაშირებულ წესებსა და საბაჟო ფორმალობებს, საბაჟო დავის გადაწყვეტის წესს, საბაჟო სამართალდარღვევის სახეებს და ამ სამართალდარღვევების ჩადენისთვის პასუხისმგებლობას. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიისა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები. ამავე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს. ამავე მუხლის მე 2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო "ტ" ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი - არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

დადგენილია, რომ 2020 წლის 24 აგვისტოს კონტეინერზე ნომრით ------- დარეგისტრირდა წინასწარი დეკლარაცია -------. 2020 წლის 29 აგვისტოს ------- თ/მ -------დან გადმოიტვირთა შპს „-------" ის სახელზე შესული ------- კონტეინერში განთავსებული N------- (11111; 24.08.2020) საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი. აღნიშნული საქონელი N------- სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადატანილი იქნა შპს „-------” (ს/კ -------) საბაჟო საწყობში.

2020 წლის 1 სექტემბერს შპს „-------” წარმომადგენელმა N------- განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ ზემოაღნიშნულმა კონტეინერმა და მასში მოთავსებულმა საქონელმა საბაჟო საწყობის ტერიტორია დატოვა საბაჟო პროცედურების დასრულების გარეშე. იმავე დღეს, საბაჟო დეპარტამენტს, N------- განცხადებით მიმართა შპს „„-------"-ს წარმომადგენელმა და დაადასტურა, რომ კონტეინერი (-------) გაუხსნელ მდგომარეობაში და მასში განთავსებული საქონელი წარდგენილი იყო გაფორმების ეკონომიკურ ზონა „------- კონტროლის ზონაში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ------- კონტეინერი და მასში განთავსებული საქონელი საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გატანილი იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან, რომელზეც არ იყო დასრულებული საბაჟო პროცედურები, ამდენად საბაჟო საწყობში შპს „-------” მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა", „გ” და „დ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები. აღნიშნულის გამო 2020 წლის 1 სექტემბერს შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი NEL 117152 შპს „-------" მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 მუხლის თანახმად.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „დ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია: დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები („ა” ქვეპუნქტი); ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას („გ” ქვეპუნქტი); მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები („დ” ქვეპუნქტი).

ამავე ინსტრუქციის 17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მე-2 პუნქტის მიხედვით, ნებართვის მფლობელს სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-10 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით ვიდეოჩაწერის შეწყვეტის შესახებ საბაჟო ორგანოსათვის დაგვიანებით შეტყობინების გამო, თუ აღნიშნული შეტყობინება საბაჟო ორგანოსათვის გაგზავნილია ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე Nბს-222-219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუსისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი - საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით,განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

სასამართლო საგადასახადო კოდექსის 269-ე და 270-ე მუხლების განმარტებებიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ქმედების სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის ითვალისწინებს ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობას: უნდა არსებობდეს ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა; ქმედება უნდა ოყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად (განზრახი ან გაუფრთხილებლობით); გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედგეს შორის. ამდენად, თუ არ არსებობს კანონით საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

მითითებული კოდექსის მე–11 მუხლის მიხედვით დმინისტრაციული სამართალდარღვევა განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ. მე-12 მუხლი კი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა ისინი.

განსახილველ შემთხვევაში მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ შპს „-------” მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა", „გ” და „დ“ ქვეპუნქტებით განთავსებული პირობები, კერძოდ ------- კონტეინერი და მასში განთავსებული საქონელი საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გატანილი იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან, რომელზეც არ იყო დასრულებული საბაჟო პროცედურები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას (176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობისან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით).

სასამართლო განმარტავს, რომ სახდელები შეიძლება იყოს როგორც ალტერნატიული, ისე კუმულატიური, რომლის განსაზღვრაც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და მოიცავს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციული პასუხისმგებლობის ზომის შერჩევას. საგადასანადო პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი, სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება, რაც, საბოლოო ჯამში, სანქციის ადეკვატურობას განაპირობებს. საგადასახადო ორგანომ უნდა იმოქმედოს საჯარო და კერძო ინტერესთა შორის პროპორციულობის პრინციპის დაცვით. „ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთაუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სანდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა და საქონლის ჩამორთმევა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდებისას არ დარღვეულა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი და იგი შესაბამისობაშია მოსარჩელის მიერ ჩადენილ ქმედებასთან.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები შეესაბამება მათი გამოცემისათვის დადგენილ შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებს და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 180 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა

 

1. შპს „-------” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე

მიხეილ ბებიაშვილი

 

სადავო საკითხები:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ 2020 წლის 29 აგვისტოს გადმოიტვირთა შპს-ს სახელზე შესული კონტეინერში განთავსებული საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი. აღნიშნული საქონელი სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადატანილი იქნა საბაჟო საწყობში.

2020 წლის 1 სექტემბერს მომჩივანმა განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და აცნობა, რომ ზემოაღნიშნულმა კონტეინერმა და მასში მოთავსებულმა საქონელმა საბაჟო საწყობის ტერიტორია დატოვა საბაჟო პროცედურების დასრულების გარეშე. იმავე დღეს, საბაჟო დეპარტამენტს, N------- განცხადებით მიმართა შპს-ს წარმომადგენელმა და დაადასტურა, რომ კონტეინერი გაუხსნელ მდგომარეობაში და მასში განთავსებული საქონელი წარდგენილი იყო გაფორმების ეკონომიკურ ზონაში.

დადგენილია, რომ 2020 წლის 2 სექტემბერს საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად საბაჟო საწყობში მომჩივანის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N455 დადგენილების მე-8 მუხლის „ა”. „გ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები.

 

გადაწყვეტილება

სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები შეესაბამება მათი გამოცემისათვის დადგენილ შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებს და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8; 39; 53; 243; 244; 249; 257; 364; 367; 369 მუხლებით,საქართველოს საბაჟო კოდექსის მუხლებით - 163(1); 176