გადაწყვეტილება №26002/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26002/2/2025
21 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 9.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26002/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10002 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №14426 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №068-8 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 161 140.55 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 87 101
ბუნებ. რესურ. სარგ. მოსაკრებელი - 18
დღგ - 57 410
მიწა - არასასოფლო - 114
მიწის გადასახადი (სასოფლო) - 110
საშემოსავლო გადასახადი - 28 916
ქონების გადასახადი - 533
ჯარიმა - 39 428
საურავი - 34 611.55
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა (---ის მუნიციპალიტეტში, სოფ. ---ში) არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელით, სიგარეტით და ასევე, შერეული სოფლის მეურნეობით, რომელსაც აწარმოებს თავად. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 27.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი შეადგენს 10%-ს. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის №1672 ბრძანებით, მეწარმესთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილია საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც დაყოფილია 20 კატეგორიად და თითოეულ კატეგორიაზე განისაზღვრა ცალკე ფასნამატი. აღნიშნული გავრცელებულია ანალოგიურ კატეგორიებად დაყოფილ რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაზე და დადგენილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმების შედეგად დადგენილსა და დეკლარირებულს შორის სხვაობა ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში.
ასევე, ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის სმფ-ების ნაშთი. აღნიშნულ ნაშთსა და მეწარმის მიერ დეკლარირებულ სმფ-ებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რომელიც ჩაითვალა რეალიზებულად. დამატებით რეალიზებულად ჩათვლილ სმფ-ების თვითღირებულებებზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშებული საშუალო ფასნამატი. ამასთან, დადგინდა 2020-2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად, სხვაობის თანხით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2020-2021- 2022 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები, ვინაიდან სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, გადამხდელი აღნიშნულ შემოსავალს არ ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით (გათავისუფლებული ბაზა). შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ---ის მუნიციპალიტეტ სოფელ ---ში, ასევე უძრავი ქონება ---სა და ---ის მუნიციპალიტეტ სოფელ ---ში. შესამოწმებელ პერიოდში ქონების გადასახადში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების შედეგად გაანგარიშებულია მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი, მ.შ. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები, რომლის ანალიზის შედეგადაც პირის შემოსავალი 2020 წელს აღემატება 40 000 ლარს, ხოლო 2021 წელს 100 000 ლარს.
შედეგად, მომჩივანს წარმოეშვა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება. შემოწმების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზაში მითითებული აქვს 0 ლარი. გადასახადის ზუსტად და სწორად გაანგარიშების მიზნით შესწავლილია გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომლის საფუძველზეც მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. საგადასახადო კოდექსის 201-ე, 203-ე, 202-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- გადასახადის გადამხდელს 2017 წლის ივლისის თვეში აღებული აქვს ლიცენზია (№---) მიწისქვეშა მტკნარი წყლის (სამეწარმეო დანიშნულებით) სარგებლობაზე, რომელიც მოქმედია შესამოწმებელი პერიოდის პირველ წელს. აღნიშნული ლიცენზიის მიხედვით გადასახადის გადამხდელს უნდა მოეხდინა 6 თვიანი ინტერვალით მოსაკრებლის დადეკლარირება. შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში გაცემული ათვისების გეგმა/გრაფიკები, რომელთა მიხედვით 3 გადასახადის გადამხდელს ჰქონდა ვალდებულება 2020 წელს წარედგინა ორი გაანგარიშება. მეწარმეს წარდგენილი აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ერთი ნულოვანი გაანგარიშება. შემოწმების მიერ ლიცენზიის ვადისა და წლიური მოპოვების ნორმების მიხედვით გაანგარიშებული იქნა დასადეკლარირებელი მოსაკრებლის ოდენობები.
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის XXVI თავის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოსაკრებელი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 4.07.2023 წლის №15719 ბრძანება და ამავე თარიღის №068- 13 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.10.2023 წლის №25913 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი ჯგუფების მიხედვით;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გაცემული ხელფასების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს მომჩივნის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25913 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 15.02.2024 წლის №21277/2/2023 (რეგ. 10.04.2024წ. 03/28145) გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25913 ბრძანება;
- საჩივარი, პირველი დავის საგნის „ბ“ ქვეპუნქტის (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით მოთხოვნილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვა) ნაწილში, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 30.04.2024 წლის №10002 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.04.2024 წლის №21277/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10002 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სოფლის მეურნეობის ნაწილში მიღებული შემოსავალი აღემატება მის მიერ გაწეულ ხარჯებს და წარმოეშვება დამატებით საგადასახადო ვალდებულებები ბიუჯეტის მიმართ, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2025 წლის №14426 ბრძანება და ამავე თარიღის №068-8 საგადასახადო მოთხოვნა რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- სადავო საკითხთან, კერძოდ, 2022 წლის პროდუქციის (კომბოსტო, პომიდორი) მოსავლიანობასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ახსნა-განმარტება;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20779 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 106-ე მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და შენიშვნაზე, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ შემმოწმებლებთან არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, აუდიტის დეპარტამენტმა უგულებელყო გადასახადის გადამხდელის დასაბუთებული მოთხოვნა, მრავალჯერ შეცვალა პირის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშების მეთოდი და საბოლოოდ სოფლის მეურნეობის ნაწილში პირის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, ცალკეული წლის მიხედვით ინდივიდუალურად ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დამატებულ იქნა სხვა წლებში ნაწარმოები პროდუქციის რიცხვზე, რითაც აუდიტორებმა მოახდინეს სოფლის მეურნეობისგან მიღებული შემოსავლების არაადეკვატურად გაზრდა. აუდიტორებს ხელთ ჰქონდათ შემოწმების პერიოდში მომჩივნის მიერ მიწოდებული ახსნაგანმარტებები, რომელიც ადეკვატურად ასახავდა გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწარმოები საქონლის შესახებ ინფორმაციას და როგორც იგი ახსნა-განმარტებებში აღნიშნავს, მან შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებით (ზედნადებები) გასწია კაპიტალური ხარჯები, მოაწყო სასათბურე და შესანახი მეურნეობა (სამაცივრე მეურნეობა), გააშენა ახალი ბაღი, რომელიც შემოწმების პერიოდში ჯერ არ იყო მსხმოიარე და ა.შ. აღნიშნულმა ხარჯებმა კი გამოიწვია ხარჯების შემოსავლებზე გადამეტება, თუმცა მომავალში მზარდი მოსავლიანობიდან გამომდინარე იგი ელოდება შემოსავლების 200 000 ლარიან ზღვარზე გადამეტებას და დაკარგავს წინა წლებში გაწეულ ხარჯებს, ვინაიდან, ვერ მოახდენს ზარალის გადატანას შემდეგი წლის დეკლარაციებში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია ახსნა-განმარტებები სოფლის მეურნეობიდან მიღებულ მოსავალთან დაკავშირებით, კერძოდ, წლების მიხედვით წარდგენილია ინფორმაცია მოყვანილ პროდუქციასთან, მის რაოდენობასთან და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს, რის გამოც შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
საქმის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი დაეთანხმა 2020 და 2021 წლებში შემოწმების მიერ განსაზღვრულ შემოსავლებს, ხოლო 2022 წელს მიღებულ მოსავალთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პროდუქციის ნაწილი, კერძოდ კომბოსტო და პომიდორი თითქმის განადგურდა, რაც მითითებული იყო შემოწმებისთვის წარდგენილ ახსნა-განმარტებაში, თუმცა ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, ამასთან, გამოთქვა მზაობა შემოწმებას წარუდგინოს აღნიშნული პროდუქციის მოსავლიანობის შესახებ დაზუსტებული მონაცემები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს 2022 წლის პროდუქციის (კომბოსტო, პომიდორი) მოსავლიანობის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ახსნა-განმარტება. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის, შესაბამისად დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საკითხი 1 - სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც ერთობლივი შემოსავლიდან არ არის გამოქვითული. შემოწმების პროცესში აუდიტორების მიერ არ მოხდა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხარჯების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა, იმ არგუმენტით, რომ საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის, შენიშვნის მიხედვით კი, ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს უფლება აქვს, გამოქვითოს გათავისუფლებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში პირი ვალდებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგროს ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით კი 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
შესაბამისად, აუდიტორები ვალდებულები იყვნენ ერთობლივი შემოსავლებიდან გამოექვითათ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხარჯები, ვინაიდან იგი ბეგრავდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს, პირის მიერ სოფლის მეურმეობის შემოსავლების დაბეგვრა ვერ დადგება ეჭვქვეშ და აღნიშნული ფაქტი ასევე დადასტურებულია აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ფინანსთა სამინისტროს 10.04.2024 წლის №21277/2/2023 გადაწყვეტილებაში, რომელიც გახდა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის მე-2 გადაწყვეტილების მიღების საფუძველი და რომელი გადაწყვეტილების მიხედვითაც აუდიტორებს დაევალათ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხარჯების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა.
თუმცა ზემოაღნიშნულმა შემმოწმებლებმა დავის პირველ ეტაპზე იცრუეს და აღნიშნული ფაქტი დაუმალეს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს, რის გამოც გამოიცა არასწორი გადაწყვეტილება (№25913 ბრძანება). რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის ბრძანების საფუძველზე გამოცემულ დასკვნას საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც პირს არ შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და სანქციის თანხები, აუდიტორები მიუთითებენ მორიგ არასწორ ინფორმაციაზე, თითქოს პირისთვის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინება დაამძიმებს აქტით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებას, და რომ თითქოს მისი შემოსავლები აღემატება, ხარჯებს. აუდიტორები აღნიშნავენ, რომ სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების დაანგარიშება მოხდა უშუალოდ პირის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების მიხედვით.
ზემოაღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მომჩივნის წარმომადგენელსა და აუდიტორებს შორის არსებული არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად აუდიტის დეპარტამენტმა უგულვებელყო დასაბუთებული მოთხოვნა, მრავალჯერ შეცვალა პირის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშების მეთოდი და საბოლოოდ სოფლის მეურნეობის ნაწილში პირის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, ცალკეული წლის მიხედვით ინდივიდუალურად ახსნაგანმარტებებში დაფიქსირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დამატებულ იქნა სხვა წლებში ნაწარმოები პროდუქციის რიცხვზე, ამით აუდიტორებმა შეგნებულად მოახდინეს სოფლის მეურნეობისგან მიღებული შემოსავლების არაადეკვატურად გაზრდა.
სინამდვილეში კი აუდიტორებს ხელთ ჰქონდათ შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ახსნაგანმარტებები, რომელიც ადეკვატურად ასახავდა მის მიერ ნაწარმოები საქონლის შესახებ ინფორმაციას და როგორც ახსნა-განმარტებებშია აღნიშნული შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებით (ზედნადებები) გასწია კაპიტალური ხარჯები, მოაწყო სასათბურე და შესანახი მეურნეობა (სამაცივრე მეურნეობა) გააშენა ახალი ბაღი (რომელიც შემოწმების პერიოდში ჯერ არ იყო მსხმოიარე) და ა.შ. აღნიშნულმა ხარჯებმა კი გამოიწვია პირის ხარჯების შემოსავლებზე გადამეტება, თუმცა მომავალში მზარდი მოსავლიანობიდან გამომდინარე იგი ელოდება შემოსავლების 200 000 ლარიან ზღვარზე გადამეტებას და „დაკარგავს“ წინა წლებში გაწეულ ხარჯებს (ვერ მოახდენს ზარალის გადატანას შემდეგი წლის დეკლარაციებში). ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, აუდიტორებმა როგორც შემოწმების პროცესში ასევე, დავის განხილვის პირველ სხდომაზე და შემდგომში გადაანგარიშების ეტაზე არ გაითვალისწინეს პირის მოთხოვნა, დაამახინჯეს ფაქტობრივი გარემოებები და დაუსაბუთებლად არაპირდაპირი მეთოდით მოახდინეს სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვის პირდაპირი ანულირება და არა საკითხის კვლევა, რადგან ადგილი აქვს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ფაქტების დამახინჯების მესამე შემთხვევას და გადაანგარიშების ეტაპზე არაპირდაპირი მეთოდის დარიცხვის შემცირებისგან თავის არიდების მექანიზმად გამოყენებას.
საკითხი 2 - ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე არასწორად დარიცხული ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადისა და სანქციის თანხები. შემმოწმებლების მიერ ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილია მეწარმის ერთობლივი შემოსავალი, რის შედეგადაც გაიზარდა დასაბეგრი შემოსავალი და დაერიცხა ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადი სანქციის თანხასთან ერთად. აღნიშნულ პროცესში შემმოწმებლების მიერ დაშვებულია მთელი რიგი შეცდომები. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში იკითხება 2.02.2023 წლის ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, 2022 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთთან მიმართებით გამოვლენილი დანაკლისი, შემმოწმებლების მიერ მიჩნეულია შესამოწმებელ პერიოდში, 2020-2022 წლებში, რეალიზებულად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად. შემმოწმებლების მიერ დაშვებული მთავარი შეცდომა ის არის, რომ მათ მიერ არ მომხდარა რეალიზებულად მიჩნეული დანაკლისის თვითღირებულების ოდენობით არც ერთი წლიური საშემოსავლო დეკლარაციის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის შემცირება, შედეგად მიწოდებად განხილული საქონლის დანაკლისის თვითღირებულების ოდენობით შემცირებულია რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაც იწვევს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის უსაფუძვლოდ ზრდას. ზემოაღნიშნულ ფაქტზე ასევე მეტყველებს შემმოწმებლების მიერ გაგზავნილი გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც საქონლის ცალკეულ კატეგორიებზე გავრცელებულ ფასნამატებს შორის უმაღლესი შეადგენს 25%-ს, ხოლო საგადასახადო აქტში ასევე შემმოწმებლების მიერ მოცემული წლიური საშემოსავლო დეკლარაციის გაანგარიშების მიხედვით, საშუალო ფასნამატი 2020, 2021 და 2022 წლებში შეადგენს 31%-ს, 40%-ს და 43%-ს. რაც გამოწვეულია, რეალიზებულად განხილული დანაკლისის თვითღირებულების გაუთვალისწინებლობით. აგრეთვე, მეწარმე გარდა სურსათით ვაჭრობისა ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანას და რეალიზაციას, რისთვისაც ესაჭიროება სხვადასხვა სახის მასალების შეძენა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სურსათით და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობასთან, შემმოწმებლის მიერ მოხდა, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მასალის, კერძოდ თუნუქის ფირფიტის, სასურსათო საქონლად განხილვა და რეალიზებულად მიჩნევა, რომელიც დღემდე განთავსებულია მეწარმის სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზე.
ამასთან, როგორც შემმოწმებლების მიერ გაგზავნილ ფასნამატების გაანგარიშების ცხრილში ნახულობს თუნუქის ფირფიტები შეყვანილია სასმელების კატეგორიაში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შემმოწმებლების მიერ გაანგარიშებები გაკეთებულია უხეში დარღვევებით. გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შემმოწმებლების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის დაყოფა მოხდა 20 კატეგორიად და ცალკეულ კატეგორიაზე გავრცელდა ცალკეული ფასნამატი, ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ მიწოდებული გაანგარიშების მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ სასაქონლომატერიალური ფასეულობების 20 კატეგორიიდან გაანგარიშებაში მხოლოდ 16 კატეგორიაა მიკუთვნებული სარეალიზაციო საქონელს, დანარჩენი შემმოწმებლების მიერვე მიჩნეულია პარალელურად არსებული სოფლის მეურნეობის საქმიანობისთვის განკუთვნილ საქონლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასაკმარისი კატეგორიების პირობებში, ისეთი საქონელი, რომლებიც თვისობრივად არ განეკუთვნება ერთი კატეგორიის საქონელს და რომლებზეც ინვენტარიზაციის შედეგებით დაფიქსირებულია რადიკალურად განსხვავებული ფასნამატები დაჯგუფებულია ერთი კატეგორიის მიხედვით, აღნიშნულის ნათელ მაგალითს წარმოადგენს სიგარეტებისა და თამბაქოს შესახვევი ქაღალდების ერთი კატეგორიისთვის მიკუთვნება, შემმოწმებლების მიერ აღნიშნულ კატეგორიაზე განსაზღვრულია 13%, რაც არ ასახავს ობიექტურ რეალობას. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა სიგარეტებს შორის ყველაზე დიდი ხვედრითი წილის მქონე სიგარეტის „პარლამენტ აქვას“ ფასნამატი ინვენტარიზაციის შედეგებით შეადგენს 7%-ს. გამომდინარე აქედან, გარკვეული კატეგორიის საქონელზე არასამართლიანად გაზრდილია ფასნამატი, რაც იწვევს დასაბეგრი ბაზის არაადეკვატურ ზრდას.
შესაბამისად, არ ეთანხმება შემმოწმებლების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას გადასახადის გადამხდელთან ერთად. გამომდინარე ზემოაღნიშნული მყარი არგუმენტებიდან, მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს გაცილებით სიღრმისეულად შესწავლას, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ არასწორად არის გაანგარიშებული ფასნამატები, ერთობლივი შემოსავალი და მასთან დაკავშირებული გამოსაქვით ხარჯები და შესაბამისად არასწორად არის დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადის, შესაბამისი მიმდინარე გადასახდელებისა და სანქციის თანხები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადასახადის გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადის და სანქციის თანხები.
საკითხი 3 - ხარჯები, რომლებიც ერთობლივი შემოსავლიდან არ არის გამოქვითული. შემმოწმებლების მიერ წარდგენილ საგადასახადო აქტის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში არ არის გამოქვითული 2022 წლის მანძილზე ყოველთვიურად დეკლარირებული და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი ხელფასები, რომლებიც ასევე არ იყო გადასახადის გადამხდელის მიერ გამოქვითული. აღნიშნული ინფორმაცია თვალნათლივ ჩანს და ხელმისაწვდომია შემმოწმებლისათვის, კერძოდ გადამხდელის პორტალზე პირდაპირ არის ასახული ინფორმაცია დეკლარირებული ხელფასის შესახებ და მისი არ გათვალისწინება წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის გამოქვითვებში, მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ შემმოწმებლის მიერ გადასახადების გაანგარიშება მოხდა ზედაპირულად და უხეში შეცდომებით. გამომდინარე ზემოაღნიშნული მყარი არგუმენტებიდან, მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს გაცილებით სიღრმისეულად შესწავლას, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ არასწორად არის გაანგარიშებული ერთობლივი შემოსავალი და მასთან დაკავშირებული გამოსაქვით ხარჯები და შესაბამისად არასწორად არის დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადის, შესაბამისი მიმდინარე გადასახდელებისა და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადის და სანქციის თანხები.
საკითხი 4 - ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე არასწორად დარიცხული დღგ-ის და სანქციის თანხები. შემმოწმებლების მიერ ე.წ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილ იქნა მეწარმის შემოსავლები, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა დღგ-ის გადასახადი სანქციის თანხასთან ერთად, რაც შემმოწმებლების მხრიდან განხორციელდა მთელი რიგი პროცედურული დარღვევებითა და არასწორი ინტერპრეტაციებით. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული შემმოწმებლების მიერ შემოსავლების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა, 2.02.2023 წლის ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, აღნიშნულია, რომ სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი დაყოფილია 20 კატეგორიად და თითოეულ კატეგორიაზე განისაზღვრა ცალკე ფასნამატი. აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ მიწოდებული გაანგარიშების მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ სასაქონლომატერიალური ფასეულობების 20 კატეგორიიდან გაანგარიშებაში მხოლოდ 16 კატეგორიაა მიკუთვნებული სარეალიზაციო საქონელს, დანარჩენი შემმოწმებლების მიერვე მიჩნეულია პარალელურად არსებული სოფლის მეურნეობის საქმიანობისთვის განკუთვნილ საქონლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასაკმარისი კატეგორიების პირობებში, ისეთი საქონელი, რომლებიც თვისობრივად არ განეკუთვნება ერთი კატეგორიის საქონელს და რომლებზეც ინვენტარიზაციის შედეგებით დაფიქსირებულია რადიკალურად განსხვავებული ფასნამატები დაჯგუფებულია ერთი კატეგორიის მიხედვით, აღნიშნულის ნათელ მაგალითს წარმოადგენს სიგარეტებისა და თამბაქოს შესახვევი ქაღალდების ერთი კატეგორიისთვის მიკუთვნება, შემმოწმებლების მიერ აღნიშნულ კატეგორიაზე განსაზღვრულია 13%, რაც არ ასახავს ობიექტურ რეალობას. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა სიგარეტებს შორის ყველაზე დიდი ხვედრითი წილის მქონე სიგარეტის „პარლამენტ აქვას“ ფასნამატი ინვენტარიზაციის შედეგებით შეადგენს 7%-ს. გამომდინარე აქედან, გარკვეული კატეგორიის საქონელზე არასამართლიანად გაზრდილია ფასნამატი, რაც იწვევს დასაბეგრი ბაზის არაადეკვატურ ზრდას.
ამასთან, მეწარმე გარდა სურსათით ვაჭრობისა ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანას და რეალიზაციას, რისთვისაც ესაჭიროება სხვადასხვა სახის მასალების შეძენა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სურსათით და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობასთან, შემმოწმებლების მიერ მოხდა, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მასალის, კერძოდ თუნუქის ფირფიტის, სასურსათო საქონლად განხილვა და რეალიზებულად მიჩნევა, რომელიც დღემდე განთავსებულია მეწარმის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზე.
ამასთან თუნუქის ფირფიტები შეყვანილია სასმელების კატეგორიაში და გავრცელებულია შესაბამისი ფასნამატი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შემმოწმებლის მიერ გაანგარიშებები მომზადებულია უხეში შეცდომებით და მათ მიერ დადგენილი ფასნამატი არ შეესაბამება ფაქტობრივ მონაცემებს. გამომდინარე ზემოაღნიშნული მყარი არგუმენტებიდან, მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს გაცილებით სიღრმისეულად შესწავლას, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ არასწორად არის გაანგარიშებული ფასნამატები, შესაბამისად არასწორად არის დარიცხული დღგ-ის გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადასახადის გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადის და სანქციის თანხები.
საკითხი 5 - დამატებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. შემმოწმებლების მიერ არ მომხდარა დღგ-ის ჩათვლების გაზრდა იმ ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, რომლითაც დღგ მეწარმის მიერვე არ იყო ჩათვლილი, ვინაიდან გარკვეულ შემთხვევებში გვიან მოხდა ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და დადასტურება. აქტის დანართებიდან მარტივად იკითხება, რომ შემმოწმებლების მიერ ჩათვლილია ზუსტად ის დღგ, რაც გადასახადის გადამხდელს თავად ჰქონდა დეკლარირებული. მაშინ როდესაც რეალურად მეწარმეს მიღებული ჰქონდა ანგარიშფაქტურები, რომლებიც ექვემდებარებოდა ჩათვლას და შემმოწმებლის მიერ არ მოხდა მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის მიუხედავად. უცნობია თუ რა მიზეზით არ მოახდინა შემმოწმებელმა დამატებით დღგ-ის ჩათვლა, მაშინ როდესაც მიღებული ანგარიშ-ფაქტურების დღგ აკმაყოფილებს კოდექსით განსაზღვრულ ჩათვლის საფუძვლებს.
გამომდინარე ზემოაღნიშნული მყარი არგუმენტებიდან, მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს გაცილებით სიღრმისეულად შესწავლას, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ არასწორად არის გაანგარიშებული ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, შესაბამისად არასწორად არის დარიცხული დღგ-ის გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადის და სანქციის თანხები.
საკითხი 6 - არასწორად დარიცხული ქონების გადასახადი და სანქციები. შემმოწმებლების მიერ მოხდა ქონების გადასახადის დარიცხვა, თუმცა არ არის მეწარმე ინფორმირებული იმის შესახებ თუ რომელი ქონების დაბეგვრა მოხდა და რა ღირებულებით, როგორ და რა პრინციპით მოახდინა შემმოწმებელმა დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა. არ იქნა გაგზავნილი არანაირი გაანგარიშების ცხრილები. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა საკითხებთან მიმართებაში, შემმოწმებლის მიერ არ მომხდა კომუნიკაცია. შესაბამისად თვლის, რომ საკითხი საჭიროებს გაცილებით სიღრმისეულად შესწავლად და გავლას გადამხდელთან ერთად.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს გაცილებით სიღრმისეულად შესწავლას, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ არასწორად არის გაანგარიშებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შესაბამისად არასწორად არის დარიცხული ქონების გადასახადის და შესაბამისი სანქციის თანხები. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადასახადის გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადის და სანქციის თანხები.
საკითხი 7 - არასწორად დარიცხული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი და სანქციები. შემმოწმებლების მიერ მოხდა მიწისქვეშა მტკნარი წყლებით სარგებლობაზე ლიცენზიის საფუძველზე მოსაკრებლის დარიცხვა. შემმოწმებლები აღნიშნავენ, რომ მეწარმე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ლიცენზიის საფუძველზე 6 თვიანი ინტერვალით უნდა მოეხდინა გაანგარიშების წარდგენა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის მიხედვით, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშება წარედგინება ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და არა 6 თვეში ერთხელ. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შემმოწმებლების მიერ მოსაკრებლის გაანგარიშება მოხდა მთელი რიგი დარღვევებით.
გარდა ამისა შემმოწმებლების მიერ არ მომხდარა არანაირი გაანგარიშების მოწოდება და კომუნიკაცია გადამხდელთან, რომლის მიხედვითაც იქნებოდა შესაძლებელი აღნიშნული დარიცხვის მართლზომიერების დადგენა. გამომდინარე ზემოაღნიშნული მყარი არგუმენტებიდან, მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს გაცილებით სიღრმისეულად შესწავლას, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ არასწორად არის გაანგარიშებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლისა და შესაბამისი სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადასახადის გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადის და სანქციის თანხები.
საკითხი 8 - ჯარიმები. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხების მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმების შედეგების გასაჩივრებაზე მიღებული საბჭოს 15.02.2024 წლის №21277/2/2023 (რეგ. 10.04.2024წ. 03/28145) გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი უარს ამბობს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით სარგებლობაზე და ითხოვს კაპიტალური ხარჯის გამოქვითვის უფლებას, ხოლო წარდგენილი 2020, 2021 და 2022 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებით და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით მომჩივანს სამივე წლის ერთობლივ შემოსავალში ასახული და დაბეგრილი აქვს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი.
ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ისარგებლოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნით და შესაბამისად, კაპიტალური ხარჯის გამოქვითვის უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები ამ ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დაბრუნებულ საჩივარზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10002 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.04.2024 წლის №21277/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10002 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ: გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გადასახადის გადამხდელი საჩივარში უარს ამბობს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით სარგებლობაზე. გადასახადის გადამხდელს აქვს უფლება ისარგებლოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნით და შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯის გამოქვითვის უფლებით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნაგანმარტებები სოფლის მეურნეობიდან მიღებულ მოსავალთან დაკავშირებით, კერძოდ, წლების მიხედვით წარდგენილია ინფორმაცია მოყვანილ პროდუქციასთან, მის რაოდენობასთან და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით.
სოფლის მეურნეობის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა მხოლოდ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს. შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სოფლის მეურნეობის ნაწილში შემოსავალი აღემატება მის მიერ გაწეულ ხარჯებს და წარმოეშვება დამატებით საგადასახადო ვალდებულებები ბიუჯეტის მიმართ, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ აუდიტორებმა, როგორც შემოწმების პროცესში ასევე, დავის განხილვის პირველ სხდომაზე და შემდგომში გადაანგარიშების ეტაზე არ გაითვალისწინეს მათი მოთხოვნა, დაამახინჯეს ფაქტობრივი გარემოებები და დაუსაბუთებლად არაპირდაპირი მეთოდით მოახდინეს სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების გაანგარიშება.
ამდენად, სადავოა გადაანგარიშების ეტაპზე ხელოვნურად შემოსავლის გაზრდა, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებაზე მითითებით ანუ ითხოვს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად ხარჯის გათვალისწინება განხორციელდეს, როგორც 2022 (შემოსავლების სამსახურის ბრძანება ეხება მხოლოდ 2022 წელს), ასევე 2021 წელს, შემოსავლის გაზრდის გარეშე (რაც არ არის დავალებული). აღსანიშნია, რომ თავდაპირველად დადგენილი 2021 წლის შემოსავალი 46 400 ლარი, გადაანგარიშების ეტაპზე გაიზარდა 73 000 ლარამდე და ანალოგიურად 2022 წელს 155 000 ლარი, 175 000 ლარამდე. აღნიშნულზე აუდიტორის განმარტავს, რომ ეფუძნება გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებას, რომელშიც არაა მითითებულია მიღებული პროდუქტის ოდენობები და ამის გამო გამოყენებულია წინა წლის მონაცემები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვის პირდაპირი ანულირება და არა საკითხის კვლევა, რადგან ადგილი აქვს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ფაქტების დამახინჯების მესამე შემთხვევას და გადაანგარიშების ეტაპზე არაპირდაპირი მეთოდის დარიცხვის შემცირებისგან თავის არიდების მექანიზმად გამოყენებას.
საჩივარში მითითებულია გადასახადის გადამხდელის 9.03.2023 წლის ახსნა განმარტება, რომელიდანაც ირკვევა შემდეგი: „2020 წელს ვაწარმოე ხახვის, პომიდორის და კომბოსტოს მოსავალი. ამავე წელს მოვაწყე სათბური პომიდორის და კომბოსტოს წარმოებისათვის. 2021 წელს ორ ეტაპად ვაწარმოე პომიდორი, მარწყვი, კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო და ხახვი. უამინდობის, გვალვიდან გამომდინარე მოსავლიანობა იყო გეგმიურის 50%. 2022 წელს მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის ნაწილი რეალიზებულია კონსიგნაციით, ხოლო ნაწილი შენახული მაქვს მაცივარში. სტაფილოს მოსავალი მივიღე 59 ტონა, ჭარხალი მივიღე 80 ტონა, ხახვი კი 150 ტონა, პომიდორი და კომბოსტო კი თითქმის განადგურდა“.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას, სადავო საკითხზე მსჯელობა იყო როგორც ხარჯთან ასევე, მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებითაც. შემოწმების და დავების ეტაპზე წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის ორი ახსნა-განმარტება, ერთ მათგანში მითითებულია, რომ მოყვანილია კომბოსტო, პომიდორი და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მეორეში კი მითითებული აქვს მიღებული მოსავლის ოდენობა (მოსავლიანობა იყო გეგმიურის 50%), ამდენად, აღნიშნულზე დაყრდნობით შემდეგ წელს გათვალისწინებულია, რომ მიღებულია მოსავლის ნახევარი.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, მომჩივანს წარმოდგენილი აქვს კიდევ ახალი ახსნა-განმარტება, რაც შესწავლის პროცესშია. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მითითებულია, რომ სადავო საკითხზე (აღსრულების შედეგებზე) წარდგენილი საჩივრის შემოსავლების სამსახურში საქმის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი დაეთანხმა 2020 და 2021 წლებში შემოწმების მიერ განსაზღვრულ შემოსავლებს, ხოლო 2022 წელს მიღებულ მოსავალთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პროდუქციის ნაწილი, კერძოდ კომბოსტო და პომიდორი თითქმის განადგურდა, რაც მითითებული იყო შემოწმებისთვის წარდგენილ ახსნა-განმარტებაში, თუმცა ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, ამასთან, გამოთქვა მზაობა შემოწმებას წარუდგინოს აღნიშნული პროდუქციის მოსავლიანობის შესახებ დაზუსტებული მონაცემები.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან, კერძოდ, 2022 წლის პროდუქციის (კომბოსტო, პომიდორი) მოსავლიანობასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ახსნა-განმარტება;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). რაც შეეხება, მომჩივნის სხვა (საჩივრით წარმოდგენილ დანარჩენ) არგუმენტებს, აღნიშნული არგუმენტები (ნაწილობრივ) წარდგენილი იყო შემოსავლების სამსახურში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრებით, რაც არ დაკმაყოფილდა ან/და არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის. აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო 24.09.2025 წლის №20779 ბრძანება მართებულია, არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10002 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
დაბრუნებულ საჩივარზე მიღებული შემოსავლების სამსახურის 30.04.2024 წლის №10002 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.04.2024 წლის №21277/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო 24.09.2025 წლის №20779 ბრძანება მართებულია, არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82 (1,ლ); 106; 298 (2).