საწარმოს მიერ წარმომადგენლობითი ხარჯის ფარგლებში გაწეული ხარჯები N 2434
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საწარმოს მიერ წარმომადგენლობითი ხარჯის ფარგლებში გაწეული ხარჯები N 2434
ფაქტობრივი გარემოებები
· რეზიდენტმა საწარმომ გასწია წარმომადგენლობითი ხარჯი. კერძოდ, აანაზღაურა სტუმრის მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები (როგორიცაა მაგ. აეროპორტში დახვედრისა და გაცილების ხარჯები, სასტუმრო მომსახურების ხარჯები, სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები), ასევე, გასწია სუვენირების შეძენის ხარჯები, რომლებიც გადაეცა სტუმრებს.
· რეზიდენტ საწარმოს წარმომადგენლობითი ხარჯების ფარგლებში სტუმრისათვის მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯების ასანაზღაურებლად გადახდილ თანხებთან, ასევე სტუმრისათვის გადაცემულ სუვენირებთან დაკავშირებით გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება და საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.
შეფასება
· წარმომადგენლობითი ხარჯი არის პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს: - პირის სახელით გამართული ღონისძიებების (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; - საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს; - სუვენირების შეძენის ხარჯებს; - სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს; სსკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; სსკ-ის 983 მუხლის პირველი და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად: - ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება; - მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან; სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "მ" ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება პირს, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისთვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა.
· იმის გათვალისწინებით, რომ წარმომადგენლობითი ხარჯი არის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, ამავე ხარჯის ფარგლებში სტუმრისათვის მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯების ანაზღაურება, ასევე სუვენირის შეძენა არ ატარებს უსასყიდლო ხასიათს. შესაბამისად, საწარმოს მიერ სტუმრისათვის მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯების ასანაზღაურებლად თანხების გადახდა, ასევე სტუმრისათვის სუვენირების გადაცემა არ წარმოშობს საშემოსავლო გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულებას.
ღონისძიებები
პირის ქმედებაში სამართალდარღვე ვა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც საწარმო მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით;
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ეხება შემთხვევებს, როდესაც სადავოა საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის წარმომადგენლობით ხარჯად კვალიფიკაციის საკითხი;
საწარმოს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის სსკ-ით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე გადაჭარბების შემთხვევაში, მოგების გადასახადით იბეგრება ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწული წარმომადგენლობითი ხარჯი;
სიტუაციური სახელმძღვანელო არ არეგულირებს სტუმრის მიერ მიღებული სარგებლის დაბეგვრის საკითხს