ბრძანება N 5580
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5580
21.03.2023
ი/მ "----------" (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ---------- ;
იურ. მის.: ---------- )
2023 წლის 13 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა ი/მ "----------" (ს/ნ ---------- ) №78002/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №040-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:
1. არ ეთანხმება დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობას. აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული ყველა შემოსავალი დეკლარირებულია და შესაბამისი გადასახადი გადახდილია ბიუჯეტში, ამასთან, შეუძლია ყველა შენაძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
2. მომჩივანი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას.
3. ასევე არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. განმარტავს, რომ 2020 წლის 4 თებერვალს კომერციული მიზნებისთვის შეიძინა ბინა, რომელიც გარემონტების შემდეგ გაქირავებული იქნა ჰოსტელად და სხვადასხვა პირებზე ხელშეკრულებით.
4. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შესაბამის პერიოდზე შემოსავლის მიხედვით არასწორად არის გაანგარიშებული ქონების გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 მაისის №11758 და 2022 წლის 10 აგვისტოს №21323 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 14 დეკემბრის №31463 ბრძანება და ამავე თარიღის №040-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 61 746 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 709 ლარი, ჯარიმა 15 158 ლარი, საურავი 10 879 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ გადამხდელი რეგისტრირებულია მცირე მეწარმედ 2012 წლიდან, ხოლო სტატუსის გაუქმება განხორციელდა 2022 წლის იანვრიდან. აღნიშნულ პერიოდზე გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებისა და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდიდან. გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 28 იანვრიდან. ამასთანავე, 2021 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში მიიღო საგადასახადო ანგარიშფაქტურა საცხოვრებელი ბინის შეძენაზე, რომლითაც მიიღო ჩათვლა. ოპერაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული ოპერაცია არ არის ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ოპერაცია და შეძენილია პირადი საცხოვრებელი ფართი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება საცხოვრებელი ბინის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, შესაბამისად, ჩათვლილი თანხა ექვემდებარება გაუქმებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.
შესამოწმებელი პერიოდისათვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია ქონება, რომელზეც არ აქვს განხორციელებული დეკლარირება. შესაბამისად, გადამხდელის უფლებამოსილი პირისაგან გამოთხოვილი იქნა საბალანსო ღირებულებები, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან 2022 წლის იანვრამდე (მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების თარიღამდე) პერიოდებზე გამოვლენილია სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის, რაზეც დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებისა და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ი/მ --------- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდიდან. გადასახადის გადამხდელი კი დღგის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 28 იანვრიდან. შესაბამისად, პირს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ბრუნვა დაუდგინდა 2020 წლიდან.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ ი/მ "----------" 2021 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში მიიღო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საცხოვრებელი ბინის შეძენაზე, რომლითაც მიიღო დღგ-ის ჩათვლა. ოპერაციის შესწავლის შედეგად, არ დასტურდება აღნიშნული საცხოვრებელი ბინის გამოყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, კერძოდ, შემოწმებისთვის წარდგენილი საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, იჯარის პერიოდი და გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული სარემონტო სამუშაოების პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა. ამასთანავე, ხელშეკრულებით საიჯარო ღირებულება შეადგენს 125 ლარს (ბინა საკადასტრო კოდით ----------; 65,2 კვ.მ). რაც შემოწმებით მიჩნეული იქნა არაარსებითად. მეწარმემ, შემოწმების მიერ მოთხოვნილ ახსნა-განმარტებასთან ერთად, ასევე, წარადგინა საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ურთიერთდამოკიდებულ პირთან (----------) ღირებულებით 500 ლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული პერიოდები, თანხვედრაშია წინა ხელშეკრულების პერიოდთან.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საცხოვრებელი ბინის შეძენაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება, აღნიშნული საცხოვრებელი ბინის ეკონომიკური საქმიანობაში გამოყენების დაუდასტურებლობის საფუძვლით, მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება 2021 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით შეძენილი საცხოვრებელი ბინის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, შემოწმებით მართლზომიერად იქნა შემცირებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია ქონება, რომელზეც არ აქვს განხორციელებული დეკლარირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ:
1. არ ეთანხმება დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობას. აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული ყველა შემოსავალი დეკლარირებულია და შესაბამისი გადასახადი გადახდილია ბიუჯეტში, ამასთან, შეუძლია ყველა შენაძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
2. მომჩივანი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას.
3. ასევე არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. განმარტავს, რომ 2020 წლის 4 თებერვალს კომერციული მიზნებისთვის შეიძინა ბინა, რომელიც გარემონტების შემდეგ გაქირავებული იქნა ჰოსტელად და სხვადასხვა პირებზე ხელშეკრულებით.
4. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შესაბამის პერიოდზე შემოსავლის მიხედვით არასწორად არის გაანგარიშებული ქონების გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან 2022 წლის იანვრამდე (მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების თარიღამდე) პერიოდებზე გამოვლენილია სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის, რაზეც დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად.
2. ემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებისა და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდიდან. გადასახადის გადამხდელი კი დღგის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 28 იანვრიდან. შესაბამისად, პირს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ბრუნვა დაუდგინდა 2020 წლიდან.
3. გადამხდელმა 2021 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში მიიღო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა საცხოვრებელი ბინის შეძენაზე, რომლითაც მიიღო დღგ-ის ჩათვლა. ოპერაციის შესწავლის შედეგად, არ დასტურდება აღნიშნული საცხოვრებელი ბინის გამოყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, კერძოდ, შემოწმებისთვის წარდგენილი საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, იჯარის პერიოდი და გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული სარემონტო სამუშაოების პერიოდი ერთმანეთს ემთხვევა. ამასთანავე, ხელშეკრულებით საიჯარო ღირებულება შეადგენს 125 ლარს, რაც შემოწმებით მიჩნეული იქნა არაარსებითად. მეწარმემ, შემოწმების მიერ მოთხოვნილ ახსნა-განმარტებასთან ერთად, ასევე, წარადგინა საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ურთიერთდამოკიდებულ პირთან ღირებულებით 500 ლარი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული პერიოდები, თანხვედრაშია წინა ხელშეკრულების პერიოდთან.
საცხოვრებელი ბინის შეძენაზე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება, აღნიშნული საცხოვრებელი ბინის ეკონომიკური საქმიანობაში გამოყენების დაუდასტურებლობის საფუძვლით, მართლზომიერია. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია ქონება, რომელზეც არ აქვს განხორციელებული დეკლარირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება 2021 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით შეძენილი საცხოვრებელი ბინის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, შემოწმებით მართლზომიერად იქნა შემცირებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შესაბამისად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მე-4 სადავო საკითხთან მიმართებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79; 90; 93; 202; 205; 275; 282
(2021 წლამდე მოქმედი): 157(1); 160; 161(1„ა“)