გადაწყვეტილება №20604/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20604/2/2023
13 .10. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს - - - -----ი (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს - - - -----ის 18.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20604/2/2023).
დავის საგანი:
სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2023 წლის №188315 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19775 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 400 ლარი.
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 წლის №21-14/45807 წერილის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნისგან გამოთხოვილ იქნა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ: 1.01.2020-1.03.2023 წლების საანგარიშო პერიოდების, სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სარეალიზაციოდ განკუთვნილი ხორცის წარმოებასთან დაკავშირებით (კერძოდ, ცოცხალი ღორის დაკვლის შედეგად მიღებული დანაკარგების ოდენობა; ცოცხალი ღორის შენახვასთან, გაზრდასთან და გამრავლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით). ინფორმაციის წარდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა ხუთი სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ წერილს მომჩივანი ელექტრონულად გაეცნო იმავე დღეს, თუმცა მითითებულ ვადაში გადამხდელს მოთხოვნილი ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადამხდელის მიმართ 14.06.2023 წელს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188315, რომლის საფუძველზეც მომჩივანი დაჯარიმდა 400 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.08.2023 წლის №19775 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველო ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 279-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტავს, გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელი განმარტავს, რომ 6.06.2023 წლის №21-14/45807 წერილის გაცნობის დროს კომპანიის ბუღალტერი იმყოფებოდა შვებულებაში, ამასთანავე ინფორმაციის/დოკუმენტაციის მომზადების და აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენის დრო ემთხვეოდა საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის პერიოდს, რის გამოც კომპანიის ბუღალტრის მხრიდან განხორციელდა კომუნიკაცია აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან და ითხოვა ინფორმაციის წარდგენის ვადის ორი დღით გადავადება, თუმცა აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული და მოხდა გადამხდელის დაჯარიმება. აღნიშნავს, რომ 20.06.2023 წელს აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე დაყრდნობით ჯარიმისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის მიხედვით:
1.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
4.საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭოს საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნისგან არაერთგზის იქნა ინფორმაცია მოთხოვნილი (კერძოდ, ცოცხალი ღორის დაკვლის შედეგად მიღებული დანაკარგების ოდენობა; ცოცხალი ღორის შენახვასთან, გაზრდასთან და გამრავლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით), თუმცა მომჩივნის მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა არ განხორციელებულა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების და დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2023 წლის №21-14/45807 წერილის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნისგან გამოთხოვილ იქნა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ: 1.01.2020-1.03.2023 წლების საანგარიშო პერიოდების, სასაქონლომატერიალური ფასეულობების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სარეალიზაციოდ განკუთვნილი ხორცის წარმოებასთან დაკავშირებით.
ინფორმაციის წარდგენა გადასახადის გადამხდელს დაევალა ხუთი სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ წერილს მომჩივანი ელექტრონულად გაეცნო იმავე დღეს, თუმცა მითითებულ ვადაში გადამხდელს მოთხოვნილი ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტისთვის არ წარუდგენია. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადამხდელის მიმართ 14.06.2023 წელს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი , რომლის საფუძველზეც მომჩივანი დაჯარიმდა 400 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.08.2023 წლის №19775 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველო ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების და დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(1 „დ“,4); 70(1 „ა“); 269(7); 279(1);