გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობა N 2425

2425 გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობა 12.02.2018
№ დოკუმენტი 2425
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობა N 2425

ფაქტობრივი გარემოებები

· საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმომ საანგარიშო პერიოდში არ წარადგინა ან შემცირებული თანხით წარადგინა როგორც გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია, ასევე საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია.

· ვარიანტი I: საწარმომ საანგარიშო თვეში დაქირავებულ პირებზე გასცა ხელფასი.

· ვარიანტი II: საწარმოს დაქირავებულმა პირმა ამავე საწარმოსაგან საანგარიშო თვეში მიიღო უპროცენტო სესხი.

· ვარიანტი III: საწარმომ დაქირავებულ პირებს გადასცა საქონელი

შეფასება

· სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

· „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 39-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელსაც ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება, ვალდებულია შემოსავლების მიმღები პირის შესახებ არაუგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოსთვის წარადგინოს ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ.

· სამივე ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის ხელფასის გაცემის, აგრეთვე, განაცემის არაფულადი ფორმით გაცემის ფაქტი, საწარმოს წარმოეშობა საგადასახადო აგენტისა და, შესაბამისად, დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება. ამასთანავე, საწარმო ვალდებული იყო სწორად აესახა სარგებლის ღირებულება განაცემების შესახებ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ ინფორმაციაში.

ღონისძიებები

· სამივე ვარიანტში: დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, პირი დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმით.

· სამივე ვარიანტში: საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის თვის/არასრულად წარდგენისთვის პირი დაჯარიმდება სსკის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის თანხით - 100 ლარით.

სიტუაციური სახელმძღვანელო არ არეგულირებს ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის მიხედვით საწარმოს შემოსავლის/მოგების გადასახადის განსაზღვრის საკითხებს

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 30 იანვრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით