დღგ-ის ჩათვლა შეძენილ და ლიზინგით მიღებულ ძირითად საშუალებებზე N 1189

1189 დღგ-ის ჩათვლა შეძენილ და ლიზინგით მიღებულ ძირითად საშუალებებზე 28.10.2015
№ დოკუმენტი 1189
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის ჩათვლა შეძენილ და ლიზინგით მიღებულ ძირითად საშუალებებზე N 1189

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს დღგ-ის გადამხდელ რეზიდენტ პირთან ლიზინგის საგანზე დადებული აქვს ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, რომელზეც სალიზინგო გადასახდელს იხდის ყოველთვიურად. ამავე საწარმოს შეძენილი აქვს დღგ-ის გადამხდელი რეზიდენტი პირისგან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (ტრაქტორი). საწარმო აღნიშნულ ძირითად საშუალებას (ტექნიკას) იყენებს დღგ-ით დასაბეგ ოპერაციებში. საწარმო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა ლიზინგის და შეძენილი ტექნიკის მიღებიდან შვიდი თვის გასვლის შემდეგ

· საწარმომ დღგ-ის რეგისტრაციის მომენტში, მის ბალანსზე არსებულ ექსპლუატაციაში შესულ ძირითად საშუალებებზე (მათ შორის, ლიზინგის საგანზე) სრულად მოახდინა დღგ-ის ჩათვლა

შეფასება

· სსკ-ის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარის (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადაც ერთ წელზე მეტია. სსკ-ის მე-14 მუხლის შესაბამისად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. მომსახურებას მიეკუთვნება ქონების გაცემა ქირით, იჯარით ან ლიზინგით

· სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე. სსკ-ის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა'' ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე

· ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირი ვერ მიიღებს დღგ-ის ჩათვლას საქართველოში შეძენილ იმ ძირითად საშუალებებზე, რომლებიც დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის ექსპლუატაციაში არის შესული, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე ლიზინგით აღებულ ძირითად საშუალებებთან მიმართებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდის კუთვნილ გადასახდელებზე

ღონისძიებები

· გადასახადის გადამხდელს, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, დაეკისრება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით