გადაწყვეტილება №19888/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19888/2/2023
31 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- 6.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19888/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23687 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №041-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8993 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 29 279,01 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 13 358
ჯარიმა - 6 679
საურავი - 9 242,01
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სოფლის მეურნეობის პროდუქტის, ხორცის, პირველადი მიწოდება. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 მარტის №5658 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდში შპს „------------“ მიწოდებული პროდუქციის ფარგლებში მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოების გამო:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდზე გადამხდელს ერთობლივი შემოსავალი არ დაუდეკლარირებია. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, მეწარმის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული დოკუმენტაციისა და საქონლის შესყიდვის აქტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდში გადამხდელს შპს „-----------“ (ს/ნ ----------) მიწოდებული აქვს 2018 წელს 481 303 ლარის, ხოლო 2019 წელს 545 624 ლარის ღირებულების საქონლის ხორცი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს" №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად განისაზღვრა მიღებული შემოსავლის 75%. შედეგად, საგადასახადო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 6 აპრილის №10204 ბრძანება და 7 აპრილის №041 –17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23687 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი მტკიცებულებები შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 14 სექტემბრის №23687 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის დასკვნის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება შემცირდა სულ 56 982 ლარით, (გადასახადი 37 988 ლარი, ჯარიმა 18 994 ლარი). აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 თებერვლის №041-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
კორექტირებული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის N8993 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მიუთითებს, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული საქონლის შესყიდვის აქტები, რომელთა შესწავლის საფუძველზეც გადაანგარიშების ეტაპზე გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს სსკ-ის 82-ე მუხლის პირველ ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრისას, შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს სსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად და დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის N1162 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. გადამხდელს განესაზღვრა გამოსაქვითი ხარჯი მიღებული შემოსავლის 75 პროცენტი.
საგადასახადო ორგანოს ამ პოზიციის საპირწონედ წარდგენილია საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია. სამწუხაროდ, ვერ წარადგინა ხარჯების დამადასტურებელი ის დოკუმენტაცია, რომელსაც თავად ეწევა და შეუძლებელია მათი დოკუმენტურად დადასტურება. თუმცა ამ დოკუმენტაციის მოძიება არ არის შეუძლებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. რასაც კიდეც ავალდებულებს კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს.
1. აქვს ხარჯი სასაკლაოს მომსახურებისათვის; მოგეხსენებათ, რომ შპს ,,----------“ მიერ გაფორმებული საქონლის შესყიდვის ხელშეკრულების და შესყიდვის აქტების სტანდარტული ფორმების თანახმად, (იხ. დანართი, საქონლის შესყიდვის ხელშეკრულება, მუხლი 1.2), შპს ,,---------“ ხორცის შესყიდვისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიკლას სპეციალურ სასაკლაოზე და ხორცის ვარგისიანობაზე წარმოდგენილი იქნას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული მოწმობა, ფორმა N2. სასაკლაოს მომსახურება, ერთ სულზე ღირს 40 ლარი. მისი გადახდის საკითხი არის შეთანხმების/ მოლაპარაკების თემა. ძირითადად, ამ ხარჯს თანაბრად იყოფს გამყიდველი და მყიდველი, (საქონლის შესყიდვის ხელშეკრულება, 3.1 მუხლი).
2. აქვს ხარჯი, საქონლის დროებით შენახვისათვის (საკვები). საკვების ხარჯი არ არის გათვალისწინებული მისი ერთობლივი შემოსავლის გამოყვანისას. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ხარჯის მიმართ გამოიყენოს სხვა მეწარმე ფიზიკურ პირებთან დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ რამდენი ლარის საკვებია საჭირო ერთი სული საქონლის გამოსაკვებად.
3. აქვს ხარჯი, პირუტყვის გადაადგილებისათვის სასაკლაომდე - ტრანსპორტირების ხარჯი. არცერთი ხარჯი გათვალისწინებული არ არის და ეს საკითხები მოითხოვს დამატებით შესწავლას. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს 2018-2019 წელებში მისი დასაბეგრი შემოსავლის კორექტირება ზემოაღნიშნული გარემოებების, არგუმენტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით. 3.N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს თაობაზე მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის დეპარტამენტს ვერ მიაწოდა სხვა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მიმართ და არც ადმინისტრაციულ ორგანოს მოუკვლევია ეს საკითხი, უკიდურეს შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას - N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს (ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა) საფუძველზე დამკვიდრებული პრაქტიკა. იმ შემთხვევაში თუ აუდიტის დეპარტამენტი გაითვალისწინებს N0256 სიტუაციურ სახელმძღვანელოს, მისი ვალდებულება ბიუჯეტის მიმართ შეიცვლება/შემცირდება და ის დაუახლოვდება რეალობას.
4. საგადასახადო ორგანომ შეამოწმა გადასახადის გადამხდელი 2021 წელს. შემოწმდა 2018 და 2019 წელი. შემდეგ პერიოდში (2020 და 2021 წელი) გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობა არ უფიქსირდება. მიუხედავად ამისა: გადამხდელს დაერიცხა 2019 წლის შედეგების მიხედვით, მიმდინარე გადასახადები შემდეგი სახით: 15.05.2020 -1912 ლარი;15. 07.2020 – 1912 ლარი;15.09.2020 – 1912 ლარი;15.12.2020 – 1912 ლარი; სულ - 7647 ლარი, რომელიც შემცირდა 31.03.2021 თარიღით. მიმდინარე გადასახდელების თანხებზე, შემცირებამდე (31.03.2021), დარიცხულია საურავები, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის - 2020 წლის - მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება) არის ნული, ანუ მცირდება არანაკლებ 50 პროცენტით, გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით, მიმდინარე გადასახდელები მას არ უნდა დაერიცხოს, სსკ-ის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად. ხოლო სსკ-ის დათქმა, რომ საავანსო გადასახდელების არ დარიცხვის თაობაზე გადასახადის გადამხდელმა უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს წინასწარ, მის შემთხვევაში, უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ამ საკითხის შეფასების ვალდებულება გადმოდის საგადასახადო სამსახურების მხარეზე. ითხოვს მოეხსნას 2019 წლის შედეგების მიხედვით 2020 წელზე დარიცხული საავანსო გადასახდელები, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი 2020 წლის 1 იანვრიდან უმოქმედოა.
5. საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა ცვლილება, დაემატა 272- ე მუხლის 21 -ე ნაწილი. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან“, საგადასახადო მოთხოვნა ეწინააღმდეგება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას, დარიცხული საურავის ნაწილში, რადგან საურავი დარიცხულია 01.04.2019 და 31.03.2020 პერიოდში და დარიცხვა უნდა შეწყდეს სრულად 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით. თუმცა, საურავის დარიცხვა, გადასახადის ძირითად თანხაზე, გრძელდება დღემდე. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, სხვადასხვა პერიოდულობით უნდა შეწყდეს ძირითად თანხაზე საურავის დარიცხვა.
6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით“. ითხოვს მოეხსნას დარიცხული ჯარიმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად.
მომჩივანი მოთხოვს, ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის N8993 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის N041-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23687 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი მტკიცებულებები შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული საქონლის შესყიდვის აქტები, რის საფუძველზეც გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მიერ მითითებულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23687 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23687 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23687 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული საქონლის შესყიდვის აქტები, რის საფუძველზეც გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21);