ბრძანება N 4671
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4671
13.03.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ "------" (პ/ნ "------")
(მის.: "------" )
2022 წლის 18 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ფ/პ "------" (პ/ნ "------") №68239/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 აგვისტოს №063-26 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს. განმარტავს, რომ არის მეცხვარე, ჰყავს თავისი კუთვნილი ცხვრის ფარა. 2018 წელს შპს „-------“ საკუთარ ცხვართან ერთად მიჰყიდა თანასოფლელების ცხვარიც 54 180 ლარის ღირებულებით, ვინაიდან, მათ თან არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. განმარტავს, რომ "------"-ის (პ/ნ "------" ) სახელით ჩააბარა 22 000 ლარის საქონელი, "------"-ის (პ/ნ "------") სახელით - 14 000 ლარის საქონელი, "------"- ის ( პ/ნ "------" ) სახელით - 18 180 ლარის საქონელი. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილია ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 7 ივლისის №22066 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ "------" - ის (პ/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018 და 2019 წლების საანგარიშო პერიოდებში შპს „------“-ზე (ს/ნ "------" ), შპს „-------“ (ს/ნ "------") და შპს „-------“ (ს/ნ "------") მიწოდებული ცხვრის რეალიზაციის ფარგლებში მიღებული შემოსავლის საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 22 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2021 წლის 2 აგვისტოს №25364 ბრძანება და ამავე თარიღის №063-26 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელს დამატებით საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 22 094 ლარით, მათ შორის: გადასახადი 11 466 ლარი, ჯარიმა 5 733 ლარი და საურავი 4 895 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12812 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12812 ბრძანება და საჩივარი ზემოაღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე, შემოსავლების სამსახურის და საგადასახადო ორგანოს შეფასებებზე და მიაჩნია, რომ სადავო საკითხი (მათ შორის საჩივარზე დართული განმარტებები (ნოტარიულად დამოწმებული, დამოწმდა ხელმოწერის ნამდვილობა)) საჭიროებს დამატებით შესწავლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
ფ/პ "------" არის არამეწარმე ფიზიკური პირი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში 2019 წლის 22 მაისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N "------" საქმეზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის განზრახ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ჩატარდა რამდენიმე კომპანიის საგადასახადო შემოწმება. ზემოაღნიშნული შემოწმებების შედეგად გამოვლენილ იქნენ ფიზიკური პირები, რომელთა მიერ წლიურად ცხვრის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები აღემატებოდა 200 000 ლარს. ფ/პ "------" შემოწმებით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში (კერძოდ, 2018 წელს) შპს „-------“ (ს/ნ "------") მიაწოდა ცხვარი სულ 229 319 ლარის ოდენობით. გადამხდელს აღნიშნული შემოსავლები დეკლარირებული არ აქვს. გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ შემოსავლებთან დაკავშირებულ გამოქვითვებს, გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. შედეგად, ფ/პ "------"-ის მიერ მიღებულ შემოსავალს და ხარჯებს შორის სხვაობა სულ 57 330 ლარი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ "------" - ის (პ/ნ "------" ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს მიღებული შემოსავლები დეკლარირებული არ აქვს. გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლები ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ შემოსავლებთან დაკავშირებულ გამოქვითვებს, გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის სიტუაციური სახელმძღვანელო.მოჩივანს დაერიცხა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, გამოიკვლიოს სადავო საკითხი და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),79,80,100,102,105