სსიპ-ის მიერ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა N 1199

1199 სსიპ-ის მიერ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა 12.08.2016
№ დოკუმენტი 1199
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სსიპ-ის მიერ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა N 1199

ფაქტობრივი გარემოებები

· საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ ფასიან მომსახურებებს, საკუთარი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში/პირობებში, უსასყიდლო მომსახურება გაუწია პირებს

· სსიპ-მა პირებს გაუწია უსასყიდლო მომსახურება, რომლის გაწევის პირობები (მათ შორის, საფასურის გარეშე) განსაზღვრული იყო სამართლებრივი აქტით (კანონით, საქართველოს მთავრობის /ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სამართლებრივი აქტით). სსიპ-მა უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება არ დაბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით

შეფასება

· სსკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების, ეროვნული მარეგულირებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების გაწევისა. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა საწარმომ. სსკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. ამავე კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირები ითვლებიან ორგანიზაციებად. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ორგანიზაცია ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მისი ქონებისა და საქმიანობის ნაწილი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ითვლება საწარმოს ქონებად და საქმიანობად, ხოლო იმ ნაწილში, სადაც ამის გამიჯვნა შეუძლებელია, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქონებისა და საქმიანობის გამოანგარიშების მიზნით გამოიყენება ორგანიზაციის მიერ მიღებულ შემოსავალში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილი. სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა

· ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სსიპ წარმოადგენს ორგანიზაციას. იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ-ის მიერ მომსახურების გაწევა არ ხდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, არამედ აღნიშნული დაკავშირებულია მისთვის კანონმდებლობით უშუალოდ მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, სსიპ-ის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაწეული უსასყიდლო მომსახურება არ განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად. ამდენად, სსიპ-ის მიერ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით უშუალოდ მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით, საფასურის გარეშე განხორციელებული საქმიანობა, გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება

სსიპ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ ფასიან მომსახურებებს

მომსახურების მიმღებ პირთა წინასწარ იდენტიფიცირება შეუძლებელია

მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის იხილეთ №2528 სიტუაციური სახელმძღვანელო

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით